დასწავლის უნარის დარღვევა კითხვის სირთულეებით

 

რა არის დისლექსია?

დასწავლის უნარის დარღვევა (ICD-11-ის მიხედვით დასწავლის უნარის განვითარების დარღვევა) ხასიათდება აკადემიური უნარების მნიშვნელოვანი და დროში მდგრადი პრობლემებით, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს არითმეტიკის, კითხვისა და წერის სირთულეებს. იგი უმეტესწილად თავს იჩენს დაწყებით კლასებში, როდესაც ხდება აკადემიური უნარების ათვისება. მის ერთ-ერთ გავრცელებულ კატეგორიას წარმოადგენს დასწავლის უნარის დარღვევა კითხვის გამოხატული სირთულეებით, ასევე ცნობილი როგორც დისლექსია.  იგი ხასიათდება მდგრადი და მნიშვნელოვანი სირთულეებით კითხვასთან დაკავშირებულ აკადემიურ უნარებში, კერძოდ:

⭕სიტყვის ზუსტად ამოკითხვა

⭕შეუფერხებლად/თავისუფლად კითხვა (კითხვის ტემპი და მოქნილობა)

⭕წაკითხულის გააზრება. 

 

ინდივიდის კითხვის უნარის განვითარების დონე ჩამორჩება მის ქრონოლოგიურ ასაკსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დისლექსიის დროს კითხვის პრობლემა არ არის გამოწვეული:

📍ინტელექტუალური დარღვევით

📍სენსორული სირთულეებით (მხედველობა, სმენა)

📍ნევროლოგიური აშლილობით

📍განათლების შესაძლებლობის ნაკლებობით

📍სასწავლო ენის (რომელზეც აკადემიური პროცესი მიმდინარეობს) ცოდნის ნაკლებობით 

📍ფსიქოსოციალური პრობლემებით.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კითხვის სირთულეები გამოიხატება სამი ფორმით, ესენია: სიტყვის ზუსტად / სწორად წაკითხვა, კითხვის ტემპი და მოქნილობა და წაკითხულის გააზრება. განვიხილოთ, რა ტიპის შეცდომები შეიძლება დაუშვას ადამიანმა ამ სამი კატეგორიის მიხედვით.

 

სიტყვის სწორად წაკითხვა:

◾გამოტოვება – კითხვისას ბავშვი ტოვებს ასოებს, სიტყვას ან სიტყვების მთელ ჯგუფს. მაგალითად, წერია „ტყემალი“, კითხულობს „ყემალი“; წერია „ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს ეღვიძებოდა“, კითხულობს „ყოველ ღამე ეღვიძებოდა“; 

◾დამატება – კითხულობს ასოს ან სიტყვას, რომელიც არ არის ტექსტში მოცემული. მაგ., „წვიმა დაიწყო“, კითხულობს „წვიმამ დაიწყო“;

◾ჩანაცვლება – ჩაანაცვლებს სიტყვას სხვა სიტყვით ან სიტყვებით. მაგ., წერია „მტრედი“, კითხულობს „მტერი“

◾ინვერსია – გადაანაცვლებს (არათანმიმდევრულად კითხულობს) ასოებს სიტყვაში ან სიტყვებს წინადადებაში. „წიგნი“, კითხულობს „წინგი“; „დედამ გიო დაარიგა“, კითხულობს „გიომ დედა დაარიგა“; 

◾მცდარი წარმოთქმა – გამოთქვამს სიტყვას ისე, რომ შეუძლებელია სარწმუნოდ თქმა, წაიკითხა თუ არა ტექსტში მოცემული სიტყვა. „მტრედებმა“ ამბობს „მტრბმა“, შეუძლებელია თქმა, წაიკითხა თუ არა სიტყვა „მტრედებმა“; 

 

კითხვის ტემპი და მოქნილობა: 

◾მერყეობა – მოსწავლე ყოვნდება, მანამ ხმამაღლა წარმოთქვამს სიტყვას. წინადადებას -  „დედამ გიო დაარიგა“, კითხულობს „... (პაუზა) დედამ ... (პაუზა)გიო...(პაუზა) დაარიგა“; 

◾სასვენი ნიშნების უგულებელყოფა – არ ითვალისწინებს პუნქტუაციის წესებს, მაგ., არ ჩერდება, როცა წინადადება მთავრდება, არ გამოხატავს კითხვის ნიშანს შესაბამისი ინტონაციით. მაგ., „დღეს ხუთშაბათია?“ კითხულობს „დღეს ხუთშაბათია.“

 

წაკითხულის გააზრებისას გამოვლენილი სირთულეები (შეიძლება 3 ნაწილად დავყოთ):

◾ბაზისური ფაქტების აღდგენის სირთულე - ბავშვს არ ახსოვს, მაგალითად, რა ერქვა მთავარ გმირს; 

◾თანმიმდევრობის აღდგენის პრობლემა - ახსოვს ბაზისური ფაქტები, მაგრამ უჭირს ამბის თანმიმდევრულად გადმოცემა ან დასახელებული მოვლენების თანმიმდევრობის განსაზღვრა, (მაგ., არ ახსოვს ტექსტში ბიჭმა ჯერ საჩუქრები გახსნა და შემდეგ ჩააქრო სანთლები ტორტზე თუ პირიქით); 

◾ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამოდიფერენცირების პრობლემა - ვერ ასახელებს ძირითად თემას, შესაბამისად, უჭირს მოკლე შინაარსის გამოტანა, დასათაურება. 

გასათვალისწინებელია, რომ წასაკითხი მასალის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი და კლასი. 

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გამოვლინებებისა, რა მახასიათებლებით შეგვიძლია კითხვის სირთულის მქონე ბავშვების ამოცნობა?

➢კითხვისას მოუსვენრად გრძნობს თავს, აღენიშნება ზედმეტი მოძრაობები; 

➢უჭირს ხმისა და ტონის კონტროლი; 

➢ცდილობს სხვა თემაზე გადაიტანოს პედაგოგის ყურადღება, ტირის, უარს ამბობს წაკითხვაზე; 

➢უცნაურად ამოძრავებს თავს კითხვისას; 

➢კლასში კითხვის დროს იწყებს პრობლემურ ქცევას;

➢აპროტესტებს მეცადინეობას

➢საკითხავი მასალა ძალიან ახლოს მიაქვს თვალებთან



ემოციური სფერო დისლექსიის მქონე ბავშვებში

დისლექსიის დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვის ინტელექტის მაჩვენებელი ნორმაშია. მას აქვს პოტენციალი, იყოს წარმატებული აკადემიურ სფეროში, თუმცა კითხვის სირთულის გამო მნიშვნელოვანი განსხვავებაა სწავლის პოტენციალსა და სასკოლო მიღწევებს შორის.  დისლექსიის განხილვისას ნაკლებად ექცევა ყურადღება ბავშვის ემოციურ სფეროს. მასწავლებლები და მშობლები მარტივად ამჩნევენ კითხვისა და წერის პრობლემებს, თუმცა ყურადღების მიღმა რჩებათ ბავშვის დაუღალავი მცდელობა, რომ გაამართლოს საკუთარი და გარშემომყოფთა მოლოდინები. ხშირად ბავშვებს აღენიშნებათ  მოტივაციის ნაკლებობა, დაბალი თვითშეფასება და ბრაზი, ეს პრობლემები კი კიდევ უფრო მწვავდება სკოლაში წნეხის და მოთხოვნების გაზრდის ფონზე.  

  გარშემომყოფები ხედავენ ბავშვს, როგორც  მხიარულსა და ენთუზიაზმით სავსეს, რომელიც არ სწავლობს კითხვასა და წერას. საზოგადოებისა და მშობლების დაახლოებით ნახევარს მიაჩნია, რომ დასწავლის უნარის დარღვევა უბრალოდ სიზარმაცეა. ხშირად ბავშვებს ესმით ფრაზა “ რა კარგი ბავშვია, ნეტა ცოტა უფრო მეტს ცდილობდეს”.  რეალურად, ზუსტად არავინ იცის, რამდენს შრომობს და ცდილობს ბავშვი. ბავშვებისთვის განსაკუთრებით რთული და მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სხვების მიერ მათ მიმართ არსებულ მოლოდინებს ვერ ამართლებენ, ერთადერთი რამ, რასაც ამაზე უფრო მძაფრად განიცდიან, არის საკუთარი მიზნების მიუღწევლობა.   

  როცა დისლექსიის მქონე ბავშვი შედის სკოლაში, იგი ხვდება სამყაროში, რომელშიც მათი შესაძლებლობები და ძალები განსხვავდება გარშემო მყოფებისგან. ის, რაც მარტივია მათი თანატოლებისთვის, რთული ან შეუძლებელია მათთვის. ამ დროს მათი რეაქციები (მოქმედებები) მიმდინარე მოვლენებზე შეიძლება განვიხილოთ ორი მხრიდან. პირველ შემთხვევაში, ისინი ახდენენ საკუთარი თავის უსუსურად აღქმას და როცა კითხვის პროცესის წინაშე დგებიან ამჟღავნებენ მომატებულ შფოთვას, რაც, მაგალითად, გამოიხატება კანკალსა თუ ჭარბ ოფლიანობაში. ამ ბავშვებს, შესაბამისად, აქვთ დაბალი თვითშეფასება და ნეგატიური ფიქრები საკუთარ თავზე, რომელიც განზოგადებულია მათი მოქმედების ყველა ასპექტზე და მთელს თავიანთ ცხოვრებას აღიქვამენ, როგორც წარუმატებლობას. მეორე მხრივ, შესაძლოა, მათ სხვა სფეროში წარმატებულობის განცდით დააკომპენსირონ ეს ყველაფერი, მაგალითად, გახდნენ კლასის გამრთობები, შეიქმნან ინდიფერენტულობის იმიჯი, რითაც დამალავენ საკუთარი წარუმატებლობის განცდას და განახორციელებენ დევიანტურ ქცევებს. 

ზოგი მათგანი შფოთვასთან გასამკლავებლად პერფექციონისტულ მოლოდინებს ივითარებს. ისინი იზრდებიან იმ რწმენით, რომ შეცდომის დაშვება ტრაგედიაა. შესაბამისად, წვრილმანი შეცდომების შემთხვევაშიც თავს არაკომპეტენტურად თვლიან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს პირად და სოციალურ ცხოვრებაში სირთულეებს.

 კვლევებით დასტურდება კავშირი დისლექსიასა და ბავშვობის ასაკში ფსიქოსოციალურ პრობლემებთან, მათ შორის შფოთვა, აგრესია, დაბალი თვითშეფასება აკადემიურ სფეროში. ასევე, კვლევებით არის დადასტურებული, რომ დაბალი თვითეფექტურობის ბავშვებს აღენიშნებათ უფრო მეტი სომატური სიმპტომი (თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი), როდესაც სასკოლო დავალებების შესრულების დრო დგება. დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლების თითქმის ნახევარი აღნიშნავს, რომ მისი შვილი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო;

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ სწორი სტრატეგია და მიდგომა დისლექსიის მქონე ბავშვთან მუშაობის დროს.  სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მდგომარეობის ობიექტური შეფასება სპეციალისტის მიერ და შემდგომ სპეციალისტის მუშაობა ბავშვთან თერაპიულ გარემოში. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თერაპიების პარალელურად მნიშვნელოვანია სახლსა და სკოლაში შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა და ბავშვთან მუშაობა. სკოლას, მშობელს, მასწავლებლებს და სპეციალისტს შორის კომუნიკაციის გაძლიერება და კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია. 

 

რეკომენდაციები

როგორც სახლში, ასევე სკოლაში შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდები ე.წ. “კითხვის ტექნიკები”, რომლებიც დაეხმარება ბავშვს. ესენია:

დანაწევრება - ეს მიდგომა ითვალისწინებს ინფორმაციის ან/და ამოცანის დანაწევრებას მცირე ზომის ნაწილებად.  მაგალითად, დიდი მოცულობის ტექსტის შემთხვევაში ბავშვის დამოკიდებულება შეიძლება იყოს უარყოფითი, თუმცა თუ მას დავეხმარებით ტექსტის ნაწილებად დაყოფაში და მის დღეებზე/საათებზე გადანაწილებაში, ბავშვი ისწავლის, რომ მცირე ზომის ნაწილებიდან ინფორმაციის შენახვა და ორგანიზება უფრო მარტივად და მეტად ეფექტურად არის შესაძლებელი.

წყვილში კითხვა - აღნიშნული ტექნიკა ეხმარება ბავშვს კითხვის გაუმჯობესებაში. შეიძლება მშობელთან/ მასწავლებელთან ერთად პარალელურად იკითხოს, ან ჯერ მშობელმა წაიკითხოს და შემდეგ ბავშვმა. შეცდომის შემთხვევაში უნდა მივანიშნოთ ბავშვს და მივცეთ დრო, რომ თავად გამოასწოროს. თუ ვერ შეძლებს, მშობელი უსწორებს. ასევე პუნქტუაციის დაცვის პრობლემების შემთხვევაში შეიძლება ვიზუალურად ხაზებით გამოყოფა წინადადების დასასრულის. (თუმცა შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს ვიზუალური მასალის - ხაზების - მოშორება).

განმეორებითი კითხვა - ბავშვისთვის ვარჩევთ 50-100 სიტყვიან ტექსტს, ვაკითხებთ, ვინიშნავთ სწორად წაკითხული სიტყვების რაოდენობას. ბავშვს ვეუბნებით რომ ივარჯიშოს და შემდეგ ხელახლა ხდება იგივე ტექსტის წაკითხვა. ვაფიქსირებთ გაუმჯობესებას, რაც ზრდის მოტივაციას.

ვიზუალიზაცია - წაკითხულის გააზრების გაუმჯობესებისთვის შეიძლება მოსწავლეს ვთხოვოთ დაგვიხატოს რაც წაიკითხა, ეს ხელს შეუწყობს, როგორც ტექსტის დამახსოვრებას, ასევე გაგებას. შეიძლება, ასევე, ვთხოვოთ „გონების თვალით“ დაინახოს წაკითხული მასალა,წარმოიდგინოს  იგი. ასევე,  შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ვიზუალური ორგანიზატორები (მაგ. ფოტოების ჩასმა).

 

რა შეიძლება გავაკეთოთ სახლის პირობებში?

🟣შექმენით გარემო კითხვისთვის (მაგ. კუთხე კითხვისთვის, წიგნების თარო და სხვ.), ეს გაზრდის ბავშვის ინტერესს და წაახალისებს მას. 

🟣მნიშვნელოვანია, ბავშვის ფონოლოგიური ცნობიერების ამაღლება, რაც გულისხმობს ფონოლოგიური ანალიზისა (სიტყვების ბგერებად დაშლა და სხვადასხვა ბგერის ლოკალიზაციის, რიგის განსაზღვრა) და სინთეზის (ბგერებად / მარცვლებად მიწოდებული სიტყვების გაერთიანება) დავალებების შესრულებას. აღნიშნული სავარჯიშოები დაეხმარება ბგერათა შემადგენლობის სრულ აღქმაში. გამოიყენეთ როგორც რეალური (მაგ. ძაღლი), ასევე გამოგონილი სიტყვები (მაგ: ნარგილა).

🟣როდესაც ბავშვს ტექსტის წაკითხვას სთხოვთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მასალა შეესაბამება მის შესაძლებლობებს. ასევე მიაწოდეთ დიდი ზომის შრიფტით ნაბეჭდი მასალა. ეს გაამარტივებს კითხვის პროცესს და ამავე დროს შექმნის დადებით განწყობას, რადგან მოსწავლეს ექნება განცდა, რომ მან ბევრი წაიკითხა

 

რა შეიძლება გავაკეთოთ სასკოლო გარემოში?

🟣არ მოსთხოვოთ კითხვის სირთულის მქონე ბავშვს კლასის წინაშე ტექსტის წაკითხვა, გამონახეთ დრო ერთი-ერთზე მის მოსასმენად. 

🟣არ მისცეთ მოსწავლეებს ერთმანეთისთვის სახალხოდ შენიშვნის მიცემის უფლება. ხმამაღლა კითხვისას მათ უნდა იცოდნენ, რომ მითითებებს მხოლოდ პედაგოგი იძლევა. თანაკლასელებისგან მიღებულმა შენიშვნებმა და შეცდომებზე მითითებამ, შეიძლება დაამძიმოს დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლის ემოციური მდგომარეობა და საფუძვლად დაედოს ნეგატიურ დამოკიდებულებას კითხვისადმი;

🟣შექმენით პოზიტიური სასწავლო გარემო, რაც გაზრდის მოსწავლეების სოციალურ ჩართულობას და შეამცირებს მათ იზოლაციას.

🟣გაუმახვილეთ მოსწავლეებს ყურადღება მონიტორინგის მნიშვნელობაზე. ჩვევად გადააქციეთ, რომ გაჩერდნენ და თავიდან წაიკითხონ ტექსტი, თუ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოიტანეს;

🟣მნიშვნელოვანია სკოლას, მშობელს, მასწავლებლებს და სპეციალისტს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მოქმედებებისთვის. ასევე არსებითია, სკოლის შიგნით სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს მსგავსი მიდგომა ჰქონდეთ. 

🟣მოსწავლის ჩართულობის გასაძლიერებლად დასახეთ მათთან ერთად მიღწევადი მიზნები. როცა ისინი ჩართულები არიან მიზნის დასახვასა და გეგმის შექმნაში (მაგ. აარჩევინეთ რომელი ტექსტის დამუშავება სურთ პირველი), უფრო დიდი ინტერესითა და მოტივაციით ასრულებენ საქმეს. 

🟣მოსწავლის დემოტივაციის შემთხვევაში გამოიყენეთ სხვადასხვა განმამტკიცებლები კითხვის წასახალისებლად;

🟣მოსწავლეების თვითშეფასების ასამაღლებლად ყურადღება გაამახვილეთ მათ ძლიერ მხარეებზე, ასევე ხაზი გაუსვით მათ წარმატებას. დააფასეთ მოსწავლის ძალისხმევა და აჩვენეთ, რომ მათ შრომას/მცდელობას აფასებთ.

🟣დასახეთ მკაფიო მიზნები და შეფასების კრიტერიუმები. გამოიყენეთ დადებითი შესწორების ,,მწვანე კალმის” პრინციპი მოტივაციის შესანარჩუნებლად, იმგვარად, რომ ძალაში დარჩეს ბავშვისთვის წაყენებული მოთხოვნები, რომლებიც მიღწევადი იქნება. 

🟣ბავშვების წიგნიერების უნარების გასაუმჯობესებლად ხაზი გაუსვით საკვანძო სიტყვებს, გააანალიზებინეთ ახალი სიტყვები და დაუკავშირეთ ნასწავლი მასალა ერთმანეთს (ახალ და ძველ მასალას შორის კავშირების დამყარება). ეს ხელს შეუწყობს მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და ვერბალური უნარების გავარჯიშებას.

🟣შეცვალეთ გარემო ისე, რომ მასწავლებლებმა გამოიყენონ ვერბალური შენიშვნის ალტერნატივები.

  

ამ რეკომენდაციების გათვალისწინება უზრუნველყოფს უსაფრთხო და დაცული, მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას და შენარჩუნებას, სადაც დისლექსიის მქონე მოსწავლეებს შეეძლებათ თვითშეფასების და თავდაჯერებულობის გაზრდა.


ავტორები: ლელა სამუშია, ქრისტინე ჩილინგარაშვილი

 

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4


☎️574 15 02 14

გამოყენებული ლიტერატურა:

 

- დევაძე, ქ, მეტრეველი, მ & მიქელაძე, მ, 2022. დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია

- Sako, E. (2016). The emotional and social effects of dyslexia. European Journal of Interdisciplinary Studies, 2(2), 175-183.

 - Long, L., MacBlain, S., & MacBlain, M. (2007). Supporting students with dyslexia at the secondary level: An emotional model of literacy. Journal of Adolescent & Adult Literacy, 51(2), 124-134.

- Wilmot, A., Hasking, P., Leitão, S., Hill, E., & Boyes, M. (2023). Understanding mental health in developmental dyslexia: A scoping review. International journal of environmental research and public health, 20(2), 1653.

- Alexander-Passe, N. (2006). How dyslexic teenagers cope: an investigation of self-esteem, coping and depression. Dyslexia, 12(4), 256–275. doi:10.1002/dys.318