ბავშვთა და მოზარდთა ნეიროფსიქოლოგი


თუ შეაჩნიეთ, რომ თქვენი პატარა დროულად არ ვითარდება, დროულად ვერ ითვისებს ენას, მოქნილად ვერ მოძრაობს, არ თამაშობს მისი ასაკის შესაბამისად, უჭირს ბავშვებთან კომუნიკაცია, რთულია მისი ქცევის მართვა, საბავშვო ბაღში ვერ მიყვება თამაშის წესებს და მითითებებს, სასკოლო პერიოდში უჭირს აკადემიური უნარების, წერა-კითხვის, მათემატიკის ათვისება, საკლასო ოთახში რთულია მისი ყურადღების და ქცევის მართვა, ნეიროფსიქოლოგი დაგეხმარებათ ბავშვის პრობლემის იდენტიფიკაციაში, ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფსებაში, მისი დახმარებისა და მხარდაჭერის დაგეგმვაში და განვითარების სტიმულირებაში.

 


ზრდასრულთა ნეიროფსიქოლოგი


თუ აღმოაჩენთ, რომ გიჭირთ მასალის ათვისება, კითხვა, გაგიუარესდათ მეხსიერება, ყურადღება, მეტყველება, ვეღარ უმკლავდებით ყოველდღიურ ამოცანებს, სამსახურში აღარ ხართ ეფექტური თქვენი გულმავიწყობის, შენელებული ტემპის ან დაგეგმვის პრობლემების გამო, ნეიროფსიქოლოგი დაგეხმარებათ პრობლემის იდენტიფიკაციაში და დახმარების სტრატეგიის შემუშავებაში თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

 


ბავშვთა ფსიქოთერაპევტი


არ უჩივით ბავშვის განვითარებას, მაგრამ ბავშვს აწუხებს შიშები, შფოთავს, მოწყენილია, მიჯაჭვულია დედაზე და მის გარეშე არც იძინებს, არც რჩება საბავშვო ბაღში ან სკოლაში, უმართავი ქცევა აქვს, ბრაზიანია და ვერ აკონტროლებს თავის სიბრაზეს, ბავშვებთან აგრესიულად იქცევა, უფროსებთან და ბავშვებთან გამომწვევად იქცევა, აწუხებს უსიამოვნო აზრები, არ არის თვითდაჯერებული, ბავშვთა ფსიქოთერაპევტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ ბავშვის ემოციური სფეროს და ქცევის ცვლილება და ხელი შეუწყოს ბავშვს ემოციის ჯანსაღ რეგულაციაში, ქცევის თვით-მართვასა და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში.

 


ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტი


თქვენი ცხოვრების ამ მომენტში ეგზისტენციური კრიზისი გაქვთ, დაგიქვეითდათ გუნება-განწყობა, დაკარგეთ ინტერესი ცხოვრებისადმი, კონფლიქტის გარეშე ვერ ახერხებთ კომუნიკაციას საყვარელ ადამიანებთანაც კი, შფოთვა, შიშები და აკვიატებული აზრები გაწუხებთ, დაგეწყოთ უძილობა, გაღიზიანებული და უკმაყოფილო ხართ საკუთარი ცხოვრებით, ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტი დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენი რეალური ფსიქოლოგიური პრობლემა, აღიდგინოთ ფსიქოლოგიური ბალანსი, დაძლიოთ თქვენი ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემები.

 


ენისა და მეტყველების თერაპევტი


თუ თქვენი პატარა ჯერ კიდევ არ მეტყველებს, ვერ დააინტერესეთ ზღაპრით,  არ გისმენთ, როცა რაიმეს ეუბნებით, არასწორად გამოთქვამს ბგერებს, ან კარგად არ გესმით მისი ლაპარაკი,  ჩვენ დაგეხმარებით მისი ენისა და მეტყველების განვითარებაში.

თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი 3–დან 15 წლამდე ბავშვებისათვის გთავაზობთ კომპლექსურ ენისა და მეტყველების თერაპიას ბგერების სწორად გამოთქმის, მოქნილი და სწორი ლაპარაკის, ლექსიკური მარაგის გამდიდრების, ენის სწორად გამოყენების, ენობრივი კომუნიკაციის გაუმჯობესების მისაღწევად. 

 


ოკუპაციური თერაპევტი


თქვენ ბავშვს უჭირს ყოველდღიური თვითმომსახურების ჩვევების ათვისება - ტუალეტის ჩვევის, კვების, ჩაცმა-გახდის, დაბანის, შეზღუდა კვება და ამორჩევით იკვებება, ან არ ღეჭავს საკვებს, არ სინჯავს ახალ გემოს, უცნაურად იქცევა ხალხმრავლობაში, დაბადების დღის ცენტრში - ტირის, კივის, ითხოვს სახლში წასვლას, მწვავედ რეაგირებს სიახლეზე, ცვლილებაზე, არ იცვლის ტანსაცმელს ან ამოჩემებული აქვს ერთი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, წინააღმდეგობას გიწევთ ფრჩხილების დაჭრის, ყურების გამოწმენდის, თავის დაბანის, დავარცხნის, თმის შეჭრისას, არ კიდებს ხელს ზოგიერთ ფაქტურას, ან პრიქით ყველაფერს კიდებს ხელს და ეხება, ოკუპაციოური თერაპევტი დაგეხმარებათ ბავშვის პრობლემის იდენტიფიკაციაში, შეფასებასა და დახმარების სტრატეგიის შემუშავებაში.

 


ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ნეიროფიდბექი


თუ ბავშვი ან ზრდასრული უჩივის კონცენტრაციის პრობლემებს, მარტივად ეფანტება ყურადღება, ხშირად ვერ ასრულებს დავალებებს, აქვთ ყურადღების დეფიციტი, შფოთავს, უჭირს ემოციების მართვა, ძნელად იძინებს ან ხშირად ეღვიძება, განიცდის სტრესს ან ხშირად ეცვლება გუნება-განწყობილება, აწუხებს პერიოდული ან ქრონიკული თავის ტკივილები, მეხსიერების ან სწავლის სირთულეები, ძნელად ეგუება გარემოს ცვლილებას, ნეიროფიდბექი დაგეხმარებათ ამ გამოწვევებთან გამკლავებაში. ნეიროფიდბექი აუმჯობესებს თვითრეგულაციის უნარს, კონცენტრაციას, მეხსიერებას და ემოციურ სტაბილურობას.

 


ბავშვთა და მოზარდთა ჯგუფური ქცევითი თერაპია


თუ თქვენი შვილი ხშირად ბრაზდება, უჭირს ემოციების კონტროლი, არ ემორჩილება მითითებებს, ავლენს აგრესიულ ქცევას, აქვს სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობაში, საბავშვო ბაღში ან სკოლაში არღვევს წესებს, ქცევითი თერაპია დაგეხმარებათ ბავშვის პრობლემების მოგვარებაში. ბავშვი სწავლობს როგორ ამოიცნოს და აკონტროლოს საკუთარი ემოციები, განივითაროს პოზიტიური ქცევის სტრატეგიები და დაამყაროს ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები. ბავშვი თანატოლებთან ერთად, ასევე, სწავლობს თანამშრომლობას, ემპათიას და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას.

 


დისლექსიის ჯგუფური თერაპია


თუ თქვენს შვილს უჭირს კითხვა, ხშირად ურევს ასოებს ან სიტყვებს, კითხვისას არასწორად წარმოთქვამს სიტყვებს, ვერ იმახსოვრებს წაკითხულს და ეს ყოველივე გავლენას ახდენს მის თვითშეფასებასა და სასკოლო წარმატებაზე, დისლექსიის ჯგუფური თერაპია ბავშვს დაეხმარება კითხვის უნარების გაუმჯობესებასა და მოტივაციის ამაღლებაში. ჯგუფური თერაპია ბავშვებს სთავაზობს უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს, სადაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და ერთად მუშაობენ კითხვისა და კითხვის საფუძვლად მდებარე უნარების გავარჯიშებაში. თერაპიული აქტივობები მიმართულია არა მხოლოდ აკადემიური უნარების, არამედ თვითშეფასების, კომუნიკაციური უნარებისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების განვითარებისკენ.