რატომ არ უნდა შევადაროთ ბავშვები ერთმანეთს?

 

მშობლების მიერ ბავშვისთვის ნათქვამი ფრაზები ხშირად იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ერთ-ერთი ხშირი ფრაზა, რომელიც გამოირჩევა უარყოფითი ეფექტებით, არის ბავშვის სხვებთან შედარება.ერთი შეხედვით უწყინარმა ფრაზამ:

„რატომ არ შეგიძლია შენც გიორგისავით მოიქცე?“
„შეხედე, როგორ კარგად გამოსდის შენს დას მათემატიკა, შენც ესე უნდა აკეთო!“

შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობასა და თვითშეფასებაზე.

ბავშვების თანატოლებთან ან თუნდაც და-ძმებთან შედარება მშობლების მიერ ხშირად დაშვებული შეცდომაა. მშობლის მიზანი, შესაძლოა, ბავშვისთვის მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა, თუმცა, რეალურად, ამით სრულიად საპირისპირო შედეგს ვიღებთ.

 

განვიხილოთ, როგორ მოქმედებს სხვებთან შედარება ბავშვზე. შედარება:

 

 1- აქვეითებს თვითშეფასებას

როდესაც მშობლები ბავშვებს მუდამ სხვებს ადარებენ და მათთან მიმართებით აფასებენ, ბავშვები დაისწავლიან, რომ მათი ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, აჯობებენ თუ არა სხვებს. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის თვითშეფასებაზე. ისინი ხშირად ფიქრობენ: „არასდროს ვარ საკმარისად კარგი ისეთი, როგორიც ვარ.“ (მანამ სანამ არ დააკმაყოფილებენ გარკვეულ პირობებს და არ დაემსგავსებიან სხვას).  გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ზრდის დაუფასებლობის განცდას და შეიძლება უარყოფითად აისახოს მომავალ ურთიერთობებზე, კარიერულ განვითარებასა და ცხოვრების ხარისხზე

2- აღვივებს წყენას/ ბრაზს / აგრესიას

 ხშირმა შედარებამ შეიძლება გამოიწვიოს წყენა, როგორც მშობლის მიმართ („რატომ არ მაფასებ ისეთს, როგორიც ვარ“), ასევე იმ თანატოლების ან და-ძმის მიმართ, ვისაც მას ადარებენ (“გიორგის ბრალია, რომ დედას ჩემი შესრულებული დავალებები არ მოსწონს”). ადამიანი, რომელსაც ბავშვს ვადარებთ იქცევა ,,წარმატების საზომად”, რომლის მიმართაც ბავშვს მოგვიანებით შესაძლოა ბრაზი ან აგრესია გაუჩნდეს. ეს, თავის მხრივ, ართულებს როგორც ოჯახურ, ისე სოციალურ ურთიერთობებს.  

3-  მოქმედებს ბავშვის პიროვნულ თვისებებზე

 როცა ბავშვი მუდმივად სხვების ფონზე ფასდება, ის შეიძლება ჩამოყალიბდეს ზედმეტად კონკურენტულ, შეუწყნარებელ ან მუდმივად თავდაცვით პოზიციაში მყოფ პიროვნებად. ნაცვლად იმისა, რომ აფასებდეს საკუთარ ძლიერ მხარეებს და აღიარებდეს სხვების მიღწევებს, ბავშვი იწყებს სხვების მოწინააღმდეგეებად და კონკურენტებად აღქმას.

4- ზრდის დანებების რისკს
როცა ბავშვი გრძნობს, რომ რამდენადაც არ უნდა იშრომოს, მაინც ვერასოდეს გახდება სხვასავით კარგი, იწყებს ფიქრს: „მაშინ ჯობს საერთოდ აღარ ვცადო.“ ასეთ დროს ბავშვი თავს ანებებს დავალებებს და უარს ამბობს ახალი გამოწვევების მიღებაზე. მუდმივი შედარება ბავშვებს ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეაფასონ, როგორც მხოლოდ წარმატება ან წარუმატებლობა. მსგავსი დამოკიდებულებით ყურადღების მიღმა რჩებათ სწავლის, განვითარებისა და მრავალფეროვანი გამოცდილებების მიღების შესაძლებლობა.

5- ქმნის არასწორ სტანდარტს
ბავშვისთვის იდეალად ქცეული „სხვა“ ხშირად რეალობასთან აცდენილი სტანდარტია – მას შეიძლება ჰქონდეს განვითარების განსხვავებული ტემპი, უნარი ან შესაძლებლობა. შედეგად, ბავშვი სწავლობს, რომ მთავარი არა საკუთარი პროგრესი, არამედ სხვის „დონეს“ მორგებაა. ისინი ფიქრობენ იმაზე, რამდენად გაამართლებენ უფროსების მოლოდინებს/ მოთხოვნებს, რამდენად დაემსგავსებიან ან აჯობებენ სხვას. ეს ყველაფერი ხელს უშლის მათ საკუთარ უნარებსა და მათთვის რეალისტურ მიზნებზე ფოკუსირებაში. 

🔹 რა უნდა გავაკეთოთ შედარების ნაცვლად?

ყურადღება გაამახვილეთ პირად პროგრესზე
ბავშვს აჩვენეთ, რა გზა გაიარა და რამდენად განვითარდა. მაგალითად, ხაზი გაუსვით იმას, რომ რაღაც ახლა უკეთ გამოსდის, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. ერთადერთი, ვისაც შეიძლება რომ ბავშვი შედარდეს, არის არა სხვა პიროვნება, არამედ საკუთარი თავი.
👉 „ნახე, რამდენად უკეთესად წერ ახლა, ვიდრე ერთი თვის წინ!“

ყურადღება გაამახვილეთ ბავშვის შესაძლებლობებზე
ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია. თითოეულ მათგანს აქვს ძლიერი მხარეები. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ მათ ამ შესაძლებლობებს – იქნება ეს მათემატიკა, მხატვრობა, სპორტი თუ სოციალური უნარები. აღნიშნული ქცევით, მშობელი ხელს შეუწყობს ბავშვის თვითშეფასების გაზრდას და დაეხმარება მას, თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოს. 

შეაქეთ არა მხოლოდ შედეგი, არამედ ძალისხმევაც
როცა ყურადღებას ვამახვილებთ პროცესზე („ძალიან ბევრი ივარჯიშე და იშრომე“), ბავშვი სწავლობს, რომ ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვის შედეგთან შედარება. როცა მშობელი აქცენტს აკეთებს ბავშვის ძალისხმევაზე, ბავშვი თავს დაფასებულად გრძნობს, რადგან მისი მცდელობა შუემჩნეველი არ დარჩა.

შექმენით უსაფრთხო გარემო
როცა ბავშვს არ ეშინია კრიტიკისა და შედარების, ის უფრო თამამად იღებს გამოწვევებს და ავითარებს ახალ უნარებს. შეცდომების დაშვება უნდა აღვიქვათ როგორც ახლის სწავლის შესაძლებლობად და არა დანაშაულად, რასაც მშობლის მხრიდან სასჯელი, ბრაზი ან კრიტიკა მოყვება. 

 

 

ბავშვებთან საუბრისას მშობლებს ხშირად ავიწყდებათ ის რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ისინი განსხვავებული ტემპით ვითარდებიან და განსხვავებული კოგნიტური და ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ. შესაბამისად, სხვასთან შედარებისას მშობელი უგულვებელყოფს ამ განსხვავებებს, რაც ხელს უშლის ბავშვს საკუთარი ინდივიდუალური შესაძლებლობების აღმოჩენასა და გამოვლენაში. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვების ერთმანეთთან შედარება არა მხოლოდ ვერ ზრდის მოტივაციას, არამედ უარყოფითად მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე, აძლიერებს შფოთვებს და აზიანებს სოციალურ ურთიერთობებს. ნაცვლად მხარდაჭერის და წახალისებისა, მშობლის სიტყვები ბავშვისთვის დამატებითი სტრესორი და ზეწოლის მიზეზი ხდება.  

შედარება ბავშვს ასწავლის, რომ ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც მასზე უკეთესია. ამ დროს ხშირად ხდება იმ ასპექტებზე ხაზგასმა, რაშიც ბავშვი თანატოლებს ჩამორჩება, (რაც სხვებს თითქოს უკეთ გამოსდით). ეს ბავშვს ხელს უშლის ფოკუსირდეს საკუთარ უნარებზე  და იწვევს ფიქრებს: „მე ვერასოდეს ვიქნები ისეთი კარგი, როგორიც სხვები“. მოტივაციის გაზრდის ნაცვლად, აღნიშნული ქმედება, წარუმატებლობის შიშს ბადებს ბავშვში, რასაც საბოლოოდ ინიციატივის ნაკლებობასთან მივყავართ. მათ ეშინიათ ახალი გამოწვევების, რადგან შესაძლოა ვერ შეძლონ მშობლის მიერ დადგენილ სტანდარტების დაკმაყოფილება, მათი მოლოდინების გამართლება.  რაც საბოლოოდ ხელს უშლის ბავშვის უნარების აღმოჩენასა და განვითარებას. 

ბავშვითვის მოტივაციის მიცემის საუკეთესო გზა, არა სხვებთან შედარება, არამედ მისი განვითარების და შესაძლებლობების დაფასება და მხარდაჭერაა.

_______________________________________________________________________________________________________________________

ავტორები: ლელა სამუშია, ქრისტინე ჩილინგარაშვილი

 

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4


☎️574 15 02 14

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.integrative-psych.org/resources/why-comparing-children-is-harmful-and-how-to-cultivate-confidence