რა არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი
და როგორ ვლინდება იგი ბავშვებსა და მოზრდილებში?
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ნეირობიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება:
🔹ყურადღების კონცენტრაციის დარღვევაში (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა, ყურადღების გადატანის პრობლემა)
🔹იმპულსურობაში (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე)
🔹ჰიპერაქტივობაში (მოტორული მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე)
ყურადღების კონცენტრაციის სირთულეებს, იმპულსურობასა და ჰიპერაქტიურობას ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.
ADHD საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა , რომელიც გვხდება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად იცვლება სიმპტომები, შესაბამისად ბავშვსა და ზრდასრულებში განსხვავებულად ვლიდება.
როგორ ვლინდება თითეული მათგანი:
ყურადღების კონცეტრაცია:
🔅უჭირს ყურადღების გამახვილება დეტალებზე, შეცდომებს უშვებს სკოლისა და საშინაო სამუშაოში (მაგ., ვერ ამჩნევს დეტალებს, უწესრიგოდ მუშაობს) ;
🔅უჭირს ყურადღების შენარჩუნება დავალების შესრულების, ან თამაშის დროს (მაგ.,ვერ ახერხებს დიდხანს ყურადღების ფოკუსირებას გაკვეთილზე, ლექციაზე, საუბრისას, კითხვის დროს);
🔅თითქოს არ გისმენთ, როცა ელაპარაკებით (მაგ., თითქოს სადღაც სხვაგანაა);
🔅ხშირად ვერ ახერხებს მისდიოს მითითებებს და დაასრულოს ბოლომდე საკლასო ან საშინაო დავალება, საოჯახო საქმე, სამუშაო
🔅უჭირს დავალებებისა და მოქმედების ორგანიზება (მაგ., უჭირს მოქმედებების თანმიმდევრობის კონტროლი, საკუთარი ნივთების და სამუშაო მასალების მოწესრიგება, სამუშაოს არეულად და მოუწესრიგებლად ასრულებს, ვერ იცავს დავალების ან სამუშაოს დასრულების ვადებს);
🔅თავს არიდებს და არ მოსწონს ისეთი დავალებები, სადაც ფსიქიკური ძალისხმევაა საჭირო (მაგ., საკლასო ან საშინაო დავალება, ზრდასრულებისთვის ანგარიშის მომზადება,
🔅ხშირად კარგავს ნივთებს, რაც დავალებისათვის ან სხვა აქტივობისათვის ესაჭიროება;
🔅გარეშე გამღიზიანებლებით ძალზე ადვილად ეშლება ხელი (მაგ.,ზრდასრულებისთვის შეიძლება ხელისშემშლელი იყოს გარეშე აზრების და ფიქრების ამოტივტივება);
🔅ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გულმავიწყია (მაგ., საოჯახო საქმეები, დავალებების შესრულება; ზრდასრულებისათვის - გადასახადის გადახდა, შეხვედრა, დარეკვა და ა.შ.)
ხშირად ასეთი ბავშვებს მიიჩნევენ„გონებაგაფანტულებად“, თუმცა რეალურად მათ უჭირთ ყურადღების მართვა. ეს ყოველივე იმით აიხსნება, რომ ADHD-ის მქონე ბავშვებში ძალიან დაბალია თავის ტვინის აქტივაციის დონე და ამიტომ ისინი სტიმულირების სხვა წყაროებს ეძებენ.
ჰიპერაქტივობა და იმპულსურობა:
🔻ხშირად ცქმუტავს და ვერ ისვენებს ადგილზე;
🔻ხშირად ტოვებს საკუთარ ადგილს ისეთ სიტუაციებში,როდესაც სჭიროა ერთ ადგილას ყოფნა (მაგ., კლასში, ოფისში);
🔻სიტუაციისადმი შეუსაბამოდ დარბის და ძვრება ყველგან (ზრდასრულებში ეს შესაძლოა იყოს მოუსვენრობის შეგრძნება);
🔻სირთულეები აქვს თამაშის და დასვენების დროს;
🔻სულ მოძრაობაშია, თითქოს მუდმივი ძრავა ამოქმედებს (მაგ., არ შეუძლია მშვიდად ყოფნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
🔻ხშირად და ძალიან ბევრს ლაპარაკობს;
🔻პასუხს, ხშირად,შეკითხვის დამთავრებამდე წამოიძახებს (მაგ., არ აცდის სხვას წინადადების დამთავრებას, არ ელოდება თავის ჯერს საუბრისას);
🔻უჭირს საკუთარი ჯერის დალოდება (მაგ., რიგში ლოდინის დროს);
🔻ხშირად იჭრება სხვების აქტივობაში ან აწყვეტინებს სხვას მოქმედებას (მაგ., თამაშსა და საუბარში უნებართვოდ იჭრება, სხვისი ნივთი შეიძლება უნებართვოდ გამოიყენოს; ზრდასრულებში ეს შეიძლება იყოს სხვების მუშაობაში ხელის შეშლა).
ამ ყველაფერს ხშირად ერთვის იმპულსური და სწრაფი ემოციური რეაქციები, იმედგაცრუებისადმი დაბალი ტოლერანტობა და აკადემიური სირთულეები.
___________________________________________________________________________________
ADHD-ის დიაგნოსტირება
ADHD-ს გამოვლენის ხარისხი ცვალებადია ინდივიდებს შორის. სიმპტომები შეიძლება გამოხატული იყოს მსუბუქი, საშუალო ან ზლიერი ხარისხით. ამავე დროს, იგი ვლინდება სამი ფორმით:
🟣ADHD, კომბინირებული ფორმა
🟣ADHD, უპირატესად ყურადღების დეფიციტით
🟣ADHD, უპირატესად ჰიპერაქტივობა-იმპულსურობით
ADHD-ის გამოვლინებები მრავალფეროვანია, სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულად ვლინდება, უშუალო დაკვირვებასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოგროვება. სწორი დიაგნოსტიკისათვის საჭიროა:
🔸მშობლის ინტერვიურება სახლში ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით;
🔸მასწავლებლის ინტერვიურება კლასში ბავშვის ქცევის შესახებ;
🔸ბავშვის ფსიქოლოგიური ტესტირება ინტელექტის დონისა და ფსიქიკური ფუნქციების ასაკობრივი მომწიფების დადგენის მიზნით;
🔸ბავშვზე უშუალო დაკვირვება, რომლის დროსაც ფასდება ბავშვის იმპულსურობის, ჰიპერაქტივობისა და უყურადღებობის ქცევითი გამოვლინებები და მათი ხარისხი;
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ADHD-ის მსგავსი სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს სხვა მდგომარეობების დროსაც, მაგალითად:
➡️ხანგრძლივი ან ძლიერი სტრესის ფონზე;
➡️შფოთვითი აშლილობის დროს;
➡️დეპრესიული მდგომარეობისას;
➡️სენსორული ინტეგრაციის დარღვევის შემთხვევაში;
➡️ტრავმული გამოცდილების შემდეგ;
➡️ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობა
აქედან გამომდინარე, სიმპტომების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს ADHD-ს. დიაგნოსტირება უნდა ეფუძნებოდეს კომპლექსურ შეფასებას: ინდივიდის განვითარების თვისებურებების ანალიზსა და სხვადასხვა კონტექსტში (სახლი, სკოლა, სამსახური, სოციალური გარემო) მის ქცევაზე დაკვირვებას.
გამომწვევი მიზეზები:
ADHD-ის რაიმე კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. მკვლევრები ცდილობენ, მისი განვითარება გენეტიკურ, ბიოქიმიურ, ნეირობიოლოგიურ და გარემოს ფაქტორებს დაუკავშირონ. ADHD-ის რისკ-ფაქტორები შეიძლება მოიცავდეს:
💠გენეტიკური ფაქტორები: სისხლით ნათესავი (მაგ., მშობელი ან და-ძმა) ADHD-ით ან სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობით.
💠გარემო ფაქტორები: გარემოს ტოქსინების, როგორიცაა ტყვიის, ზემოქმედება. ასეთი ნივთიერებები ძირითადად გვხვდება ძველ შენობებში არსებულ საღებავებსა და მილებში.
💠ფსიქოსოციალური ფაქტორები: დაბალი სოციალურ-ეკონომიური სტატუსი, ინსტიტუციონალიზაცია, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები, სკოლის პერსონალთან ურთიერთობის პრობლემები. ორსულობის დროს ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს გამოყენება.
💠ბიოლოგიური ფაქტორები: ნეიროტრანსმიტერების ფუნქციონირების დისბალანსი რაც იწვევს აგზნება–შეკავების მექანიზმების დარღვევასა და ყურადღების მექანიზმების შესუსტებას.
რა სირთულეებით ვლინდება ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ბავშვებსა და ზრდასრულებში ხშირია შემდეგი სახის პრობლემები:
🔻დაგეგმვა და ორგანიზება
🔻თანმიმდევრული მოქმედებების შე,mსრულება და კონტროლი
🔻იმპულსის შეკავება და სურვილის გადავადება
🔻საჭირო სტიმულების შერჩევა და მათზე ყურადღების ფოკუსირება;
🔻რისკის შეფასება;
🔻მუშა მეხსიერება – მიმდინარე მოქმედებისას ინფორმაციის დახსომება და გამოყენება;
🔻ყურადღების გადანაცვლება და შენარჩუნება რამდენიმე დავალების შესრულებისას;
🔻ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში;
🔻პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობასა და თამაშში;
🔻დაბალი თვითშეფასება და უპატივცემულობა საკუთარი თავის მიმართ;
🔻დეპრესიული გუნება-განწყობა;
🔻მოქმედების დაგეგმვის, ორგანიზაციისა და თვითკონტროლის შეუძლებლობა;
🔻ქცევის პრობლემები;
🔻მასწავლებლებლებისა და სწავლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება
🔻აგრესიის მართვა და ემოციების კონტროლი
ასევე, ზრდასრულებში გვხვდება:
🔻მეტაკოგნიციისა და თვითრეფლექსიის სირთულეები
🔻დროის განსაზღვრისა და დროში დაგეგმვის პრობლემები;
🔻დაძლევის მავნე სტრატეგიები - ალკოჰოლის, კანაფის, დამამშვიდებელი ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება
🔻შინაგაინ მოუსვენრობა, არეულობა და ქაოსი
🔻დაღლილობის და გამოფიტვის შეგრძნება
🔻ემოციურად გადატვირთვის, შეშფოთების შეგრძნება
🔻ცვალებადი პროდუქტულობა სწავლაში, არასტაბილურობა მუშაობაში
🔻ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევა მანქანის ტარებისას
🔻კარიერაში დაბრკოლებები სამუშაოს არასტაბილურად ეფექტური შესრულების, სამუშაო დისციპლინის პრობლემების გამო
🔻სწრაფი მოყირჭება და მობეზრება/ინტერესის დაკარგვა
🔻ჰიპერფოკუსირება მოტივაციის შემთხვევაში
🔻ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევა - სიფხიზლე
🔻სარისკო სექსუალური ქცევა
🔻არეული პირადი ცხოვრება და ურთიერთობები
როგორ განსხვავდება სიმპტომები ბავშვებსა და ზრდასრულებში?
ADHD არ „ქრება“ ასაკთან ერთად. ბევრ ადამიანს იგი ზრდასრულობაშიც ახლავს, თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, გამოვლენის ფორმა ხშირად იცვლება. ამასთანავე, ზრდასრულებს შეუძლიათ კომპენსატორული უნარების უკეთ გამოყენება და დროთა განმავლობაში დაისწავლიან გამკლავების სტრატეგიებს, სიმპტომების უკეთ სამართავად და თვითრეგულაციისთვის.
პირველ რიგში მცირედება ჰიპერაქტივობა/იმპულსურობის ის გამოვლინებები, რაც დამახასიათებელია ბავშვებისთვის და ტრანსფორმირდება შინაგან მოუსვენრობაში, ქაოსის, დაძაბულობის, ემოციური გადატვირთვის განცდაში. ვლინდება აზრების მოჭარბებულ ხტომაში ერთი აზრიდან, იდეიდან, შთაბეჭდილებიდან მეორეზე, რაც ხელს უშლის კონცენტრაციას, საქმის ბოლომდე მიყვანას, სხვის მოსმენას.
ყურადღების დეფიციტი ზრდასრულებში ხშირად იჩენს თავს პროკრასტინაციის სახით — როდესაც ადამიანი შეგნებულად ან შეუგნებლად გადადებს მნიშვნელოვან და აუცილებელ საქმეებს. ამას შეიძლება ერთვოდეს ვადების ხშირი დარღვევა, სამუშაოს ორგანიზების სირთულეები, ყოველდღიური საქმეების დაგეგმვის პრობლემები და ფინანსების მართვასთან დაკავშირებული სიძნელეები. შედეგად, იზრდება შეცდომების რიცხვი როგორც სამსახურში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
იმპულსურობა ზრდასრულებში უფრო მეტად ემოციურ დონეზე ვლინდება. ეს შეიძლება გამოიხატოს მოულოდნელ ემოციურ აფეთქებებში, სწრაფ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებში ან ურთიერთობებში კონფლიქტების გახშირებაში. ხშირად ადამიანი მხოლოდ მოგვიანებით აცნობიერებს საკუთარი რეაქციის სიმწვავეს.
ზრდასრულებში ADHD-ს ხშირად თან ახლავს დაბალი თვითშეფასებს, შფოთვა და ქრონიკული დაღლილობა — განსაკუთრებით მაშინ, თუ მდგომარეობა ბავშვობაში დაუდგენელი იყო.
დახმარების გზები:
ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი თავის თავში მოიაზრებს მრავალმხრივ ინტერვენციას. ეს არ არის მდგომარეობა, რომლის მართვაც შესაძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით. თითოეულ ადამიანის ნერვული სისტემა განსხვავებულად ფუნქციონირებს. მათ აქვთ განსხვავებული საჭიროებები და გარემო პირობები, ამიტომ ეფექტური დახმარება ხშირად სხვადასხვა მიდგომის კომბინაციას მოიცავს..
ჩარევის გზები პირობითად იყოფა ორ დიდ ჯგუფად:
🟪არამედიკამენტური ჩარევა
🟪მედიკამენტური ჩარევა
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს მიდგომები ერთმანეთის ალტერნატივა კი არა, არამედ ხშირად ერთმანეთის დამხმარეა!
➜ არამედიკამენტური: ADHD-ს სიმპტომებსა და მისგან გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებისთვის აქტიურად გამოიყენება:
✔️ქცევითი თერაპია (ბავშვებში)
ბავშვების შემთხვევაში ფართოდ გამოიყენება ქცევითი თერაპია, რომელიც ეფუძნება:
🔷მკაფიო წესებსა და სტრუქტურირებულ გარემოს
🔷თანმიმდევრულობას ყოველდღიურ რუტინაში
🔷ქცევის პოზიტიურ განმტკიცებას (შექება, წახალისება, წარმატების დაფიქსირება)
ეს მიდგომა ეხმარება ბავშვს გააცნობიეროს:
⇒ რა ქცევებია მისაღები
⇒ რა შედეგი მოჰყვება კონკრეტულ ქმედებებს
განსაკუთრებით ეფექტურია:
🔻კლასში ქცევის მართვის სტრატეგიების გამოყენება
🔻მშობლების ტრენინგი, რათა სახლში და სკოლაში ერთნაირი წესები და მოლოდინები არსებობდეს
✔️ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია (ბავშვებსა და მოზარდებში)
ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მიმართულია იმ კოგნიტური ფუნქციების განვითარებაზე, რომლებიც ADHD-ის საფუძვლად არის. ფოკუსირება ხდება შემდეგ უნარებზე:
🔆ყურადღების კონცენტრაცია და შენარჩუნება
🔆მუშა მეხსიერება
🔆იმპულსის კონტროლი
🔆დაგეგმვა და ორგანიზება
🔆ამოცანის ბოლომდე მიყვანა
ეს პროცესი ეხმარება ბავშვს არა მხოლოდ სიმპტომების შემცირებაში, არამედ ყოველდღიური ფუნქციონირების გაუმჯობესებაში.
✔️კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (CBT)
CBT გამოიყენება როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში და მიმართულია ემოციური და ქცევითი სირთულეების გააზრებასა და მართვაზე.
ზრდასრულებთან მუშაობისას ძირითადი აქცენტი კეთდება:
🔺თვითორგანიზაციის უნარების განვითარებაზე
🔺დროის მართვაზე
🔺ემოციურ რეგულაციაზე
🔺სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსზე
🔺თვითშეფასების გაუმჯობესებაზე
✔️ნეიროფიდბექი (ნეირო-უკუკავშირი): თავის ტვინის აქტივობის გაუმჯობესება მისი აქტივობის დონის მონიტორინგისა და უკუკავშირის მეშვეობით.
ეს შეიძლება დაეხმაროს:
🔸ყურადღების სტაბილიზაციას
🔸თვითრეგულაციის გაუმჯობესებას
🔸გადაღლისა და ემოციური გადატვირთვის შემცირებას
მისი ეფექტურობა ინდივიდუალურია და საჭიროებს სპეციალისტის ზედამხედველობას.
➜ მედიკამენტური: მედიკამენტური მკურნალობა ADHD-ის მართვის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია, თუმცა იგი არ არის ერთადერთი და არც ყოველთვის აუცილებელი.
სტიმულანტები მოქმედებენ დოფამინერგულ სისტემაზე და ხელს უწყობენ:
▪️ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებას
▪️იმპულსის კონტროლის გაძლიერებას
შესაძლო გვერდითი ეფექტებია:
➰გულისრევა
➰მადის დაქვეითება
➰ძილის დარღვევა
➰აგზნება
იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს უფრო სერიოზული სიმპტომებიც, როგორებიცაა ტიკები, ფსიქოტური სიმპტომები, ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემა, სიმაღლეში ზრდის შეფერხება, რის გამოც აუცილებელია რეგულარული სამედიცინო კონტროლი.
მედიკამენტი არ წარმოადგენს ADHD-ის მკურნალობის ერთადერთ ან აუცილებელ გზას. იგი არის ერთ-ერთი შესაძლო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში და მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მხარდაჭერის ფორმები არ არის საკმარისი ბავშვის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის.
უმნიშვნელოვანესია გვახსოვდეს, რომ ADHD-ს მედიკამენტური მკურნალობა პერსონალიზებული მედიცინის სფეროა, როდესაც კონკრეტულ ინდვიდს, მისი ნერვულის სისტემის აგზნება-შეკავების და ნეიროტრანსმიტერული სპეციფიკის მიხედვით, ინდივიდურად ესაჭიროება სპეციალისტის მიერ შესაფერისი მედიკამენტის და დოზის შერჩევა!
ADHD-ის სიმპტომების მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველდღიური ჩვევები და გარემო.
დამხმარე ფაქტორებია:
🔸დიეტა - შაქრის და საკვები დანამატების კონტროლი.
🔸ცხოვრების აქტიური წესი - მოძრაობა და ვარჯიში.
🔸ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი შეზღუდვა
🔸დღის გეგმის შედგენა (შესაძლოა დამხმარე აპლიკაციების გამოყენება)
🔸კლასიკური მუსიკა, 8D მუსიკა, ბინაურალური მუსიკა, აპლიკაციები: „Calm”, “Headspace”.
🔸მაინდფულნესი (Mindfulness) - შინაგანი სიფხიზლის და კონცენტრაციის მიღწევა სუნთქვაზე ფოკუსირებით.
🔸სპეციალურად შექმნილი მობილურის აპლიკაციები, რომელიც ეხმარება ინდივიდს მისთვის შემაწუხებელ სიმტპომებთან გამკლავებაში (to do lists, RescueTime, Focus@Will)
🔸აღსანიშნავია, რომ სტრუქტურირებული გარემო და წინასწარ გაწერილი გეგმა, შესასრულებელი საქმეების შესახებ, ეხმარება, როგორც ზრდასრულს, ასევე ბავშვს ორგანიზებაში, გეგმის მიყოლასა და ზოგად ფუნქციონირებაში (განსაკუთრებით ეფექტურია ვიზუალურად წარმოდგენილი გეგმა და რუტინა)
🔸სწავლის დროს სპეციალური ტექნიკების გამოყენება, მაგალითად პომოდოროს ტექნიკა
🔸პატარა დავალებების შესრულებისას ეფექტურია დროის ლიმიტის დაწესება (ქვიშის საათის ან ტაიმერის გამოყენება)
🔸შესრულებული მიზნების მონიტორინგი
ADHD-ის მართვის საფუძველი ყოველთვის არის სტრუქტურირებული გარემო, ქცევითი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ბავშვების შემთხვევაში თანმიმდევრულობა აღზრდაში და მშობლისა და სკოლის ჩართულობა.
____________________________________________________________________________________________________________________________________________
ავტორები: ლელა სამუშია, ქრისტინე ჩილინგარაშვილი
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️574 15 02 14