ბავშვის მცდელობა და მშობლის მოლოდინები: ბალანსი წახალისებასა და ფსიქოლოგიურ წნეხს შორის

თანამედროვე აღზრდის კულტურაში ზღვარი მოტივაციასა და ზეწოლას შორის ხშირად ბუნდოვანია. მშობლების სურვილი, შვილებს საუკეთესო მომავალი შეუქმნან, ხშირად გარდაიქმნება არარეალისტურ მოლოდინებად, რაც ბავშვისთვის ზოგჯერ განვითარების სტიმულია, ზოგჯერ კი — გადაულახავი ფსიქოლოგიური ბარიერი, ვინაიდან მშობლის მოლოდინები ბავშვის რეალურ შესაძლებლობებს აცდენილია. იმის გასაგებად, სად მთავრდება ჯანსაღი წახალისება და სად იწყება ფსიქოლოგიური წნეხი, აუცილებელია, გავიგოთ — როგორ გამოიყურება ბავშვის მცდელობა სინამდვილეში და როგორი უნდა იყოს მშობლის მოთხოვნები მის მიმართ.

რა არის ძალისხევა/მცდელობა და საიდან მოდის მშობლის მოლოდინები?

მცდელობა ყოველთვის არ ჰგავს „იდეალურ შესრულებას“. ხშირად ის სრულიად სხვანაირად გამოიყურება:

🔅ბავშვი იწყებს დავალებას, მაგრამ მალევე იფანტება

🔅ნელა მუშაობს და ხშირად ჩერდება

🔅უშვებს შეცდომებს

🔅რამდენჯერმე იწყებს თავიდან

🔅ზოგჯერ არ გამოსდის საბოლოოდ დავალება

გარედან ეს შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც უყურადღებობა ან სიზარმაცე. მაგრამ რეალურად, ძალიან ხშირად ეს არის განვითარების ბუნებრივი პროცესი.როდესაც ბავშვი ცდილობს/ დებს ძალისხმევას აქტივობაში, ის რეალურად სწავლობს სირთულეებთან გამკლავებას, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უნარია, ვიდრე კონკრეტული აკადემიური შედეგი.

ბავშვის ტვინი ჯერ კიდევ სწავლობს, როგორ შეინარჩუნოს ყურადღება, როგორ გააკონტროლოს იმპულსი, როგორ დაგეგმოს მოქმედება და როგორ მიიყვანოს საქმე ბოლომდე. ეს უნარები, რომელსაც „აღმასრულებელი ფუნქციები“ ეწოდება, სრულად არ არის ჩამოყალიბებული ბავშვობაში — ისინი ვითარდება ეტაპობრივად.

თუმცა, მშობლის მოლოდინები ხშირად აცდენილია ბავშვის ამ შინაგან პროცესს. ცხადია, მშობლის მოლოდინები, უმეტეს შემთხვევაში, მოდის ზრუნვიდან და სიყვარულიდან. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილი იყოს წარმატებული, დამოუკიდებელი და მომზადებული ცხოვრებისთვის.

თუმცა ამ სურვილს ხშირად ერთვის სხვა ფაქტორებიც.

🫟სოციალური გარემო ქმნის უხილავ წნეხს — სკოლა, შეფასებები, სხვა ბავშვებთან შედარება. მაგ.  „სხვები უკეთ აკეთებენ, ჩემი რატომ ვერ?“ 

🫟პირადი გამოცდილება — როგორ გვზრდიდნენ ჩვენ, რას გვთხოვდნენ, რა გამოგვივიდა ან არ გამოგვივიდა, საკუთარი აუხდენელი სურვილების პროექცია ბავშვზე. მაგ: „მე ამ ასაკში უკეთ ვაკეთებდი ამას.“

🫟მშობლის შინაგანი შფოთვა — შიში იმისა, რომ თუ ბავშვი ახლა ყველაფერს იდეალურად არ შეასრულებს, მის მომავალს საფრთხე შეექმნება. ხშირად მშობელი ვერ აცნობიერებს, რომ მისი მოთხოვნა არა ბავშვის შესაძლებლობებს, არამედ საკუთარ შფოთვას ეფუძნება. 

სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის მოლოდინებს, რომლებიც ზოგჯერ არ შეესაბამება ბავშვის რეალურ შესაძლებლობებსა და განვითარების ტემპს.

როდის არის მოთხოვნები მამოტივირებელი და როდის იქცევა იგი ზეწოლად?

თავის მხრივ, ბუნებრივი და საჭიროც კია, ბავშვის მიმართ არსებობდეს გარკვეული მოლოდინები. თუმცა ისინი შეიძლება პრობლემად იქცეს, თუ გადააჭარბებს ბავშვის ინდივიდუალურ მზაობას, ე.წ “განვითარების უახლოეს ზონას”. მოლოდინები არარეალისტურია, როდესაც:

🔸არ შეესაბამება ასაკს

🔸იგნორირებულია განვითარების ინდივიდუალური ტემპი

🔸ყურადღება მთლიანად შედეგზეა გადატანილი და უგულებელყოფილია პროცესი

მშობელმა უნდა შეძლოს მოლოდინების ადეკვატური წაყენება, რათა დაიცვას ბალანსი მხარდაჭერასა და ზეწოლას შორის. როდესაც მოლოდინები სწორად არის ფორმულირებული, იგი ბავშვს მოტივაციას აძლევს.

მხარდაჭერა ნიშნავს პროცესში ძალისხმევის დანახვას. ეს არის სიტუაცია, როდესაც მშობელი ამჩნევს მცდელობას, უსმენს ბავშვს და რეაგირებს ემპათიურად. ბავშვი გრძნობს, რომ ის მიღებულია, მიუხედავად შედეგისა.

ზეწოლა კი ფოკუსირებულია შეცდომებზე. აქ ჩნდება შედარება, კრიტიკა და ემოციური დისტანცია. ბავშვი იწყებს ფიქრს, რომ მისი ღირებულება დამოკიდებულია შედეგზე.

რა გალვენა აქვს ბავშვზე არარეალისტურ მოთხოვნებს?

როდესად მშობელი ბავშვს არარეალურ მოლოდინებს უყენებს, იგი ზეწოლად იქცევა.  ხოლო როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მშობლის სტანდარტები მიუღწეველია ეს ბავშვისთვის დამთრგუნველია. ორგანიზმში იზრდება სტრესის დონე, რაც აფერხებს ტვინის იმ ნაწილების (პრეფრონტალური ქერქის) მუშაობას, რომლებიც პასუხისმგებელია აზროვნებასა და სწავლაზე. შედეგად, რაც უფრო მეტად ვცდილობთ „დავაჩქაროთ“ ბავშვი ზეწოლით, მით უფრო უჭირს მას რეალურად დავალების შესრულება.

ამ პროცესის ყველაზე მძიმე შედეგი „დასწავლილი უმწეობაა“. ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ბავშვი წყვეტს მცდელობას, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი ძალისხმევა მაინც არ იქნება საკმარისი მშობლის კმაყოფილებისთვის. 

როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც „არ არის საკმარისი“, იწყება მნიშვნელოვანი შიდა პროცესები, რომლებიც აისახება შემდეგ სფეროებზე:

ემოციური:

🔹შფოთვა — „ვერ შევძლებ“

🔹იმედგაცრუება — „ისევ არ გამომივიდა“

🔹სირცხვილი — „მე სხვებზე უარესი ვარ“

ქცევითი:

🔹თავს არიდებს დავალებებს

🔹იწყებს პროტესტს

🔹ან პირიქით — ხდება პერფექციონისტი და ეშინია შეცდომის

თვითშეფასება:

🔹 „მე არ გამომდის“

🔹„რაც არ უნდა ვცადო, მაინც არ კმარა“

ეს უკვე აღარ არის მხოლოდ დავალების შესრულების საკითხი — ეს არის თვითშეფასების ფორმირება. ბავშვი არ წყვეტს მცდელობას იმიტომ, რომ ზარმაცია — ის წყვეტს მაშინ, როცა გრძნობს, რომ მისი მცდელობა არ ფასდება ან/და  გაკრიტიკებულია. 

როგორ ამოვიცნოთ ბავშვის მიერ ჩადებული ძალისხმევა?

მშობლისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა განასხვაოს რეალური დაღლილობა მანიპულაციური თავის არიდებისგან. რეალური მცდელობისას ბავშვი, მიუხედავად სირთულისა, იწყებს და ცდილობს დავალების შესრულებას, ჩართულია პროცესში, სვამს კითხვებს, ცდილობს შეცდომების გამოსწორებას ან გამოხატავს გულწრფელ იმედგაცრუებას. მანიპულაცია კი ხშირად თავდაცვითი მექანიზმია; ბავშვი იყენებს უარს ან პროტესტს, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური მარცხი და მისგან გამომდინარე მშობლის უკმაყოფილება.

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა?

ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტია არა მხოლოდ მოთხოვნები, არამედ ის გარემო, რომელშიც ეს მოთხოვნები არსებობს.  მხარდამჭერი გარემოს შესაქმნელად მშობელმა შეიძლება გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

🟣შესაფერისი მოლოდინების ქონა - მნიშვნელოცანია ბავშვის მიმართ გვქონდეს რეალისური, მის შესაძლებლობებსა და განვითარების ეტაპზე მორგებული მოთხოვნები.

🟣მცდელობის და ძალისხმების დაფასება - მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება პროცესზე და არა მხოლოდ შედეგზე. ხაზი გაუსვით ბავშვის ძალისხმევას: მაგ.: „მომწონს, რომ არ დანებდი“

🟣შეცდომების ნორმალიზება - ასწავლეთ ბავშვს, რომ შეცდომების დაშვება სწავლის ბუნებრივი პროცესის ნაწილია და არა  ტრაგედია. დაეხმარეთ, შეცდომები დაინახოს ახლის სწავლის შესაძლებლობად.

🟣ემოციური მხარდაჭერა - ბავშვს პირველ რიგში სჭირდება, რომ მისი განცდები იყოს დანახული და მიღებული, დაეხმარეთ, დაარქვას სახელი საკუთარ ემოციებს : „ვხედავ, რომ გაბრაზდი, რადგან არ გამოგივიდა“ .

🟣დამოუკიდებლობის წახალისება - მშობელმა უნდა შეძლოს ბავშვისთვის „სკაფოლდინგის“ (დამხმარე ხარაჩოების) შექმნა — დაეხმარეთ მას სირთულის დაძლევაში ისე, რომ არ წაართვათ საკუთარი ავტონომიურობის/დამოუკიდებლობის განცდა.

🟣ბავშვის გრაფიკის დაბალანსება - საგანმანათლებლო და სპორტული წრეები მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური თუ კოგნიტური განვითარებისათვის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს სჭირდება არა მხოლოდ სწავლა, არამედ თამაში, დასვენება და თავისუფალი დრო, როდესაც დაკავდება საკუთარ ინტერეებზე მორგებული აქტივობებით. 

 

საბოლოო ჯამში, ბავშვის წარმატება არა მკაცრი დისციპლინის, არამედ მშობელთან მყარი ემოციური კავშირის შედეგია. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მისი მცდელობა დაფასებულია მიუხედავად შედეგისა, მას უჩნდება შინაგანი მოტივაცია და თავდაჯერებულობა. მშობლის უმთავრესი ამოცანაა იყოს არა მსაჯული, რომელიც ქულებს წერს, არამედ გულშემატკივარი, რომელიც ბავშვს შეცდომის დაშვებისა და მისგან სწავლის უფლებას აძლევს. სიყვარული, რომელიც არ არის განპირობებული მიღწევებით, არის ის ერთადერთი გზა, რომლითაც ბავშვს შესაძლებლობების გამოვლენაში ვეხმარებით.

______________________________________________

ავტორები:

ლელა სამუშია - ნეიროფსოქოლოგის ასისტენტი 

ქრისტინე ჩილინგარაშვილი - ნეიროფსოქოლოგის ასისტენტი 

 

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4


☎️574 15 02 14