რა არის დასწავლის სპეციფიკური დარღვევა?

 

დასწავლის სპეციფიკური დარღვევა ვლინდება კითხვის, წერის და მათემატიკური უნარების განვითარების პრობლემებში. მისი აღმოცენების საფუძველი ნეირობიოლოგიურია. დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე ადამიანის თავის ტვინი გნასხვავებულად ფუნქციონირებს, რაც აისახება ადამიანის მიერ ინფორმაციის მიღების, გადამუშავების და გამოყენების პროცესის თავისებურებაში. დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ადამიანს აქვს საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინტელექტი და ამის ფონზე აღენიშნება სპეციფიკური ტიპის დეფიციტი ერთ ან რამდენიმე ფსიქოლოგიურ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია სწავლასთან. დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე ბავშვები ხარჯავენ უამრავ ენერგიას, მუშაობენ ბევრს, თუმცა ეს მაინც არ აუმჯობესებს მათი დასწავლის ხარისხს.

რა და რა ტიპის დასწავლის სპეციფიკური დარღვევა არსებობს?

🔹 დისლექსია - ეს არის დასწავლის სპეციფიკური დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია კითხვის ათვისების სირთულესთან (ასო-ბგერების, სიტყვების ცნობის და წერილობითი მასალის გაგების სირთულე);

🔹 დისგრაფია - დასწავლის სპეციფიკური დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია წერის ათვისების სირთულესთან (წინადადებების შედგენის, წერისას გრამატიკული, პუნქტუაციური წესების დაცვის, საკუთარი აზრების წერილობითი სახით გადმოცემის სირთულე);

🔹 დისკალკულია - დასწავლის სპეციფიკური დარღვევა, რომელიც დაკავშირებული მათემატიკის ათვისების სირთულესთან (მათემატიკური მსჯელობა, შეკრება, გამოკლება, გაყოფის ცნებების გაგების სირთულე). ბაზისური მათემატიკური ცნებების გაგების სირთულის შემთხვევაში ბავშვს უჭირს ციფრების, მათემატიკური ნიშნების დამახსოვრება, ვლინდება თვლის, ანგარიშის პრობლემა.

როგორ მივხვდე, რომ ჩემს შვილს დასწავლის სპეციფიკური დარღვევა აქვს?

დასწავლის სპეციფიკური დარღვევის გამოვლენის თავისებურებები ცვალებადობს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

 

დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მახასიათებლები: სკოლამდელი ასაკი

🔹 უჭირს სიტყვების სწორად წარმოთქმა;

🔹 უჭირს საუბრის პროცესში საჭირო სიტყვის მოძიება;

🔹 გართულებულია ფერების, ფორმების, ციფრების, ანბანის დამახსოვრება;

🔹 უჭირს მითითებების გაგება და შესრულება;

🔹 ვლინდება მაკრატლის, ფანქრის გამოყენების სირთულე, მარტივი გეომეტრიული ფიგურების გადახატვის პრობლემა;

🔹 უჭირს ღილების, თასმების, ელვის შეკვრა.

 

დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მახასიათებლები: 5-9 წელი

🔹 უჭირს ასოსა და ბგერას შორის კავშირის გაგება და დამახსოვრება;

🔹 უჭირს ასოების სწრაფად დასახელება;

🔹 უჭირს ბგერების სიტყვებად გაერთიანება;

🔹 უჭირს სიტყვების ბგერებად დაშლა;

🔹 უჭირს ერთ ასო-ბგერაზე დაწყებული სიტყვების დასახელება;

🔹 სჭირდება ბევრი დრო ახალი რაიმეს ასათვისებლად;

🔹 კითხვის დროს ტოვებს, გადაანაცვლებს, ჩაანაცვლებს ასოებს სიტყვაში;

🔹 უჭირს ძირითადი მათემატიკური ფაქტების გაგება და დამახსოვრება;

🔹 უჭირს საათის ცნობა, თანმიმდევრობის განსაზღვრა;

🔹 უჭირს დროის დაგეგმვა;

🔹 უჭირს სივრცეში ორიენტაცია;

🔹 აქვს ცუდი ხელწერა;

🔹 ვლინდება სხეულის მართვის სირთულე, მოუქნელობა;

🔹 თანატოლებთან შედარებით წერს ნელა.

 

დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მახასიათებლები: 10-13 წელი

🔹 უჭირს წაკითხულის გაგება, შინაარსის გამოტანა;

🔹 უჭირს მათემატიკული მსჯელობა;

🔹 უჭირს ღია კითხვებზე პასუხის გაცემა;

🔹 არ მოსწონს წერა, კითხვა, მათემატიკა, ცდილობს თავიდან აირიდოს მეცადინეობის პროცესს;

🔹 უჭირს ორგანიზებულად მოქმედება (საკუთარი ნივთების მოწესრიგება, ოთახის დალაგება);

🔹 უჭირს საკლასო დისკუსიაში მონაწილეობის მიღება, საკუთარი აზრების გადმოცემა;

🔹 უჭირს საკუთარი აზრების ფურცელზე გადმოტანა, მაშინ როდესაც ზეპირსიტყვიერად ამას ახერხებს;

🔹 წერისას უჭირს ფურცლის სივრცის გათვალისწინება;

🔹 არ იყენებს პუნქტუაციის ნიშნებს.

რა უნდა გავაკეთო თუ ვფიქრობ, რომ ჩემს შვილს დასწავლის სპეციფიკური დარღვევა აქვს?

🔹 შეამოწმეთ სმენა და მხედველობა - სმენასთან ან მხედველობასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა შეიძლება გამოიწვიონ სწავლის პრობლემა.

🔹 ესაუბრეთ თქვენს ვარაუდზე სკოლის პედაგოგს და მიმართეთ სპეციალისტს.

რომელ სპეციალისტს მივმართო?

🔹 კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა ფსიქიატრი - სწორედ ეს სპეციელისტები დაადგენენ არის თუ არა რომელიმე ტიპის დასწავლის სპეციფიკური დარღვევა, განსაზღვრავენ ბავშვის ძლიერ მხარეებსა და საჭიროებებს, დაგეგმავენ ჩარევის სტრატეგიებს;

🔹 ოკუპაციური თერაპევტი მონაწილეობას იღებს მოტორული დისგრაფიის, კოორდინაციის ან სენსორული ინტეგრაციის პროცესის დარღვევის დიაგნოსტირებაში;

🔹 ენისა და მეტყველების თერეპევტი განსაზღვრავს ენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

შეიძლება თუ არა დასწავლის სპეციფიკური დარღვევის განკურნება?

არ არსებობს რაიმე მაგიური გადაწყვეტის გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება სწრაფი განკურნება. თუმცა, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ადრეული დიაგნოსტირების და სწორ ჩარევის შემთხვევაში შესაძლებელია დასწავლის სირთულეები მნიშვნელოვნად შემცირდეს. სწორი და ადეკვატური მხარდაჭერის შემთხვევაში დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე ადამიანები აღწევენ დიდ წარმატებას მათ მიერ არჩეულ სფეროში. ყველანი ვიცნობთ გამორჩეულ ადამიანებს, რომელთათვისაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები არ აღმოჩნდა ხელის შემშელელი ფაქტორი იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ ძალიან წარმატებულნი. ამისი ნათელი მაგალითებია: ალბერტ აინშტაინი, პიერ კიური, ოგიუსტ როდენი, ლეონარდო და ვინჩი, პაბლო პიკასო, სტივენ სპილბერგი, უოლტ დისნეი, ბილი ბობ ტორნტონი, დენი გლოვერი, ჯიმ ქერი, კეანუ რივზი, ორლანდო ბლუმი, ვუპი გოლდბერგი, ჯონ ლენონი, შერი, აგათა კრისტი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ჰენრი ფორდი, თომას ედისონი და ა. შ.

 


ავტორი: ირინე დოღაძე, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი

 

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"

 

მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4

 

☎️ 2 44 55 15