რა როლი აქვს ბავშვის თვითშეფასებას მის სამომავლო წარმატებაში

 

საკუთარი შესაძლებლობების, უნარების, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ წარმოდგენა ძალიან ადრეულ ასაკშივე ყალიბდება და დროის გასვლასთან ერთად აღნიშნული შთაბეჭდილების ცვლილება უფრო მეტად რთული ხდება. სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ბავშვის აკადმიური, სამომავლოდ კი შრომითი საქმიანობა, მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრების შეძენა-შენარჩუნება, პირად ურთიერთობების წარმატებულობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის თვითშეფასებაზე. მშობლის ამონაცაა, რომ დაეხმაროს მოზარდს ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოაგდენს რეალობის ობიექტურ ასახვას და არ გულისხმობს ერთის მხრივ, არც გადაჭარბებულ და მეორეს მხრივ, არც დაბალ თვითშეფასებას. ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ბავშვები ენდობიან საკუთარ მსჯელობას, არ უშინდებიან გამოწვევებსა და მარცხს, შეუძლიათ წარმატებული ურთიერთობების დამყარება და სირთულეების გადაჭრა.

ნებისმიერი ადამიანის თვითშეფასების საფუძველია მყარი განცდა იმისა, რომ უყვართ, აფასებენ, ღირებულია სხვებისთვის - განსაკუთრებით ახლობელი ადამიანებისთვის. თუ ბავშვი ფიქრობს, რომ უსარგებლოა, სათანადოდ ან უპირობოდ არ უყვართ, არ აქვს სამყაროსადმი ნდობა, მაშინ მისი თვითშეფასება განადგურების საფრთხის ქვეშაა, რასაც აუცილებლად ექნება უაყროფითი ზეგავლენა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. მნიშვნელოვანია, მოზარდისთვის განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებს ახსოვდეთ, რომ მათი სიტყვები, ფრაზები, ქმედებები, ბავშვისადმი დამოკიდებულება წარმოადგენს იმ ფაქტორებს, რომელზე დაყრდნობითაც იგი იქმნის საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენას. მოზარდები საკუთარ შესაძლებლობებს იჯერებენ, როდესაც ხედავენ, რომ ახლობელი ადამიანები სიმართლეს ამბობენ, მათი შეფასებები ობიექტურია, ხოლო დამოკიდებულება მხარდამჭერი და სიყვარულით სავსე. თუკი გარემოს მხრიდან შეფასება ნაკლებად გულწრფელია ან მუდმივად ნეგატიური, ახლობლები არათანმიმდევრულად გამოხატავენ სითბოსა და სიყვარულს, მაშინ მოზარდის თვითაღქმა ზიანდება.

რატომ არის თვითშეფასება ასეთი მნიშვნელოვანი

თვითშეფასება არის ის, რაც პიროვნებას ერთ მთლიანობად ადგენს. სწორედ მასზე დაყრდნობით შეგვიძლია განვსაზღვროთ რა შეგვიძლია, რა ოდენობის ძალისხმევა დაგვჭირდება კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის, რა არის ჩვენი სუსტი მხარე და როდის უნდა ვითხოვოთ დახმარება. ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ბავშვები არ უშინდებიან სიახლებს, ეჭიდებიან სირთულეებს და მტკივნეულად არ რეაგირებენ წარუმატებლობაზე. ისინი არ ზოგავენ ძალისხმევას და მარცხის შემთხვევაშიც ამაყობენ იმით, რომ თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები გამოიყენეს. ჯანსაღი თვითშეფასების წყალობით ბავშვები ახერხებენ დაშვებული შეცდომების აღიარებას, პრობლემის გადაჭრისთვის და შეცდომის გამოსწორებისთვის მცდელობის გაგრძელებას.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები ნაკლებად არიან დარწმუნებულნი საკუთარ შესაძლებლობებში, ფიქრობენ, რომ რაიმე შესაძლოა არ გამოუვიდეთ, ამიტომ სჯობია არც სცადონ, ერიდებიან ადამიანებთან ურთიერთობას, უჭირთ მეგობრების შეძენა, ნაკლებ ინიციატივას იჩენენ სამსახურებრივი საქმიანობისას და ა.შ. შედეგად, კი ვერასდროს ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას და ძლიერ მხარეებში თავის თავისა და სხვების დარწმუნებას.

ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ბავშვები:

 🟣 მეტად თავდაჯერებულნი არიან;

 🟣 ფიქრობენ, რომ მათ გარშემო მყოფი ადამიანები აღიარებენ და აფასებენ მათ;

 🟣 სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების;

 🟣 ამაყობენ მიღწეულით და მათთვის მარცხი ვერ ხდება მცდელობის შეჩერების მიზეზი;

დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვები:

 🟣 ნაკლებად თავდაჯერებულნი არიან;

 🟣 მუდმივად ფიქრობენ, რომ ისეთი კარგები არ არიან, როგორც სხვა ადამიანები;

 🟣 უკიდურესად კრიტიკულნი არიან საკუთარი თავის მიმართ;

 🟣 უფრო მეტად კონცენტრირდებიან წარუმატებლობაზე, ვიდრე წარმატებაზე;

 🟣 გაუბედავები არიან და მუდმივად ეჭვის თვალით უყურებენ საკუთარ თავს;

რაში გამოიხატება ბავშვის დაბალი თვითშეფასება?

  🟣 ძალიან უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, მათთან საერთო ენის გამონახვა და დამეგობრება;

 🟣 ხშირად ხასიათდებიან არა სასურველი ქცევით, აგრესიით;

 🟣 აქვთ მაღალი შფოთვა, ემოციური პრობლემები ან დეპრესია;

 🟣 ხშირად ვლინდება სხვების ჩაგვრა ე.წ ბულინგი მათი მხრიდან;

როგორ ყალიბდება ადამიანის თვითშეფასება

ადამიანის თვითშეფასება ჩამოყალიბებას იწყებს ძალიან ადრეული ბავშვობიდან და შემდგომ ნელ-ნელა ვითარდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. მისი საფუძველი სამყაროსადმი ნდობა და ახლობელ ადამიანებთან ჯანსაღი მიჯაჭვულობაა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ჩვილობისას მშობლების ჩართულობა ბავშვის მოვლის პროცესში, მისდამი ზრუნვისა და ყურადღების გამოხატვა, ცოტა მოგვიანებით მოზარდის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, მისი ინდივიდუალობის აღიარება და დამოუკიდებლობის წახალისება, მათდამი ადეკვატური მოლოდინის შექმნა, ემოციური მხარდაჭერა და ა.შ. თუ ეს საფუძველი ჩაყრილია, მაშინ ადამიანის ემოციური მდგომარეობა სტაბილურია.

რა აზიანებს ბავშვის თვითშეფასებას

1. თანატოლებთან შედარება - თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია, თავისი განსხვავებული ძლიერი და სუსტი მხარეებით. ვინმესთან შედარება მისი ინდივიდუალობის უარყოფას ნიშნავს, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. არასწორია, როდესაც ვცდილობთ შევადაროთ უფროს და-ძმას, თანაკლასელს და ა.შ. მაგალითად: „ნინი შენზე უკეთეს ქულებს იღებს არითმეტიკაში, შენ რა დაგემართა?!“;

2. მისი მუდმივად უარყოფით კონტექსტში მოხსენიება - ბავშვებისადმი ისეთი ნეგატიური შინაარსის ეპითეტების გამოყენება, როგორიცაა „რა მორცხვი ხარ“, „რა უზრდელი ხარ“, „რა ზარმაცი ხარ“ არასწორია. უმჯობესია მიუთითოთ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ სჯობს, რომ შეცვალოს ქცევა. ფრთხილად მოეკიდეთ მის შექებასაც, არასდროს გადააჭარბოთ რეალობას. იყავით მხარდამჭერი და ობიექტური.

3. მისი იგნორირება - სიტუაციები, როდესაც ბავშვს სურს რაიმეზე საუბარი და მოსასმენად მზად არავინაა, ან უნდა ემოციის გაზიარება და არავინ პასუხობს შესაბამისად, მისთვის სერიოზული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს. მშობლების გადატვირთული განრიგი და რთული ცხოვრების რეჟიმი, რა თქმა უნდა, გასაგებია, თუმცა აუცილებლად უნდა არსებობდეს რამდენიმე წუთი, როდესაც ბავშვს საკუთარი დარდისა თუ სიხარულის გაზიარების შესაძლებლობა ექნება.

როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი ბავშვს ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში

ყველა ბავშვი ერთმანეთისგან განსხვავებულია და თითოეული მათგანი სხვაგვარად რეაგირებს გარემოს მხრიდან დამოკიდებულებებზე, სირთულეებსა და პრობლემებზე. აჩვენეთ, რომ გიყვართ, დაუჭირეთ მხარი შეცდომის დაშვებისას, აჩვენეთ როგორ მოაგვაროს პრობლემა, მიეცით შანსი, უთხარით, რომ შეცდომის დაშვება ბუნებრივია, მოუწონეთ მისი გამოსწორების მცდელობა და იამაყეთ მის მიერ მიღწეულით. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი მოლოდინი განსხვავებულია:

1. იყავით ობიექტური მასთან მიმართებაში და გამოხატეთ სიამაყე, არ გადააჭარბოთ - არ უთხრათ ისეთი რაიმე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად: „არ იდარდო, შენ საუკეთესო ხარ კლასში, ამიტომაც არ გემეგობრებიან შენი თანაკლასელები“. ეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ მის მცდელობაზე, მონდომებაზე და არა მიღწეულ შედეგზე. აჩვენეთ, თუ როგორ ამაყობთ იმით, რომ არ დანებდა, ბოლომდე ეცადა, ძალისხმევა არ დაიშურა რაიმეს მისაღწევად. უთხარით, რომ მიუხედავად ამ მცდელობისა, თუ სასურველს ვერ მიაღწია არა უშავს, შემდგომი მცდელობები აუცილებლად გამოიღებს შედეგს. არასწორია, როდესაც ამბობთ: „როგორ ვერ მიიღე ათიანი, შენ ხომ კარგი გოგო ხარ?“ ან „ათიანი რომ მიიღე ამიტომ ვამაყობ შენით“. სწორია, როდესაც ამბობთ: „მიხარია, რომ ძალისხმევა არ დაიშურე, თუმცა ამჯერად არ გამოგივიდა, შემდეგზე კიდევ მეტად ეცდები და გამოგივა“, ან „მიხარია კარგი ნიშანი რომ მიიღე, ეს შენი ძალისხმევის დამსახურებაა“.

2. ორიენტირდით მის ძლიერ მხარეებსა და შესაძლებლობებზე - უფრო მეტი ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც კარგად გამოსდრის და რისი კეთებითაც ბედნიერია. მაგალითად, არასწორია: - „დედა, დღეს ცეკვის გაკვეთილზე ძალიან რთული ილეთი გავაკეთე“; - „სამაგიეროდ მათემატიკაში გაქვს 9-იანი. სჯობდა იქაც კარგი ქულა მიგეღო“. სწორია: „ძალიან მიხარია, ყოჩაღ! ხომ ხედავ როცა ინდომებ, როგორ კარგად გამოგდის“.

3.  აუცილებლად გამონახეთ დრო ბავშვთან ურთიერთობისთვის და მასთან დროის გასატარებლად - როდესაც ბავშვსა და მშობლებს ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ ეს მოზარდს უზრდის განცდას, რომ მნიშვნელოვანია და ღირებული. ერთობლივად სხვადასხვა აქტივობების განხორციელება კი დადებითი ემოციებით ავსებს და უმძაფრებს ოჯახისადმი მიკუთვნებულობის განცდას;

4. აკონტროლეთ მისდამი ნათქვამი კრიტიკა, ის არ უნდა იყოს მისთვის მტკივნეული და დამაზიანებელი - ბავშვები თავის თავისადმი წარმოდგენას იქმნიან გარემოში არსებული სხვა ადამიანების მიერ მათდამი ნათქვამი შეფასებებით. მუდმივად გახსოვდეთ, რომ სიტყვები არასდროსა არის იმდენად მამოტივირებელი, რამდენადაც შეიძლება იყოს ზიანის მომტანი.

5. აუცილებლად გქონდეთ თქვენი საკუთარი ოჯახური ტრადიციები - მოიფიაქრეთ რაიმე აქტივობები, რომელიც თქვენი ოჯახისთვის დამახასიათებელი იქნება და რასაც რეგულარულად განახორციელებთ, როდესაც ოჯახის ყველა წევრი ერთადაა და სასიამოვნოდ ატარებს დროს. მაგალითად: ლაშქრობაზე, პიკნიკზე ერთად წასვლა; ფილმის ერთობლივი ყურება და ა.შ.

6. მიეცით საშუალება დაგეხმაროთ - ბავშვები გრძნობენ, რომ სასარგებლონი არიან თუ მიმართავთ მათ დასახმარებლად და ჩართავთ სხვადასხვა საქმიანობაში. მაგალითად: დაიხმარეთ სუფრის გაშლისას, სადილის მომზადებისას. მოზარდს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში, იცოდეს, რომ შეუძლია სხვისთვის ღირებული ქმედებების განხორციელება.

7. დაუჭირეთ მხარი სირთულეების წინაშე დგომისას და მოუწოდეთ მცდელობის გაგრძელებისკენ - შეცდომების დაშვება, პრობლემების წინაშე დგომა და მათი მოგვარების მცდელობა ბავშვის განვითარების აუცილებელი ფაქტორებია. მოუწოდეთ გააგრძელოს მცდელობა, გაამხნევეთ, რომ არ დანებდეს. ბევრი მცდელობის შედეგად მიღწეული წარმატება მათი თვითშეფასების მნიშვნელოვანი საფუძველია.

8. დაეხმარეთ ბავშვს მიზნების დასახვაში და მათი მიღწევისთვის ქმედების განხორციელებაში - მოუწოდეთ გამოვიდეს კომფორტის ზონიდან, სცადოს ახალი რამეების განხორციელება, დაისახოს მიზნები და ეცადოს მათ მიღწევას;

9. პრობლემის წინაშე დგომისას - აუხსენით რომ მოისმინოს სხვა ადამიანების აზრი, შეადაროს საკუთარ პრობლემის გადაჭრის ხერხს და მიიღოს გადაწყვეტილება. უთხარით, რომ მარცხი სწავლების აუცილებელი კომპონენტია და ამის გამო არ უნდა იყოს საკუთარი თავის მიმართ უკიდურესად კრიტიკული.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უმცირეს დეტალებსაც, თითოეულ ნათქვამ სიტყვასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს და დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის მთელ ცხოვრების მიმდინარეობაზე. შესაბამისად, მშობლის ამოცანაა იყოს მოსიყვარულე, ობიექტური, მხარდამჭერი, აღიაროს ბავშვის ინდივიდუალობა და ხელი შეუწყოს მის დამოუკიდებლობას, ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას.

 


ავტორი:

ირინე დოღაძე

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

https://www.writteninwaikiki.com/how-to-build-self-esteem-in-children/ 

https://www.journeyofparenthood.com/signs-child-suffering-low-self-esteem/ 

https://www.thepragmaticparent.com/raise-confident-kids-with-positive-self-esteem/?utm_medium=social&utm_source=pinterest&utm_campaign=tailwind_tribes&utm_content=tribes&utm_term=55599 

https://veryspecialtales.com/self-esteem-activities-for-kids/