ერთად ხატვა- როგორ გავატაროთ დრო ბავშვებთან?
თამაშს სხვადასხვა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს, რომელთა განხილვაზე ამჯერად არ შევჩერდებით. თამაშის უამრავი სახეობა არსებობს, მაგრამ დღეს შემოგთავაზებთ მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც არ მოითხოვს დიდ მატერიალურ დანახარჯს, რომელშიც შეიძლება ჩაერთოს ოჯახის რამდენიმე წევრი ასაკის მიუხედავად. თამაში ჩვენგან მოითხოვს მხოლოდ დროსა და შვილებთან ურთიერთობის სურვილს, ურთიერთობის რომელიც არ არის დაფუძნებული მხოლოდ სწავლა/სწავლებაზე, ჭკუის დარიგებაზე. ეს არის გარკვეულწილად თერაპიული თამაში, რომელიც ხელს უწყობს ემოციების გამოხატვას, შიშის, შფოთვის შემცირებას, ამავე დროს საკმაოდ სასიამოვნო და უშუალოა. იწვევს ბევრ დადებით ემოციას. და გარდა ამისა, ამ თამაშის საშუალებით შეიძლება ბევრი ახალი უნარის ათვისება და განვითრება, როგორც ბავშვებთან, ასევე უფროსებთან.
ერთად ხატვა
🟣 მშობლები და ბავშვები ხატავენ ერთად. არსებოს ამ თამაშის რამდენიმე ვარიანტი:
🟣 ბავშვი თვითონ ირჩევს იმას, თუ რა უნდა დახატოთ (ამ დროს, მშობლები მივყვებით მას);
🟣 მშობლები ვთავაზობთ თემებს;
🟣 ვხატავთ ერთად, ერთდროულად ერთ სივრცეში;
🟣 ვხატავთ სხვადასხვა სივრცეში, მაგრამ ერთდროულად;
🟣 ვხატავთ - ერთ თემას ან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ თემებს;
🟣 ვხატავთ რიგ-რიგობით - ან ერთი თემის გაგრძელებას ან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ თემებს (რომლებიც ნელ-ნელა უახლოვდება ერთმანეთს).
ამ მეთოდს განვითარების თავისი ეტაპები აქვს.
🟣 შესთავაზეთ ბავშვს თვითონ აირჩიოს ფანქრები, ხატვის სივრცე, თემა.
🟣 წინასწარ შეთანხმდით წესებზე. ვთანხმდებით ერთად და არ ვკარნახობთ მათ. უბრალოდ ვაწვდით ინფორმაციას თამაშის შესახებ და წესებს ვადგენთ ერთად - ვხატავთ ერთად, ვხატავთ რიგ-რიგობით (განსაკუთრებით, როდესაც ოჯახის რამდენიმე წევრი ერთვება) და ა.შ. წესები შეიძლება ჩამოვწეროთ მოკლე ტექსტის ან სქემის სახით.
🟣 არ არის მიზანშეწონილი ხატვის დაწყება გაშლილი სიუჟეტიდან. ჯერ მიეცით ბავშვს დრო და შესაძლებლობა (სურვილის შემთხვევაში) დაკავდეს მარტივი საგნობრივი ნახატის, ან ნებისმიერი ერთი შეხედვით „უაზრო“ ფიგურების, ხაზების, ლაქების და ა.შ. დახატვით. მიეცით უფლება „ითამაშოს“ ფერებით.
🟣 შეგიძლიათ დაიწყოთ იმ საგნების, ნივთების ხატვა, რომელიც მოსწონს ბავშვს. ხატვას თან უნდა ახლდეს ემოციური კომენტარები. ამ დროს, თუ თქვენ კარგად ხატავთ, სცადეთ „შენიღბოთ“ თქვენი უნარი, რადგანაც ბავშვმა, რომელსაც მაგ., აქვს დაბალი თვითშფასება, შეიძლება უარი თქვას ამ თამაშში ჩართვაზე.
🟣 მხოლოდ მოგვიანებით და ისიც, ბავშვის სურვილის გათვალიწინებით, შეუდექით სიუჟეტების თანდათანობით შეტანას და გაშლას - ჯერ ბავშვის ცხოვრებიდან, შემდეგ სხვა ადამიანების ცხოვრებიდან.
🟣 შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენ მოგიწიოთ მარტო იმის ხატვა, რაც უნდა ბავშვს. ხატვა შეკვეთით. არ მოგბეზრდეთ,ა დააკმაყოფილეთ ბავშვის ინეტერესი იმდენჯერ, რამდეჯერაც ის ამას მოისურვებს.
🟣 თანდათანობით ბავშვის შეკვეთის შესრულებისას ხატვის დროს დაიწყეთ სხვადასხვა მეთოდების გამოყენება(ვარიანტების ქვემოდ არის წარმოდგენილი), ან დაამატეთ რაიმე პატარა დეტალი. ერთი და იგივეს ხატვის დროს შეიძლება პატარა დეტალის დამატება. თუ ეს ბავშვის მხრიდან პროტესტს გამოიწვევს - შეწყვიტეთ ამის კეთება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ სცადეთ. თუ იმოქმედებთ ფრთხილად ერთხელაც ბავშვი აუცილებლად დათანხმდება ცვლილების შეტანაზე.
🟣 შეიძლება მოხდეს ისე, რომ ბავშვს არ ჰქონდეს არანაირი იდეა იმის შესახებ, თუ რისი ხატვა უნდა, ამ დროს შესთავაზეთ უბრალოდ ფერებით „თამაში“, ან თქვენ დაიწყეთ რაიმეს ხატვა, რაიმეს სასაცილოს, მხიარულის. მაგ., შემოხაზეთ ხელები და ისე გადააკეთეთ რომ რაღაც გამოვიდეს, დადეთ რაიმე ნივთი იმგვარად, რომ მისი ჩრდილი ეცემოდეს ქაღალდს, შემოხაზეთ ის და შემდეგ რაღაცეები დაამატეთ. დაიწყეთ ხატვა სხვადასხვა ნივთებით (მაგ., კბილის ჯაგრისი, ღრუბელი და ა.შ. პროცესს შეიძლება თან ახლდეს ემოციური კომენტარები.
🟣 ხატვის პროცესში ბავშვს აზრი ჰკითხეთ, დაუსვით კითხვები. კითხვების დასმისას, უბიძგეთ, რომ მოგცეთ შეკვეთა და ყოველ ჯერზე შეასრულეთ ეს შეკვეთა.
🟣 ან ხატვის დროს “დაივიწყეთ” რომელიმე მნიშვნელოვანი დეტალის დახატვა, მიაქციეთ ბავშვის ყურადღება (მაგ., სთხოვეთ შეაფასოს თქვენი ნახატი და ა.შ.) და როდესაც ბავშვი შეამჩნევს ამას და მოითხოვს ნახატის დასრულებას, შესთავაზეთ მას ამ დეტალის დახატვა დამოუკიდებლად (დასაწყისისთვის ეს უნდა იყოს რამე ძალიან მარტივი, შემდეგ ნელ-ნელა გაართულეთ)
🟣 სცადეთ ნახატში სიუჟეტის შეტანა– ბავშვისთვის მნიშვნელოვანი საგნები, ნივთები ჩართეთ სიუჟეტში. ეს სიუჟეტი ერთის მხრივ, უნდა ეხებოდეს ბავშვის გამოცდილებას (თუ ბავშვი ამას არ გააპროტესტებს) და მეორეს მხრივ – უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას გამოავლინოს ბავშვთან უკვე არსებული წარმოდგენები და უნდა იძლეოს, აგრეთვე, მათი კორეგირების შესაძლებლობასაც.
🟣 შესთავაზეთ ბავშვს ნახატის განვითარების, დასრულების რამოდენიმე ვარიანტი და მან თვითონ ამოირჩიოს ის, რაც მას მოსწონს ან ჰკითხეთ მას აზრი სიუჟეტის შესაძლო განვითარების შესახებ და გაითვალიწინეთ ის. მაგ.,: “ეხლა რა დავხატოთ?”, “სად იდგება ყუთი? მაჩვენე!”, “ეს ქილა სავსეა, თუ ცარიელია?” და რა არის ქილაში?”, „ამის შემდეგ რა მოხდება? სად მიდის ბავშვი?“ და ა.შ. შესთავაზეთ აირჩიოს ფერი და შესაბამისი ფანქარი. მიიღეთ და წაახალისეთ ბავშვის ნებისმიერი არჩევანი და პასუხი.
შესაძლებელია გამოიყენოთ ნახატის გამრავალფეროვნების შემდეგი გზები:
🟣 გამოიყენეთ სხვადასხვა მასალა – ფანქრების და ფლომასტერების გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ პასტელი, საღებავები (ფუნჯის, თითების), ცარცი და ა.შ.
🟣 არა მხოლოდ თეთრი ქაღალდი, არამედ ფერადიც. ფერად ქაღალდზე ხატვას თავისი ხიბლი აქვს.
🟣 ხატეთ როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ სივრცეში. შეიძლება ხატოთ კედელზე (რომელიც სპეციალურად ამისთვის არის გამოყოფილი, მაგ., კედელი, რომელიც მოპირკეთებულია კაფელით, ნებისმიერი ნახატი მასზე შემდეგ მარტივად იშლება ჭურჭლის სარეცხი სითხეებით (რაც თავის მხრივ შეიძლება გადაიქცეს მხიარულ თამაშად)), შეიძლება კედელზე გააკრათ ძველი გაზეთი, ძველი შპალერი, შეიძლება ხატოთ იატაკზე გაშლილ ქაღალდზე (სასურველია იყოს დიდი ფორმატის). შეიძლება ხატოთ სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ მაგიდის ზედაპირზე (არა ხის), რომლიდანაც შემდეგ ყველაფერი შეიძლება წაიშალოს (რა თქმა უნდა ამ დროს არ უნდა გამოიყენოთ პერმანენტული მარკერები).
🟣 თვითონ ნახატი შეიძლება იცვლებოდეს ფორმის, ზომის მიხედვით
🟣 კიდევ ერთხელ, შესთავაზეთ ბავშვს თვითონ აირჩიოს მასალა, სივრცე (საკმარისია ორიდან ერთ-ერთის არჩევაც), რაც მნიშვნელოვანია ჩართულობის ხარისხის გარზდისთვის.
🟣 და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ თამაშის დროს - თავი უნდა შეიკავოთ შეფასებებისაგან (როგორ ხატავს, რითი და ა.შ.), კრიტიკისაგან, შესწორების შეტანისაგან და ა.შ. უნდა სცადოთ არ დასვათ კითხვა „რატომ?“. მიყევით პროცესს.
აღწერილ თამაშს ბევრი დადებითი მხარე აქვს:
🟣ჩნდება სიტუაცია, რომლის დროსაც მიმდინარე მოვლენები ბავშვს უმრავლეს შემთხვევაში მოსწონს. მით უმეტეს, თუ იხატება საგნები და სიუჟეტები, რომლებიც მას აინტერესებს;
🟣 ამ ინტერესის გამოყენებით, უფროსი უბიძგებს ბავშვს, რომ მან მიიღოს აქტიური მონაწილეობა ხატვის პროცესში: აკეთებს პაუზებს, რჩევას ეკითხება, “ავიწყდება” დეტალის დახატვა და ა.შ და ჩნდება ემოციური და ამავე დროს, საქმიანი ურთიერთობის სიტუაცია;
🟣 ერთად ხატვა აძლევს ბავშვს საშუალებას, უკეთესად შეიმეცნოს სამყარო და განივითაროს კომუნიკაციური უნარები;
🟣 ამ დროს, ბავშვისთვის საინტერესო სიტუაციაში ხდება მისი სიტყვათა მარაგის გაზრდაც. უფროსი ახმოვანებს ყველაფერს რაც ხდება, რასაც ხატავს.
🟣 ხატვის პროცესში აქტუალურია ქცევის მართვის, იმპულსის შეკავების სწავლება, როდესაც საჭირო ხდება შემუშავებული წესების დაცვა და მათი მიყოლა.
🟣 ხდება არსებული შიშის, შფოთვის შემცირება, უშუალო სიტუაციაში
🟣 ეს არის თამაში, რომელიც თქვენ თვითონ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ, შეცვალოთ არსებული სიტუაციის გათვალიწინებით, თქვენ თვითონ შეიმუშავოთ წესები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციას შეესაბამებ.
🟣 ეს არის თამაში, რომელშიაც თქვენ თვითონ შეიძლება ბევრი ახალი აღმოაჩინოთ, როგორც თქვენს თავში, თქვენს უნარებში, ასევე თქვენს შვილებში და მათთან ურთიერთობაში
🟣 და უბრალოდ ეს არის ერთად გატარებული სასიამოვნო, მხიარული, პოზიტივით დატვირთული დრო!
გისურვებთ ჯანმრთელობას!!!
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15
ავტორი:
ანა ყარაულაშვილი
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი