ზრდასრული ბავშვები: უნდა იყოს თუ არა ბავშვის გრაფიკი დატვირთული?

 

მშობლებს ბავშვისთვის საუკეთესო უნდათ, სწორედ ამიტომ ხშირად დაჰყავთ სხვადასხვა სახეობის სპორტზე, წრესა თუ მოსამზადებელ ცენტრში. ბავშვების გრაფიკი იმდენად გადატვირთულია, რომ ხშირად ზრდასრული ადამიანის დატვირთვას უტოლდება. სხვადასხვა კვლევა თუ სტატია მსგავსი პრაქტიკის ავკარგიანობაზე დაობს - ზოგი ამტკიცებს, რომ დატვირთული გრაფიკი ბავშვისთვის მავნებელია, ხოლო რაღაც ნაწილი საპირისპიროს მტკიცებას ცდილობს და ამ მავნებლობას მითს უწოდებს.

საინტერსოა, თუ სად გადის ზღვარი გადატვირთულსა და დატვირთულ გრაფიკს შორის?

ბავშვებს ისედაც უწევთ სკოლაში სიარული, სადაც ზოგი დამატებით საათებსაც ატარებს, მათ ასევე უწევთ გაკვეთილების მომზადება, რასაც საკმაო დრო სჭირდება და შემდგომ იწყება სხვადასხვა აქტივობა - ცეკვა, სპორტი და ა.შ. მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვს მოტივაცია არ აქვს და სწორედ ამ დროს არის ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე დაკვირვება საჭირო. ზღვარი ყოველ ბავშვთან ინდივიდუალურად უნდა გაივლოს. დააკვირდით შემდეგ ნიშნებს:

1. არიან თუ არა ყოველთვის გადაღლილები?

2. წუწუნებენ თუ არა, როცა გარეთ გასვლა უწევთ?

3. გამოხატავენ თუ არა სურვილს მეტი თავისუფალი დროის საჭიროებაზე?

4. უარყოფითად აისახება თუ არა აკადემიურ მოსწრებაზე?

5. აქვთ თუ არა შფოთვის, სტრესის ან დეპრესიის ნიშნები?

თუ ბავშვი ავლენს მსგავს ნიშნებს, ეს გულისხმობს, რომ მისი გრაფიკი გადატვირთულა და მას უჭირს გარემოსთან გამკლავება. მაშინ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? მთავარ პრობლემას ხშირად თავისუფალი დროის დატვირთვა წარმოადგენს. მშობელს ხშირად არ აქვს იმის საშუალება, რომ სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს დრო დაუთმოს, სწორედ ამიტომ ამ დროს ბავშვები ძირითადად ეკრანებთან ატარებენ, შესაბამისად, მშობელი იძულებულია მეთვალყურეობის გარეშე მყოფი ბავშვი რაიმე აქტივობაზე ატაროს.

 

როგორ უნდა იპოვოთ ბალანსი?

მშობელმა ისე უნდა დააბალანსოს ბავშვის გრაფიკი, რომ ის არ გადაიღალოს. ამისთვის მან:

1. ისეთი აქტივობა უნდა აარჩიოს, რომელიც ბავშვს მეტად სიამოვნებს;

2. ასევე უნდა გამოუყოს დრო რომელსაც ბავშვი თავისი სურვილისამებრ განკარგავს

3. დამატებით აუცილებელია დროითი მონაკვეთი, რომელსაც ბავშვი ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებს.

საბოლოოდ, ბავშვისთვის საუკეთესო, მისი ცხოვრების დაგეგმვის პროცესში მოსმენას, მისი სურვილების გათვალისწინებას ნიშნავს.

 


"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15

 

ავტორი:

სოფო ცაგარეიშვილი

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.washingtonpost.com/news/parenting/wp/2017/05/10/the-myth-of-the-overscheduled-child  

ttps://www.ahchealthenews.com/2013/03/25/overscheduling-your-child-leads-to-burnout-and-less-creativity

https://www.webmd.com/parenting/features/overscheduled-child-may-lead-to-bored-teen