მიჯაჭვულობა

 

ადამიანი სამყაროს შესწავლას დაბადების პირველივე წუთებიდან იწყებს. ის თუ როგორი დამოკიდებულება ექნება პიროვნებას გარშემომყოფების, თუ საკუთარი თავის მიმართ, იმაზეა დამოკიდებული რა სახის მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდება.

ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა მისი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იწყება. მიჯაჭვულობა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარების ყველა კომპონენტზე, იქნება ეს ფიზიკური ჯანმრთელობა, გონებრივი განვითარება, სოციალური კომპეტენცია, თვითშეფასება, თვითპატივისცემის განცდა, თუ ზოგადად, ზრდასრულობაში სრულფასოვანი პიროვნული ფუნქციონირება.

სამყაროს შეფასება როგორც უსაფრთხო, ან როგორც საფრთხის შემცველი ადგილის სწორედ მიჯაჭვულობით იწყება. მიჯაჭვულობის პრობლემების მქონე ბავშვს უჭირს გარემოსა და ადამიანების მიმართ ნდობის გამოვლენა, არ აქვს უსაფრთხოების განცდა, რაც ადამიანის ბაზისური მოთხოვნილებაა. როცა ეს ბაზისური მოთხოვნილება დაკმაყოფილებული არაა, უფრო მაღალი რანგის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც ფერხდება. რაც ხელს უშლის მას ფუნქციონირებაში.

მაგალითისთვის თქვენი თავი წარმოიდგინეთ. თქვენ ახერხებთ საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენას სამსახურში, სადაც კოლექტივიც და უფროსიც თქვენ მიმართ მტრულადაა განწყობილი და არასდროს იცით, როდის “დაგესხმებიან თავს” ?. ასევეა ბავშვიც, თუ გარემო არაპროგნოზირებადია და არაა უსაფრთხო ადგილი, იგი თვითგადარჩენაზე, თავის დაცვაზეა ორიენტირებული და უფრო მაღალი მატერიებისთვის, როგორიცაა მაგ. სწავლა, რესურსი აღარ რჩება.

რა არის მიჯაჭვულობა?

მიჯაჭვულობა არის ძლიერი ემოციური ურთიერთკავშირი ადამიანებს შორის, რომელიც განუსაზღვრელი დროით ნარჩუნდება, მაშინაც კი თუ ეს ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად სცილდებიან. მიჯაჭვულობა ჩვილობაში ვითარდება ბავშვსა და მასზე მზრუნველ პირს შორის. ჩვილისთვის მიჯაჭვულობა გარდა ემოციური კავშირის, დაცულობის შეგრძნებისა და სიახლოვის სურვილისა, სრულფასოვანი განვითარების გარანტიცაა. სირთულეებმა მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების პროცესში, შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ქცევითი და ემოციური, ისე შემეცნებითი პრობლემებიც.

ადამიანი განვითარებას და გარემოს, საკუთარი თავის თუ სხვა ადამიანების შესწავლას ჩვილობიდანვე იწყებს. სიცოცხლის პირველ დღეებში ცოდნა გარემოს შესახებ საკმაოდ მწირია და ინფორმაციის მიღების წყაროებიც საკმაოდ შეზღუდულია. ეს ძირითადად თავად ბავშვის ბაზისური მოთხოვნილებებით და მასზე მზრუნველით შემოიფარგლება. ამ დროს ბავშვი ინფორმაციას იღებს როგორც გარემოზე, ისე ადამიანებზე და რაც მთავარია, საკუთარ თავზეც. კერძოდ, როცა მშია მაჭმევენ? როცა სველი ვარ მიცვლიან? როცა ვტირი მამშვიდებენ? როცა მცივა მათბობენ? როცა ვიღიმი მიღიამიან? თუ ამ შეკითხვებზე პასუხი დადებითია, მაშინ სამყარო ბავშვის მიერ თბილ, უსაფრთხო ადგილად აღიქმება, ადამიანები სანდოები არიან, თავად სასურველი და საყვარელია. მაგრამ თუ პასუხი უარყოფითია, სამყარო საშიში, საფრთხის შემცველი ადგილია, ადამიანების ნდობა არ შეიძლება, მე სასურველი და საყვარელი არ ვარ.

ნიშანდობლივია, რომ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე, მხოლოდ ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილება საკმარისი არაა და აქ მთავარ როლს, სწორედ ემოციური კონტაქტი და ბავშვთან ჯანსაღი კომუნიკაცია თამაშობს. შესაძლებელია მშობელი მთელი დღე იყოს ბავშვის სივრცეში, პასუხობდეს ყველა მის საჭიროებას, ზრუნავდეს მასზე, მაგრამ ემოციურად არ იყოს მის გვერდით. ასევე შესაძლებელია, მშობელი მხოლოდ ნახევარ საათს ატარებდეს ბავშვთან მაგრამ იმდენად ინტენსიური იყოს ემოციური ჩართულობა, სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის.

რა ფორმით ვლინდება მიჯაჭვულობა?

იმს მიხედვით, თუ როგორ ურთიერთობს ერთმანეთთან ჩვილი და მასზე მზრუნველი ადამიანი შეიძლება განვიხილოთ მიჯაჭვულობის რამდენიმე ფორმა:

1. სანდო მიჯაჭვულობა - როცა მშობელი უსაფრთხოების გარანტია, ბავშვმა იცის, რომ ყოველთვის როცა დასჭირდება, მშობელი იქნება მასთან ახლოს. შესაბამისად იგი მშვიდად, დაცულად და სასურველად გრძნობს თავს.

ჩვილის დამოკიდებულებები საკუთარი თავის თუ გარემოს მიმართ შემდეგია:

- ჩემი აღმზრდელი ჩემზე ზრუნავს, ამიტომ სხვა ადამიანებსაც შემიძლია ვენდო;

- რაკი ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ, მე ვარ სიყვარულის ღირსი;

- სამყარო ის ადგილია, სადაც ჩემზე ზრუნავენ და მე უსაფრთხოდ ვარ.

2. არასანდო მიჯაჭვულობა- ბავშვი დარწმუნებული არაა იმაში, რომ შეიძლება ენდოს მშობლებს, რადგან მათგან ყოველთვის ვერ იღებს იმას, რაც სჭირდება. შესაბამისად მას არ აქვს განცდა, რომ მშობელი დაიცავს როცა მას ეს დასჭირდება, იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური საჭიროება.

ჩვილის დამოკიდებულებები საკუთარი თავის თუ გარემოს მიმართ შემდეგია:

- ჩემი აღმზრდელი ჩემზე არ ზრუნავს, ამიტომ სხვა ადამიანების ნდობაც არ შეიძლება

- რაკი ჩემ მიმართ სიყვარულს არ გამოხატავენ, მე არ ვარ სიყვარულის ღირსი

- გარემო, რომელშიც მე ვცხოვრობ უსაფრთხო არ არის, ამიტომ მე ვერ ვგრძნობ თავს დაცულად.

არასანდო მიჯაჭვულობაზე საუბრისას, აღსანიშნავია ამბივალენტური მიჯაჭვულობა

- როცა აღმზრდელის ქცევა ბავშვის მიმართ არათანმიმდევრულია. იგი ხან თბილი და მზრუნველია, ხან კი ბრაზიანი, და გაღიზიანებული. შესაბამისად გარემო არაპროგნოზირებადია და ბავშვმა არ იცის რას უნდა ელოდეს მისგან.

ჩვილის დამოკიდებულებები საკუთარი თავის თუ გარემოს მიმართ ასევე ურთიერთგამომრიცხავია და შემდეგნაირად გამოიყურება:

- ჩემი აღმზრდელი ჩემზე ყოველთვის არ ზრუნავს, ამიტომ სხვა ადამიანების ნდობა ყოველთვის არ შეიძლება

- მე ყოველთვის არ ვარ სიყვარულის ღირსი, ამიტომ სიყვარული მუდმივად უნდა დავიმსახურო

- გარემო, რომელშიც მე ვცხოვრობ, არაპროგნოზირებადია, შესაბამისად არ არის უსაფრთხო, მე თავს მუდმივად დაცულად ვერ ვგრძნობ.

არასანდრო მიჯაჭვულობის შედეგები

მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვნებას, ბავშვის განვითარების პროცესში, როგორც წესი არასაკმარისი ყურადღება ეთმობა. ხშირად მშობლები მეტად ორიენტირებულნი არიან ბავშვის ყოველდღიური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ბავშვის მატერიალურად უზრუნველყოფაზე, ემოციური ჩართულობა კი ნაკლებია, რასაც არც თუ ისე კარგ შედეგებამდე მივყავართ.

ბავშვობის ასაკში ეს შესაძლოა გამოიხატოს ქცევის სირთულეებით, როგორიცაა აგრესიული ქცევა, დაუმორჩილებლობა, ოპოზიციურობა. ასევე ემოციური თვითრეგულაციის სირთულეები, გაღიზიანებადობა, ბრაზი, ხშირი ტირილი, დამშვიდების სირთულე, დადაბლებული გუნება - განწყობა და სხვა. იქიდან გამომდინარე რომ ბავშვებს გარემოსთან თუ საკუთარ ემოციებთან გამკლავების, მათი კონსტრუქციულად გამოხატვის ნაკლები რესურსი აქვთ, სწორედ ამ ქცევით მიგვანიშნებენ, რომ რაღაც ისე არ მიდის როგორც საჭიროა, რაღაც აწუხებთ, რაღაც პრობლემურია.

ზრდასრულობაში, როგორც წესი იგივე ემოციური მდგომარეობა ნაკლებად შესამჩნევია გარშემომყოფებისთვის, თუმცა საკმაოდ რთულია მასთან გამკლავება თავად პიროვნებისთვის. მიჯაჭვულობის დარღვევამ შესაძლოა ზრდასრულობაშიც იქონიოს გავლენა სოციალური უნარების ნაკლებობაზე, თვითპატივისცემის, თვითშეფასების, თუ ემპათიის უნარის ჩამოყალიბებაზე, სოციალური ურთიერთობების წამოწყებასა და მათ შენარჩუნებაზე.

ჩვილობაში მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების სირთულეების მქონე ზრდასრულებს როგორც წესი არ აქვთ სამყაროს და სხვა ადამიანების მიმართ ნდობა. ისინი შესაძლოა მიიჩნევდნენ, რომ სხვა ადამიანების ნდობა არ შეიძლება, მუდმივად ელიან საფრთხეს, რომ შესაძლოა რამე ცუდი მოხდეს, ან ვინმე ცუდად მოექცეს, აქვთ მოლოდინი, რომ მათ მიატოვებენ, ან უღალატებენ. შესაძლოა ჰქონდეთ დაბალი თვითშეფასება და თვითპატივისცემა. შესაძლოა თვლიდნენ, რომ არ იმსახურებენ უპირობო სიყვარულს და სხვების სიყვარული მუდმივად უნდა მოიპოვონ. ადამიანებს მსგავსი განცდებითა და შეხედულებებით, უჭირთ ხანგრძლივი, ურთიერთობების შენარჩუნება, შესაძლოა ჰქონდეთ კონფლიქტები სხვებთან, მუდმივად ცდილობდნენ თავდაცვას, მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ დგას, იყონ მტრულები და ეჭვიანები, უჭირდეთ სხვების პატიება და მიღება, ასევე უჭირთ სხვების მხრიდან სიყვარულის, თანადგომის, დახმარების მიღება. აქ განსაკუთრებით დრამატულია ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ახლო, ინტიმური ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, ამიტომ ყალიბდება ამბივალენტობა, ერთი მხრივ მჭირდება ადამიანები, მეორე მხრივ, მეშინია მათი დაკარგვის, ან მათგან უარყოფის, შესაბამისად თან მივილტვი მათკენ, თან კი ვცდილობ მათგან განცალკევებას.

ზრდასრულობაში მიჯაჭვულობის სირთულეების მქონე პიროვნებების განცდები შემდეგნაირად შეიძლება გამოიყურებოდეს:

- ჩემთვის არაკომფორთულია ადამიანებთან ახლოს ყოფნა, მათთან გახსნა და ღიაობა. მიჭირს მათ ბოლომდე ვენდო, ან საკუთარ თავს უფლება მივცე მათზე დამოკიდებული ვიყო, მიჭირს ვთხოვო დახმარება, ან მივიღო დახმარება, როცა თავად მთავაზობენ. ვნერვიულობ და მეშინია, როცა ვიღაც ჩემთან დაახლოებას ცდილობს.

- ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემ მეგობრებს, თუ ახლობლებს არ ვუყვარვარ, ჩემ თანამშრომლებს არ მოვწონვარ. ჩემთან ურთიერთობა მოსაწყენი და უსიამოვნოა. ამიტომ მუდმივად ვცდილობ პატივისცემის და სიყვარულის მოპოვებას, ან იმაზე მეტად ვეწებები ჩემ მეგობრებს ვიდრე დასაშვებია, რაც მათ მართლა აშინებს და აწუხებს.

როგორც ვხედავთ მიჯაჭვულობის სირთულეები ზრდასრულობაშიც იჩენს თავს და განსაზღვრავს ადამიანის ყოველდღიურობას. ამასთან ქცევის თუ ემოციის პატერნები სხვადასხვა ასაკში თითქოს ერთნაირად გამოიხატება. კერძოდ. თუკი ბავშვი, არასანდო მიჯაჭვულობით, განერიდება მშობლებს, აღარ ითხოვს დახმარებას, უარს ამბობს სხვებისგან სიყვარულის მიღებაზე, იზოლირდება მათგან და აღარც ელოდება ყურადღებას. ზრდასრულები იგივენაირად ფრთხილობენ, თავს იკავებენ სხვებთან მჭიდრო ურთიერთობებზე, არც ელიან და უჭირთ კიდეც სხვებისგან სიყვარულის, ან დახმარების მიღება. ცდილობენ განერიდონ მათ და შორს დაიჭირონ თავი, რათა მიტოვებულნი არ აღმოჩნდნენ. მეორე მხრივ, თუკი ბავშვი, უგულვებელყოფაზე საპირისპიროდ რეაგირებს, მუდმივად ცდილობს, რამე საშუალებით მაინც მიიღოს გარშემომყოფებისგან სიყვარული და სულ უფრო მეტად ეკვრის აღმზრდელებს, ზრდასრულებიც თითქოს მუდმივად ეძებენ სიყვარულს, ცდილობენ მის მოპოვებას და სხვების მიჯაჭვას საკუთარ თავზე. ორივე ზევითგანხილული პატერნი კი არაჯანსაღია და ხელს უშლის ადამიანს ფუნქციონირებაში.

მიჯაჭვულობის დარღვევის მიზეზები:

მიჯაჭვულობის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორებმა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ისინი ბავშვზე 1-2 წლის ასაკში მოქმედებენ, აგრეთვე მაშინ, როცა ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი ზემოქმედებს. მათგან ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ფაქტორები:

1. ურთიერთობის, ემოციური კავშირების უკმარისობა - როცა ხანგრძლივი დროის მანძლზე ბავშვის სურვილების დაკმაყოფილება არ ხდება. ეს სურვილები შესაძლოა ეხებოდეს როგორც მის უსაფრთხოებას, ისე ფიზიკურ, ინტელექტუალურ თუ სოციალურ სფეროებს. ბავშვს არ აქვს განსაზღვრული დღის რეჟიმი, ქაოტურად ხდება მისი კვება, დარღვეულია ძილის რეჟიმი, არ აჰყავთ ხელში როცა ტირის, ( ან აგვიანებენ მის ხელში აყვანას). ასევე, მასზე ზრუნვის დროს არ ხდება ემოციური გაზიარება, კერძოდ, აღმზრდელი არ უყურებს, არ უღიმის, არ ეხმაურება, არ ცდილობს მასთან კავშირის დამყარებას.

2. ძალადობა - ხანგრძივი დროის განმავლობაში ხდება ბავშვზე ძალადობა, მიჯაჭვულობა მშობელთან ირღვევა და ორი სახით ვლინდება- ერთი მხრივ, შესაძლოა ბავშვი მთლიანად ჩამოსცილდეს მშობელს და საერთოდ აღარ აქცევდეს ყურადღებას, ან პირიქით კიდევ უფრო მეტად მიეჯაჭვოს მას და ძალიან გაუჭირდეს მასთან განშორება, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამბივალენტურ მიჯაჭვულობასაც, რომლის დროსაც ბავშვს თან სურს მშობელთან ყოფნა და მისი სიახლოვე, თან ცდილობს მას თავი აარიდოს, თან მოითხოვს ყურადღებას, მაგრამ ყურადღების მიღებისას ცდილობს მის თავიდან მოშორებას.

3. საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა - ცხოვრების პირველ წლებში, ჩვილის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოწესრიგებული დღის რეჟიმი და ერთი მუდმივი ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს. ადგილის ცვლილება თავისთავად არღვევს ბავშვის ყოველდღიურ რეჟიმს, თუ ადგილის ცვილებას მშობლების გაშორებაც სდევს თავს, რის შედეგადაც ჩვილს უწევს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მის მდგომარეობას და მიჯაჭვულობა მშობლებთან ირღვევა.

როგორ უზრუნველვყოთ ბავშვთან სანდრო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება?

სანდრო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი სულაც არაა იდეალურობა, უნაკლობა, ან უშეცდომობა. ხშირად მშობლები იმდენად ორიენტირებულნი არიან მოიქცნენ სწორად, არ დაუშვან შეცდომები და იყონ სრულყოფილები, რომ განიცდიან ძლიერ სტრესს, გამოფიტვას და შფოთვას, რაც ხელს უშლით როგორც საკუთარ თავზე, ისე ბავშვზე ზრუნვაში. მეორე მხრივ კი მშობლები შვილებთან მათი ცხოვრების რიტმის გამო, ძალიან ცოტა დროს ატარებენ და მაშინაც როცა ბავშვთან არიან, უკმაყოფილებენ მათ მატერიალურ, ძირითად ბაზისურ საჭიროებებს, თუმცა ნაკლებად არიან ჩართულები შვილებთან ემოციურად.

სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია გარდა ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფისა, მისი ბაზისური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, მასთან ემოციური კონტაქტის არსებობა. წლამდე ასაკში ეს კონტაქტი როგორც წესი, არავერბალურად ხდება, ღიმილით, მზერითი კონტაქტით, შეხებით, ჩახუტებით. შემდგომ ასაკში კი ბავშვთან საუბრით, მისი მოსმენით, მისთვის არჩევანის მიცემით. მოზარდობაში მათი დამოუკიდებელ პიროვნებებად აღიარებით, ისეთი გარემოს შექმნით, სადაც ბავშვი უპირობოდ უყვართ, მას უპირობოდ იღებენ ისეთს, როგორიცაა და სიყვარულისთვის ბრძოლა, მისი მოპოვება არ სჭირდება. სწორედ ესაა სამყაროს უსაფრთხოებისა და საკუთარი თავის მნიშვნელოვნების განცდის ერთ-ერთი საფუძველი, რაც სამომავლოდ ბავშვის სრულფასოვანი განვითარების საწინდარი ხდება.


"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"

მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4

☎️ 2 44 55 15

 

ავტორი:

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი - ზანდა ჩეჩელაშვილი

 

გამოყენებული ლიტერარუტა:

 

https://www.caringforkids.cps.ca/handouts/attachment 

https://childdevelopmentinfo.com/development/how-to-develop-attachment-with-a-child/  
https://www.helpguide.org/articles/parenting-family/what-is-secure-attachment-and-bonding.htm 

http://phf.org.ge/uploads/publications/57cfe4caa429d.pdf