ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

 

ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ცნობადობისა და მიმღებლობის ამაღლების დღე.

 ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ხანგრძლიად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც მთელი რიგი სიმპტომებით ხასიათდება და ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში და აქტიურად ფუნქციუნირებაში.

ეს სინდრომი ვლინდება ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი, განურჩევლად სქესისა და სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსისა. თუმცა ქალებში მეტად გვხვდება, ხოლო მისი გამოვლინების ასაკად , უმეტეს შემთხვევაში 20 – 40 წელია მიჩნეული.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ნიშნები მრავალფეროვანია და სხვადასხვა სფეროში ვლინდება, თუმცა წამყვან სიმპტომად ითვლება მუდმივი ძალაგამოცლილობა, დაღლილობა და შეგრძნება, რომ ადამიანი არ არის კარგად. თუმცა, ცუდად ყოფნა ფიზიკურ ჯანმრთელობას, ან რამე კონკრეტულ პრობლემას არ უკავშირდება. რაც მეტად აქტიურია ადამიანი მით უარესდება მისი სიმპტომები, თუმცა, დასვენება და გამოძინება არ ამცირებს ნიშნების სიმძიმესა და ინტენსივობას.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამოვლინებები ცვალებადობს ინდივიდიდან ინდივიდამდე და ვლინდება სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა ინტენსივობით და ნიშნებით. ასევე, თავად პაციენტების გამოცდილებით, დღის მანძილზე მათი სიმპტომები ვარირებს ძალიან მსუბუქიდან ძალიან მძიმემდე.

ძირითადად განასხვავებენ შემდეგ ნიშნებს:

🟣 ძილის სირთულეები - გადაჭარბებული ძილიანობა, ან უძილობის ეპიზოდები.

🟣 მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. ხანგრძლივი ძილის ან დასვენების მიუხედავად, ადამიანი ძალაგამოცლილი და გადაღლილია.

🟣 ტკივილები სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რაც არ აიხსნება ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით - თავის, ზურგის, ძვლების, სახსრების აუხსნელი ტკივილი. კუნთებისა და ძვლების ტკივილი.

🟣 გრიპის მაგვარი სიმპტომები - ყელის შეშუპების, თითქოს სიცხის ქონის, მოთენთილობის სახით.

🟣 თავბრუხვევა, გაბრუების შეგრძნება, გულისრევის შეგრძნებები.

🟣 პრობლემები აზროვნებისას - ფიქრის, კონცენტრირების, სამუშაოს ორგანიზების, მეხსიერებისა და ყურადღების მოკრების სირთულეები.

 

როგორ ხდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტირება?

 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს კონკრეტული ტესტი, ან გამოკვლევა, რომელიც მის დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, სწორი დიაგნოზის დასმა სრულად კონკრეტულ სპეციალისტზეა დამოკიდებული. როგორც წესი ეს არის ფსიქიატრი, ან ნევროპათოლოგი.

თუმცა, ძალიან ხშირად აღნიშნული სინდრომი ჰგავს აპათიის, დეპრესიის, თუ სხვა გუნება-განწყობის, ან სამსახურში ძლიერი სტრესის ფონზე „ გადაწვის“ მდგომარეობებს და საკმაოდ რთულია მისი დიფერენცირება. ამის გამო ხშირად ის არასწორად ან დაგვიანებით დიაგნოსტირდება.

 

როგორ ხდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობა?

 

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშული სიმპტომის გამოვლინება ვარირებს პაციენტიდან პაციენტამდე, მკურნალობაც ინდივიდუალურია და არა საყოველთაოდ დადგენილი. სპეციალისტი თავად პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ადგენს მკურნალობის გეგმას. თუმცა, თითქმის ყველა შემთხვევაში მისაღები და ეფექტურია :

🟣 მედიკამენტოზური მკურნალობა.

🟣 ფსქოთერაპია - განსაკუთრებით ეფექტურია - კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპია.

🟣 სწორად შედგენილი ფიზიკური აქტივობების გეგმა, რომელიც ეტაპობრივ, დროთა განმავლობაში გართულების ხასიათს უნდა ატარებდეს.

აქვე უნდა აღინიშოს, რომ სიმპტომები შესაძლოა დროთა განმავლობაში გაუარესდეს, ან საერთოდაც შემცირდეს ან გაქრეს, თუმცა, დაბრუნდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბავშვებსა და მოზარდებს მასთან გამკლავების მეტი რესურსი აქვთ.

მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია ცალკეულ პიროვნებაზე და დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობაზე. რაც უფრო ხანრძლივი პერიოდის მანძილზე მიმდინარეობს დაავადება, მით უფრო რთულია მასთან გამკლავება. შესაბამისად, პირველი რეკომენდაცია, რომელსაც დარგის ექსპერტები იძლევიან, დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დროულად დაწყებაა.

 



"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"

მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4

☎️ 2 44 55 15

 

ავტორი :

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი და ფსიქოკონსულტანტი, ზანდა ჩეჩელაშვილი

 

წყარო :

https://www.nhs.uk/conditions/chronic-fatigue-syndrome-cfs/

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chronic-fatigue-syndrome/symptoms-causes/syc-20360490