მამის ჩართულობა ბავშვის განვითარებაში
ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი გვერდის გამომწერების 95% ქალია და სწორედ ამიტომ საჭიროა ორიოდე სიტყვა ბავშვის აღზრდაში მამის როლის შესახებ.
წლების განმავლობაში სიტყვა “მშობელი” უმეტესად დედას აღნიშნავდა და მიიჩნეოდა, რომ მამის როლი ბავშვის აღზრდაში უმნიშველოა. თუმცა, კვლევები იუწყებიან, რომ პროცესში ჩართული უნდა იყოს ორივე მშობელი.
ჩართულობა ნიშნავს, რომ მშობელმა უნდა უპასუხოს ბავშვის მოთხოვნებს და დაუკმაყოფილოს სურვილები, როცა მას შია, სწყურია ან თუნდაც თამაში სურს. ასევე დაუკმაყოფილოს ემოციური მოთხოვნილებები - ჩაეხუტოს, როცა უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს, მოახერხოს ბავშვის ემოციების გაგება და მასზე შესაბამისი პასუხი. აგრეთვე ჩართულობა მოიცავს სხვა სახის მოვალეობების შესრულებას - სკოლაში თუ ბაღში წაყვანას, სწავლის პროცესში ჩართულობას და ა.შ.
სხვადასხვა კლინიკური კვლევის მიხედვით, შვილის აღზრდაში მეორე მშობლის პერიფერიული როლი ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის - იზრდება ალბათობა იმსა, რომ მას შემდგომში რაიმე ფსიქოლოგიური აშლილობა ჩამოუყალიბდება (Kazdin, 1995; Jacob, 1987). ასეთ ოჯახებში ხშირია ოჯახური უკმაყოფილობებიც და სრულადაა შესაძლებელი კვლევები ამ ფაქტს ემყარებოდეს, თუმცა ზოგი კლევა გვამცნობს, რომ მამის ჩართულობის ხარისხი, ბავშვის თვითშეფასების ხარისხთან კორელირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ოჯახებში, სადაც მამაც ზრუნავს, ბავშვი ნაკლებად შფოთავს თავისი თავის მნიშვნელობის/ ღირებულების შესახებ და უფრო თავდაჯერებულია პიროვნულ ურთიერთობებში თუ ინტელექტუალურ გარემოში (Lamb et al., 1987).
კვლევები არ ეხება მხოლოდ რისკ-ფაქტორებს, არამედ რეაბილიტაციის პროცესსაც, რაც გულისხმობს რომ თერაპიის პროცესში მამის ჩართულობა აუმჯობესებს შედეგებს - რეაბილიტაციის პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტურია (Carr, 1997, 1991). ზოგი კვლევა კი ხაზს უსვამს მამის როლს ბავშვის ემოციური რეგულაციის განვითარებაში, რაც გულისხმობს გარემოზე ადეკვატურ ემოციურ პასუხებს - იმპულსის შეკავებას და გამოშებას საჭიროების და სოციალური კონტექსტის გათვალისწინების მიხედვით (Blankenhorn, 1995).
არსებობს კიდევ მრავალი კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ მამის ჩართულობა გავლენას ახდენს ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზე, სოციალური კომპეტენციაზე დასწავლის უნარზე და ა.შ. თუმცა, ალბათ ბევრი კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ბავშვზე დადებითად აისახება, როცა მას ერთის ნაცვლად ორი მშობელი უვლის - მზადაა მის მოთხოვნებს დახვდეს და თავი დაცულად აგრძნობინოს.
ავტორი:
სოფო ცაგარეიშვილი
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15
გამოყენებული ლიტერატურა:
Carr, A. (1991) Milan Systemic Family Therapy: A review of 10 empirical investigations. Journal of Family Therapy, 13, 237–264.
Jacob, T. (1987). Family Interaction and Psychopathology. New York: Plenum.
Kazdin, A. (1995). Conduct Disorders in Childhood and Adolescence (second edition). Thousand Oaks, CA: Sage.
Lamb, M., Pleck, J., Charnov, E. and Levine, J. (1987). A biosocial perspective on paternal behaviour and involvement. In J.Lancaster, J.Altman, A.Rossi and L.Sherrod (eds), Parenting Across the Lifespan: Biosocial Perspectives. Hawthorn, NY: Aldine.
Leidy MS, Schofield TJ, Parke RD. Fathers’ contributions to children’s social development. In: Cabrera NJ, Tamis-Lemonda CS, eds. Handbook of father involvement: Multidisciplinary perspectives, 2nd ed., 2013:151-167.
Nettle D. Why do some dads get more involved than others? Evidence from a large British cohort. Evolution and Human Behavior 2008;29(6):416-423.
McWayne C, Downer JT, Campos R, Harris RD. Father involvement during early childhood and its association with children's early learning: A meta-analysis. Early Education & Development 2013;24(6):898-922.