როგორ გავზარდოთ პასუხისმგებლობის გრძნობა ბავშვებთან
ყველა მშობელს სურს მისი შვილი იყოს პასუხისმგებლობის მქონე, წარმატებული, ბედნიერი და კეთილსინდისიერი ადამიანი. მეორეს მხრივ, თუ ბავშვს ადრეულ ასაკშივე არ გავაცნობთ სწორ ღირებულებებს და არ ვასწავლით შესაბამის ქცევას, შესაძლოა ამით გამოწვეული პრობლემების მოგვარება მომავალში უფრო გაგვიჭირდეს.პროფესიული წარმატების, საკუთარ თავზე და სხვებზე მზრუნველობის საფუძველი ხომ სწორედ პასუხისმგებლობის მაღალი განცდაა?! შესაბამისად, მშობლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს საკუთარი შვილების პასუხისმგებლობის მქონე მოზრდილებად აღზრდა წარმოადგენს. აღნიშნულ უნარზე მუშაობა კი ძალიან ადრეული ბავშვობიდან იწყება.
და მაინც რას ნიშნავს პასუხისმგებლობის გრძნობა?
1. როდესაც მიზანმიმართულად იწყებ ფიქრს შენი ქცევის, მოქმედების შესაძლო შედეგებზე, აცნობიერებ და იღებ პასუხისმგებლობას მასზე;
2. როდესაც მიზანი კეთილსინდისირებაა და შესაბამისად იქცევი. ამის გამო, სხვა ადამიანებიც გენდობიან.
და როგორ ვლინდება ის „მოქმედებაში“, ანუ ყოველდღიურ სიტუაციებში?
მაგალითად:
ექიმი - აცნობიერებს საკუთარი ქმედების მნიშვნელობას პაციენტის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ამასთან, ითვალისწინებს მის ემოციურ თავისებურებებს. მოქმედებს ფრთხილად და ყურადღებით.
მშობელი - აცნობიერებს საკუთარი როლის მნიშვნელობას ბავშვის როგორც ინტელექტუალური, ასევე ემოციური განვითარების მხრივ. შესაბამისად, მოქმედებს ფრთხილად და ყურადღებით.
საჯარო მოხელე - აცნობიერებს საკუთარი როლის მნიშვნელობას სხვადასხვა ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირების საქმეში. შესაბამისად, მოქმედებს ფრთხილად და ყურადღებით.
პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება იწყება ადრეული ბავშვობიდან და უკავშირდება შეცდომის აღიარების, მასზე პასუხისმგებლობის აღების და მისი გამოსწორებისთვის ზრუნვის პროცესებს. ნებისმიერი ჯგუფის, ინსტიტუტის, სახელმწიფოს ჯანსაღი ფუნქციონირება დაკავშირებულია მისი წევრების მაღალ კომპეტენციასა და პასუხისმგებლობის განცდასთან. შესაბამისად, ბავშვთან პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მიზანს, როგორც მშობლისთვის, ისე მთლიანი საზოგადოებისთვის.
რაში შეიძლება ვლინდებოდეს პასუხისმგებლობის განცდა ბავშვისათვის?
სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განსხვავებული სირთულის ამოცანები არსებობს, რომელთა გადაჭრაც პასუხისმგებლობის გრძნობას მოითხოვს. მათზე დაკვირვება შესაძლებელია 1 წლის ასაკის ბავშვთანაც კი.ზოგადად კი, ის შეიძლება შემდეგში გამოიხატებოდეს:
🔹 საკუთარ თავზე ზრუნვა - თვითმოვლა (დამოუკიდებლად ჭამა, ხელ-პირის დაბანა, ტანსაცმლის გამოცვლა და ა.შ)
🔹 საკუთარ ნივთებზე ზრუნვა (სათამაშოებისა და სასკოლო ნივთების მოწესრიგება, ოთახის ან თავისი სივრცის დალაგება, საკუთარი ტანსაცმლის გარეცხვა/გასუფთავება და ა.შ);
🔹 ყოველღიური მოვალეობების შესრულება (სახლის დალაგებაში, ჭურჭლის დარეცხვაში, საჭმლის მომზადებაში, ნაგვის გადაყრაში, ეზოს დასუფთავებაში და ა.შ მონაწილეობა);
🔹 საკლასო და საშინაო დავალებებზე ფოკუსირება და მათი შესრულება;
🔹 თანატოლებთან და ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება;
🔹 დროის და ფულის სწორად განაწილება (მაგალითად: 2 საათი მეცადინეობა და შემდგომ ეზოში სათამაშოდ ჩასვლა; შეგროვებული ფულის საჩუქრისთვის გამოყენება და ა.შ.)
🔹 საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა (უსახლკარო ადამიანების დახმარება, ქუჩის მოწესრიგებაში მონაწილეობის მიღება და ა.შ);
ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად აღნიშნული პასუხისმგებლობები, რა თქმა უნდა, იზრდება. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა:
როგორ დავეხმარო ჩემს შვილს პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდაში?
1. არ გაუკეთოთ ისეთი რაიმე, რასაც თავადაც გაართმევს თავს!
🔹 ამ საკითხზე მუშაობა ადრეული ასაკიდანვე დაიწყეთ- სკოლამდელ ასაკშიც მიეცით ბავშვს საშუალება, თავად გაუმკლავდეს თვითმოვლასთან და საკუთარი ნივთების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგალითად, შეიძლება უჭირდეს ჩაცმა და ამ პროცესში ბევრჯერ განიცადოს მარცხი, მაგრამ დაელოდეთ მოთმინებით! აცადეთ, თავად გადალახოს ეს სირთულე.
🔹 არ გადაჭრათ პრობლემები მის მაგივრად - ამის ნაცვლად, დაეხმარეთ, თავად გააცნობიერონ, იფიქრონ და მოიძიონ მისი მოგვარების გზები;
🔹 როდესაც ბავშვს აძლევთ საშუალებასთავად იმოქმედოს, ეს მას თავდაჯერებულობასა და კომპეტენტურობის განცდას მატებს. ასევე, ზრდის დამოუკიდებლობის ხარისხსაც.
2. ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი მათდამი მოლოდინები!
🔹 ბავშვთან შეთანხმებით შეიმუშავეთ სახლში ქცევის წესები და დარწმუნდით, რომ მისთვის ეს გასაგებია;
🔹 იყავით თანმიმდევრული: მაგალითად, თუ თქვენი წესია „ტელევიზორის ყურება შეიძლება მხოლოდ მეცადინეობის შემდგომ“ - არ გადაუხვიოთ მას;
🔹 ყოველთვის ნათლად აუხსენით ბავშვს, რა ტიპის ქცევას ელით მისგან: „როდესაც მაღაზიაში შევალთ, გთხოვ, ჩემ გვერდით იარე და დამეხმარე პროდუქტის კალათაში ჩალაგებაში“;
🔹 ბავშვები მაქსიმალურად ცდილობენ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, როდესაც იციან, რას ელიან უფროსებიმათგან;
3. მიზანმიმართულად დაასწავლეთ სხვადასხვა უნარები.განსაკუთრებით ის, რაც უჭირთ!
🔹 ბავშვს უნდა უთხრათ არა მხოლოდ ის, რა უნდა გააკეთოს, არამედ, როგორ უნდა გააკეთოს.
🔹 მცირე ასაკის ბავშვებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიეცით მოკლე და მარტივი მითითებები; ასაკის მატებასთან ერთად კი გაართულეთ. მაგალითად: ნაცვლად იმისა, უთხრათ: „შეინახე კუბიკები“, თქვით: „აიღე ყუთი, ჩაალაგე კუბიკები და შემდგომ, დაახურე თავი“.
🔹 როდესაც ბავშვი კარგად აკეთებს რაიმეს, შეაქეთ მცდელობისთვის. მაგალითად: „მომწონს, როგორი მონდომებით დაკეცე ტანსაცმელი კარადაში შენახვამდე“;
🔹 აუცილებლად შეატყობინეთ ბავშვს, რას აკეთებს სწორად და რომელი ქცევის ცვლილებაა საჭირო.
4. შექმენით სახლში დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გამოვლენის მხარდამჭერი გარემო!
🔹 ჩართეთ ბავშვი სათამაშოების, ნივთების მოწესრიგების პროცესში;
🔹 ასწავლეთ, მოსაწმენდი საშუალებების მდებარეობა,რათა თავად მოიტანოს დაგაწმინოს,მაგალითად, დაღვრილი წყალი. აგრეთვე, მიიღოს მონაწილეობა სხვა საოჯახო საქმიანობაში (უსაფრთხოების მიზნით, აუცილებლად აუხსენით საწმენდი საშუალებების გამოყენების წესები).
🔹 მოაწყვეთ სამეცადინო კუთხე ტელევიზორისგან მოშორებით; მოათავსეთ იქ მეცადინეობისთვის საჭირო ყველა ნივთი: წიგნები, ფანქრები და ა.შ;
🔹 თუ ყოველდღიური რუტინა არ მუშაობს, შეცვალეთ. მაგალითად, თუ ბავშვი ვერ ასწრებს განსაზღვრულ დროში მომზადებას, დააყენეთ მაღვიძარა 15 წუთით ადრე.
🔹 ბავშვთან ერთად გააკეთეთმისი მოვალეობების (სახლის მოწესრიგებაში მონაწილეობის შესახებ)ცხრილი და მოათავსეთ თვალსაჩინო ადგილას, მაგალითად მაცივარზე.
5. ასწავლეთ ბავშვს, რომ შეცდომის დაშვება არის სწავლის ერთ-ერთი შესაძლებლობა!
🔹 აუხსენით ბავშვს, რომ შეცდომას ყველა უშვებს, მათ შორის თქვენც და ეს ბუნებრივია;
🔹 შეცდომაზე კონცენტრირების ნაცვლად, ასწავლეთ, ორიენტირდეს მის მოგვარების გზებზე. მაგალითად: „დაბალი ქულა მიიღე მათემატიკის ტესტში? რას გეგმავ შემდეგში ამის გამოსასწორებლად?’’.
6. მიეცით ბავშვს საშუალება „გამოსცადოს“ თავისი ქცევის შედეგები!
🔹 თუ ბავშვი გაურბის პასუხისმგებლობას, არ შეეცადოთ პრობლემის მის მაგივრად მოგვარებას, შეცდომის დაშვებისგან მის „გადარჩენას“;
🔹 ამის ნაცვლად, მიეცით საშუალება,გამოსცადოს საკუთარი ქცევის ბუნებრივი შედეგი. რის საფუძველზეც, მომავალში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოიქცევა. მაგალითად, თუ განზრახ გატეხავს თავის საყვარელ სათამაშოს - არ უყიდოთ სხვა; თუ განზრახ დაღვრის წვნიანს - თავად გაწმინდოს; თუ არ შეასრულებს დავალებებს - ვერ წავა მეგობართან დასვენების დღეებში და ა.შ.
🔹 გახსოვდეთ, თუ ბავშვი ირჩევს რაიმე ტიპის ქცევას, იგი ირჩევს ამ ქცევის შედეგსაც და მან აუცილებლად უნდა გამოსცადოს ეს შედეგი.
7. იყავით ქცევის ნიმუში/მოდელი თქვენი შვილისთვის;
🔹 ისაუბრეთ თქვენს სამსახურზე, მოვალეობებზე პოზიტიურად. არ იწუწუნოთ ბავშვთან თქვენისაქმიანობის სიმძიმეზე. პირიქით, იამაყეთ იმით, რასაც აკეთებთ;
🔹 თუ დაუშვით შეცდომა - აღიარეთ, შემდგომ კი უჩვენეთ ბავშვს, როგორ ცდილობთ მის გამოსწორებას;
🔹 აკონტროლეთ თქვენი ემოციები - იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყობიდან გამოხვედით, აიღეთ რამდენიმე წუთი დასამშვიდებლად. შემდეგ კი აუხსენით ბავშვს თქვენი გაბრაზების მიზეზი;
🔹 მოიხადეთ ბოდიში ყველა საჭირო სიტუაციაში - ბავშვი თქვენგან სწავლობს შეცდომის აღიარებასა და სინანულს;
🔹 თქვენი შვილის პირველი და უმნიშვნელოვანესიმასწავლებელი სწორედ თქვენ ხართ.ბავშვი თქვენს მაგალითზე სწავლობს, როგორ მოიქცეს სწორედ.
!!! გახსოვდეთ, როდესაც ბავშვს ასწავლით პასუხისმგებლობის აღებას, ამ პროცესში თქვენ მას თქვენს ოჯახურ ღირებულებებს გადასცემთ. ეს ღირებულებებია:
🔹 პატიოსნება;
🔹 შრომისმოყვარეობა;
🔹 სხვებზე ზრუნვა;
🔹 თავაზიანობა;
🔹 საკუთარი თავის და სხვისი პატივისცემა და სხვ.
!!! გახსოვდეთ, რომ ადრეული ასაკიდანვე პასუხისმგებლობის განცდაზე მუშაობა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სკოლაში, სამსახურსა და პირად ურთიერთობებში წარმატებისთვის. არასდროსაა ადრე: პასუხისმგებლობის უნარის განვითარებაზე მუშაობას იწყებთ 1წლის ასაკის ბავშვებთანაც კი,რადგან ამ ასაკიდან ისინი უკვე იწყებენ ნათქვამის გაგებას და სიტუაციის შეფასებას;
!!!გახსოვდეთ, ბავშვისთვის პრობლემების არიდება და მის მაგივრად მოქმედება აფერხებს დამოუკიდებელმოზრდილადჩამოყალიბების პროცესს. მომავალში ამან შეიძლება ბევრი სირთულე გამოიწვიოს: ისინი ადვილად მოექცევიან სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ და არ ექნებათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შეგრძნება. ეს კი მნიშვნელოვნად დააზიანებს მათ ემოციურ, პროფესიულ სფეროს და ზოგადად ცხოვრების ხარისხს.
!!!აგრეთვე გახსოვდეთ, ბავშვების დამოუკიდებელ ინდივიდებად აღზრდა, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელნი თავიანთ ცხოვრებაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია არა მარტო მათი, არამედ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის.
ავტორი: ირინე დოღაძე, ნეიროფსიქოლოგი.
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15
მშობელს დამატებით შეუძლია გაეცნოს:
- New York State Parental Information & Resource Center, Raising Responsible Children, 2005;
- U.S. Department of Education, Become a Responsible Citizen, 2005;