რა უნარების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს აღზრდა

 

თასმების შეკვრის, კითხვისა და წერის ათვისებასთან, არითმეტიკული და მეცნიერული საკითხების გადაჭრასთან, ისტორიული მოვლენების ცოდნასთან, აზროვნებითი და მსჯელობის უნარების განვითარებასთან ერთად,ბავშვებმა უნდა ისწავლონ ის ძირითადი ღირებულებები, რომელიც ფასეულიაოჯახსა და ზოგადად საზოგადოებაში. ამაზე პასუხისმგებელნი არიან როგორც მშობლები, ისე სკოლა და საგანმანათლებლო სისტემა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ბავშვები იყვნენ გამჭრიახები და ამავდროულად კეთილსინდისიერები, საკუთარი პრინციპების დამცველნი, სხვებზე მზრუნველნი, მორალური სტანდარტების მიხედვით მოქმედნი და საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებელნი.

„ცოდნა არ არის საკმარისი. ცოდნას დამატებული პიროვნება, ეს არის ნამდვილი განათლების მიზანი“.

მარტინ ლუთერ კინგი

 

კონკრეტულად რომელ უნარებსა და მახასიათებლებზეა საუბრი და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი

ემპათია - ანუ თანაგანცდა

ემპათია, ანუ თანაგანცდა გულისხმობს სხვა ადამიანების ემოციის, გრძნობების ამოცნობას და მისი გათვალისწინებით მოქმედებას. სწორედ აღნიშნული უნარი გვეხმარება ვიზრუნოთ სხვებზე; ვიყოთ შემწყნარებელნი სხვადასხვა რწმენისა და შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ; საშუალებას გვაძლევს გავიგოთ სხვისი წუხილი, მათ შორის უცხო ადამიანების; და გავიზიაროთ, ვიგრძნოთ მათი დარდი, ისე როგორც საკუთარი; სწორედ აღნიშნული უნარის საშუალებით განვიცდით სიხარულს, ბედნიერებას სხვისი წარმატების გამო და არა სიბრაზესა და იმედგაცრუებას. ემპათიის ნიშნები ადრეულ ასაკშივე ვლინდება: ჩვილები იწყებენ ტირილს სხვა ბავშვის ტირილის საპასუხოდ და პირიქით სიცილს პასუხობენ სიცილით. უფრო დიდი ასაკის ბავშვები ცდილობენ ჩაეხუტონ, მოეფერონ ახლობელ ადამიანს, თუ ის მოწყენილია. თანაგანცდის უნარის განვითარება ბავშვების ქცევას დადებითი კუთხით ცვლის - ისინი იგებენ, რომ არასწორი ან დაუფიქრებელი ქმედებით შეიძლება სხვას ტკივილი მიაყენონ; ამიტომ მეტი პასუხისმგებლობით იქცევიან.

შეუცვლელია მშობლების როლი თანაგანცდის უნარის ჩამოყალიბებაში. ისინი უნდა დაეხმარონ ბავშვს, გააცნობიერონ სხვა ადამიანების ემოციები, უჩვენონ მათ სწორი მაგალითი.

 

რისი გაკეთება შეუძლია მშობელს?

� თუ ხედავთ, რომ თქვენმა შვილმა დაარტყა თანატოლს, უთხარით: „როგორ ფიქრობ, რას გრძნობს ახლა ლიზიკო? ისურვებდი შენც იგივე გეგრძნო?!“.

� ტელევიზორის ყურებისას, წიგნის კითხვისას სცადეთ ისაუბროთ სხვა ადამიანის, პერსონაჟის პოზიციიდან. მაგალითად: „როგორ ფიქრობ რას გრძნობს უფლისწული ახლა?“

� აჩვენეთ სხვებზე ზრუნვის მაგალითი: როგორ ეხმარებით მოხუც მეზობელს, უღებთ კარებს, უთმობთ ადგილს სხვა ადამიანებს;

� იმსჯელეთ სხვადასხვა შემთხვევებზე. მაგალითად, თუ ბავშვი ჩივის, რომ თანატოლი დაეჯახა და წააქცია, როდესაც სასადილოში გარბოდნენ, შეგიძლიათ უთხრათ: „სიჩქარი დროს ზოგჯერ ადამიანები ვერ აკვირდებიან, რას აკეთებენ - შესაძლოა საერთოდაც არ უნდოდა შენი წაქცევა და ტკივილის მოყენება, შენ რას ფიქრობ?“.

� დაეხმარეთ მიიღოს და აღიაროს ადამიანის განსხვავებულობა. მაგალითად, თუ ბავშვი იცინის მეზობელი გოგონას კაბაზე, უთხარით: „ადამიანებს სხვადასხვა რამეები მოსწონთ. ნორმალურია, რომ შეიძლება არ მოგწონდეს ის, რაც სხვა ბავშვს მოსწონს. შეიძლება ამ გოგონას შენი ქურთუკი არ მოეწონოს, გიფიქრია ამაზე?! წარმოიდგინე, რომ ყველა შენს მეგობარს ერთნაირი ტანსაცმელი ეცვას. რა მოსაწყენი იქნებოდა, არა? ჩვენ, ადამიანები, ერთმანეთისგან განვხვავდებით და ეს ძალიან კარგია. ‘’

 

კონკრეტული მაგალითი:

„მამიკო, რატომ ტირის ბაბუა?

ის ძალიან მოწყენილია, ახლახან გაიგო, რომ მისი ახლო მეგობარი გარდაიცვალა. გახსოვს, რას გრძნობდი, როდესაც შენი საყვარელი ძაღლი დაიღუპა?

კი ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს;

ჰო, წარმოიდგინე როგორ ცუდად შეიძლება იყოს ახლა ბაბუა. შეგიძლია რაიმე მოიფიქრო მის დასახმარებლად?

მივალ და ჩავეხუტები;

ფანტასტიური იდეაა, ყოჩაღ!“

 

პატიოსნება და სამართლიანობა

პატისონება ნიშნავს წესიერებას საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ: მიიღო გადაწყვეტილება ობიექტური მოცემულობების გათვალისწინების და არა მხოლოდ კეთილგანწყობის მოპოვებისთვის; აღიარო შეცდომა და აიღო მასზე პასუხისმგებლობა; იმოქმედო წესების გათვალისწინებით; იგრძნო თავი სხვების თანასწორად. პატიოსნების გარეშე ერთმანეთის ნდობა და ზოგადად საზოგადოებაში ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა.

 

რისი გაკეთება შეუძლია მშობელს?

� იყავით სხვა ადამიანების მიმართ პატიოსანი დამოკიდებულების ნიმუში;

� ისაუბრეთ ერთად რა არის და რა არ არის პატიოსნება.- მოუყევით მაგალითები იმისა, თუ რატომ მიიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება; რატომ მიიჩნიეთ, რომ ეს უფრო იქნებოდა პატიოსანი საქციელი? მაგალითად, თანხა იპოვეთ ქუჩაში და იმის მაგივრად, თავად გამოგეყენებინათ, პატრულში განაცხადეთ ამის შესახებ;

� ისაუბრეთ პატიოსნების გამოვლინებებზე. მაგალითად: თქვენს სახლში როგორ გამოიხატება პატიოსნება? რას ნიშნავს პატიოსნება საზოგადოებაში? 

� მოუყევითთქვენ, როგორ ცდილობთ, იყოთ პატიოსანი ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამსახურში.

 

კონკრეტული მაგალითი:

„მამა, რატომ არ შეიძლება მე ავირჩიო რას ვუყუროთ, უსამართლობაა, რომ გიორგი ირჩევს;

ვფიქრობ, ძალიანაც სამართლიანია. შენი არჩეული მულტფილმი ხომ გუშინ ვნახეთ?! დღეს გიორგის ჯერია. ხომ არ მოგეწონებოდა, ყოველ დღე რომ გიორგი ირჩევდეს ფილმებს?“

 

კონკრეტული მაგალითი:

„დედა, რატომ უთხარი გამყიდველს, რომ ზედმეტი ხურდა დაგიბრუნა? ეს ხომ მისი შეცდომა იყო და არა შენი? რატომ არ დაიტოვე ეს ფული?

იმიტომ, რომ ეს ფული მე არ მეკუთვნოდა და მისი დატოვება ძალიან ცუდი საქციელი იქნებოდა.“

 

თვითდისციპლინა

თვითდისციპლინა გულისხმობს საკუთარი შესაძლებლობებისა ცოდნას და დროის სწორად მართვას: როდესაც იცი, რა გაქვს გასაკეთებელი, რა გზით და რა დრო დაგჭირდება ამისთვის; შესაბამისად, ახერხებ რეალისტური მიზნების დასახვას და შემდგომ მათ მიღწევას. სწორედ აღნიშნული უნარის დახმარებით შეგვიძლია დაპირებების შესრულება და სხვების განაწყენების თავიდან არიდება; მოთმინების შენარჩუნება. თვით-დისციპლინის უნარის გავარჯიშება საშუალებას აძლევს ბავშვებს მართონ საკუთარი ქცევა და ემოცია, დაფიქრდნენ და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.

 

რისი გაკეთება შეუძლია მშობელს?

� ესაუბრეთ თქვენს შვილს მიღწევადი მიზნების დასახვაზე. დაეხმარეთ მას დიდი დავალებების პატარა ამოცანებად დაშლაში და თითოეული მათგანის შესრულებისთვის განსაზღვრული დროის გამოყოფაში; შემდგომ ერთად გადაამოწმეთ რამდენად დროულად მოასწრო დასახული მიზნის მიღწევა.

� დაეხმარეთ თქვენს შვილს გაუჩნდეს თავდაჯერების შეგრძნება, რაც შესაძლებელია მხოლოდ წარმატების მიღწევის შემთხვევების არსებობით. ამიტომაც გაამარტივეთ დავალება, რომ ადვილად შეასრულოს და ჰქონდეს წარმატებულობის განცდა;

 

კონკრეტული მაგალითი:

„ვინ რეკავდა?

ჩემი მეგობარი ნიკა, სურდა გავყოლოდი მაღაზიაში წიგნის ასარჩევად.

და რა უთხარი?

ვუთხარი რომ არ მეცალა, დღეს უნდა მოვასწრო ბიოლოგიის პროექტის დასრულება.

ყოჩაღ! რომ სწორად ახერხებ შენი დროის განაწილებას, სხვა შემთხვევაში ვერ მოასწრებდი.“

 

მსჯელობა

ბავშვებს სჭირდებათ უნარი, შეხედონ მოვლენებს კრიტიკულად, გააანალიზონ, იფიქრონ, გამოარჩიონ ცუდი და კარგი გზა და შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება. ეს ადვილი არ არის მოზრდილებისთვისაც კი, მითუმეტეს ბავშვებისთვის. ძალიან ხშირად ადამიანები შეცდომებს უშვებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლებს ფიქრობენ. თუ დაეხმარებით ბავშვს იყვნენ სამართლიანნი, პასუხისმგებელნი, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და იფიქრონ გადაწყვეტილების მიღების წინ, ისინი შეძლებენ რთული სიტუაციებიდანაც კი სწორი გამოსავლისპოვნას.

 

რისი გაკეთება შეუძლია მშობელს?

� დაეხმარეთ ბავშვებს იფიქრონ თავის გადაწყვეტილებების შედეგებზე. წარმოიდგინეთ სხვადასხვა სიტუაციები, რის წინაშეც შეიძლება დადგეს და ისაუბრეთ მის შესაძლო გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე.

� თუ ბავშვი არღვევს რაიმე წესს, ჰკითხეთ, რატომ მოიქცა ასე? რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ წესის დაცვა? დაეხმარეთ, გააცნობიეროს ამ კონკრეტული წესის დარღვევის საზიანო ან არასასურველი შედეგები;

� არ მიაწოდოთ პრობლემის გადაწყვეტის მზა ნიმუში. ნებისმიერი საკითხი გახადეთ მსჯელობის თემად, ისაუბრეთ მასზე, გაუზიარეთ მოსაზრება თქვენს შვილს და მისგანაც მოისმინეთ;

 

კონკრეტული მაგალითი:

„ძალიან გავბრაზდი ლიკამ კითხვაზე რომ არ მიპასუხა;

რას აკეთებდით ამ დროს?

ეკლესიაში ვიდექით;

კარგი, რა წესი არსებობს ეკლესიაში დგომისას?

რომ არ ველაპარაკოთ ერთმანეთს;

ე.ი ლიკა სწორად მოიქცა, შენ რას ფიქრობ?

ჰო, მაგაზე არ მიფიქრია."

 

სხვა ადამიანების პატივისცემა

სხვების პატივისცემა ნიშნავს იმას, რომ მოვექცეთ სხვა ადამიანებს ისე, როგორც გვინდა, რომ გვექცეოდნენ ჩვენ. ასეთი დამოკიდებულება ბევრ სიტუაციაში ვლინდება: მაგალითად, ჩვენ ვურთიერთობთ ისე, რომ არ ვეუბნებით ერთმანეთს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ვითვალისწინებთ ერთმანეთის უფლებებს, შეხედულებებს, ინდივიდუალობას. მრავალი კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ ბავშვები სწავლობენ სხვებისადმი პატივისცემას, როდესაც თავად გრძნობენ იგივეს მათგან.

 

რისი გაკეთება შეუძლია მშობელს?

� ესაუბრეთ ბავშვს სხვებთან კომუნიკაციის სწორ გზებზე. უთხარით მას, როგორ ესაუბროს სხვა ადამიანებს;

� დაეხმარეთ ბავშვს პრობლემის გადაჭრაში ძალადობრივი გზის გამოყენების გარეშე. თუ ბავშვს კონფლიქტი აქვს ვინმესთან, დაეხმარეთ მას: 1. კონფლიქტის მიზეზის გაგებაში. მაგალითად: თუ მას არ მოსწონს, რომ უმცროსი ძმაკარებზე დაკაკუნების გარეშე შედის მის ოთახში, ასწავლეთ, როგორ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სწორი სიტყვებით და არა ფიზიკური აგრესიით.2. დაეხმარეთ, მოიფიქროს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა. მაგალითად, უთხრას თავის ძმას: „ხანდახან მუსიკას ხმამაღლა ვუსმენ და შეიძლება ვერ გავიგო დაკაკუნების ხმა. ამიტომ 5-ჯერ ძლიერად დააკაკუნებ და თუ არ გიპასუხებ შეგიძლია შემოხვიდე“. 3. შემოწმეთ რამდენად მუშაობს ეს გზა;

� ასწავლეთ ოჯახური ღირებულებები პატივისცემასთან დაკავშირებით. მაგალითად, როგორ ესაუბროს, გამოხატოს პატივისცემა უფროსიახლობლის ან უცნობი ადამიანის მიმართ სახლსა თუ საზოგადოებაში; თავადაც მოექეცით მას პატივისცემით.

 

კონკრეტული მაგალითი:

„ნინი, ეს ჩემი ახალი სვიტერია?

დიახ დედა. რა ხდება? არ უხდება ამ ქვედაბოლოს?

დედი, ჩემგან ნებართვა არ აგიღია, ეს ხომ შენი ნივთი არ არის?

არ მეგონა, თუ ეს აუცილებელი იყო.

ნინი, საქმე იმაშია, რომ ეს შენი ნივთი არ არის. როდესაც სხვისი ნივთის აღება გვინდა, ჯერ უნდა ვიკითხოთ. შემდეგში, ჯერ მკითხე, ეს პატივისცემის გამოხატულება იქნება! არ მეთანხმები?!"

 

თვითპატივისცემა

ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარ თავს, ფიქრობენ რომ არასამართლიანი ქცევა, დაუფიქრებლობა, სხვებისადმი უპატივცემულობა ცუდია და მათ არ შეეფერებათ. ისინი არ ვარდებიან სასოწარკვეთაში შეცდომების დაშვებისას, სჯერათ საკუთარი თავის და ფიქრობენ რომ მარცხი სასჯელი არ არის. ბავშვებისთვის საკუთარი თავის პატივისცემის სწავლება არ ნიშნავს მათ მუდმივ შექებას, ნებისმიერი მათი ქმედების მოწონებას. პირიქით, მათ უნდა შეძლონ თვითკრიტიკა, რათა მოახერხონ განვითარება.

 

რისი გაკეთება შეუძლია მშობელს?

�დაემხარეთ ბავშვს ჩამოიყალიბოს საკუთარი თავის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, რომელიც გააერთიანებს მის ნიჭს და აგრეთვე სუსტ მხარეებსაც.

� ხაზი გაუსვით, რომ მის პიროვნებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის ქცევები, რომელსაც გამოავლენს ყოველდღიურად;

� დაეხმარეთ თქვენს შვილს, სრულად გამოავლინოს და განივითაროს ძლიერი მხარეები; არ მოახვიოთ საკუთარი ინტერესები თავს;

� დაეხმარეთ მას სწორი ღირებულებების არჩევაში;

 

კონკრეტული მაგალითი:

„ნიკა, რატომ ხარ ასეთი მოწყენილი?

თამაში წავაგეთ;

კარგად ითამაშეთ? მთლიანად დაიხარჯეთ?

კი ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ;

საერთოდ არ არის წაგება სირცხვილი, განსაკუთრებუთ მაშინ, თუ მცდელობა არ დააკელით და ყველაფერი გააკეთეთ გამარჯვებისთვის. უბრალოდ სხვა გუნდმა უკეთესად ითამაშა."

 

გამბედაობა

გამბედაობა ნიშნავს შიშის დაძლევას და ისე მოქმედებას, როგორც სწორად მიგაჩნია. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ძალიან რთულია და სარისკო. სწორედ აღნიშნული უნარი გვაძლევს საშუალებას ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავუმკლავდეთ მას სწორი გზებით.

 

რისი გაკეთება შეუძლია მშობელს?

�დაუდექით მხარში და იამაყეთ ყველა იმ სიტუაციაში, როცა სიმამაცე გამოავლინა;

� ასწავლეთ თქვენს შვილს თქვას „არა“. ზოგჯერ ბავშვებმა არ იციან, როგორ უთხრან უარი თანატოლებს, რომლებიც სახიფათო და მისთვის ნაკლებად სასურველ ქცევას სთავაზობენ. მაგალითად: თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება. მან უნდა შეძლოა ამ სიტუაციის გაანალიზება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 1. ეს ქცევა არღვევს წესს ან კანონს? 2. რა ზიანის მოტანა შეუძლია და რომელია პრობლემის გადაჭრის სწორი გზა? 3. იმოქმედოს სწრაფად; თქვას: „არა“; დატოვოს სიტუაცია; შესთავაზოს თანატოლებს რაიმე უკეთესი და ა.შ;

� თუ ამოიცნობთ იმ სიტუაციებს, როდესაც ბავშვმა სიმამაცე გამოიჩინა და წაახალისებთ, ის მომავალშიც აუცილებლად შეძლებს კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდებში სწორად მოქმედებას;

 

კონკრეტული მაგალითი:

„დედა ჩემი თანაკლასელები ეწეოდნენ თამბაქოს გაკვეთილების შემდეგ და მეც შემომთავაზეს;

შენ რა გააკეთე?

უარი ვუთხარი;

შემდეგ რა მოხდა?

ყველამ დამცინა და დამიძახეს, რომ პატარა ბავშვი ვარ, დედიკოს ბიჭი ვარ;

მერე რა გააკეთე?

უბრალოდ წამოვედი;

ყოჩაღ! ეს ძალიან დიდი გამბედაობაა შენი მხრიდან, ვამაყობ შენით, სხვა ადამიანს შენს ადგილას წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდებოდა“.

 

პასუხისმგებლობა

აღნიშნული უნარი აუცილებელია საკუთარ ქმედებაზე და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის ასაღებად. სწორედ ამის საფუძველზე ენდობიან და სცემენ ადამიანებიერთმანეთს პატივს. ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ უნდა აიღონ თავის წილი პასუხისმგებლობა, თუ სურთ იყვნენ, ოჯახისა და საზოგადოების ღირსეული წევრები. როდესაც თითოეული ჩვენგანი მოქმედებს პასუხისმგებლობის განცდით ოჯახიც და საზოგადოებაც უკეთესად ფუნქციონირებას.

რისი გაკეთება შეუძლია მშობელს?

� მას შემდეგ, რაც რაიმეზე შეთანმხდებით, შეამოწმეთ, იცავს თუ არა ბავშვი შეთანხმების პირობებს;

� როდესაც პრობლემური სიტუაცია იქმნება, დაეხმარეთ თქვენს შვილს, აიღოს თავის წილი პასუხისმებლობა და იფიქროს, რა შეიძლება გააკეთოთ მომავალში სირთულის თავიდან ასაცილებლად;

� მის ნაცვლად არ გააკეთოთ რაიმე;

� ესაუბრეთ ბავშვს სხვადასხვა მოვლენებისა და საკუთრივ, მისი ქცევის შედეგებზე სამყაროს მიმართ.

� იყავით მისთვის პასუხისმგებლიანი ქცევის მაგალითი;

 

კონკრეტული მაგალითი:

„მამა მათესთან გადავდივარ;

ძაღლი გაასეირნე?

არა, როცა დავბრუნდები შემდგომ გავასეირნებ;

ცოტნე, ძაღლის გასეირნება შენი პასუხისმგებლობაა. ჩვენს ოჯახში უმნიშვნელოვანესია ჩვენი წილი პასუხისმგებლობების შესრულება. ამიტომ, იქნებ ჯერ ძაღლი გაასეირნო და შემდეგ წახვიდე მათესთან?

 


სწორედ თანაგანცდის, პატიოსნების, თვითდისციპლინის, განსჯის, სხვებისადმი პატივისცემის, თვითპატივისცემის, გამბედაობის და პასუხისმგებლობის უნარები ქმნის იმ ფუნდამენტს, რაც პიროვნებას აყალიბებს პროფესიული საქმიანობასა და ურთიერთობებში წარმატებულ ადამიანად. სწორედ აღნიშნული უნარების მქონე ადამიანებს შეუძლიათ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და დადებითი ცვლილებების მოტანა.

მეორეს მხრივ, აღნიშნული უნარების დეფიციტი ქმნის კონფლიქტურ, შურისძიებაზე ორიენტირებულ, ნაკლებად ბედნიერ საზოგადოებას, რომელიც ვერ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და შესაბამისად, ვერც ვითარდება. ამიტომაც, მშობლისა და სკოლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა აღნიშნული უნარების განვითარების ხელშეწყობა.

 

ავტორი: ირინე დოღაძე, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი.

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"

მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4,  2 44 55 15

მშობელს დამატებით შეუძლია გაეცნოს:

 

U.S. Department of Education, Helping Your Child Become a Responsible Citizen, 2005;