როგორია ერთიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვის განვითარება, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და როგორ ეთამაშოს მას

 

დაბადებიდან პირველი 6 წელი უმნიშვნელოვანესი ასაკობრივი საფეხურია. ამ დროის განმავლობაში ყალიბდება სამყაროსადმი ნდობა, მშობლებისადმი ჯანსაღი ემოციური მიჯაჭვულობა, ვითარდება ენობრივი და შემეცნებითი უნარები. მათ საფუძველზე კი ბავშვები ახერხებენ დამოუკიდებლობას და სამყაროსთან ადაპტაციას. მოზარდის განვითარება რამდენიმე სფეროსთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა ასაკობრივი საფეხურისთვის მოთხოვნები კი განსხვავებულია. 

მსხვილი მოტორული უნარები - რომელიც გულისხმობს სხეულის მსხვილი მოქმედებების გაკონტროლებას, როგორიცაა: თავის მდებარეობის მართვა, ჯდომა, დგომა, სირბილი, ხტუნვა, ველოსიპედის ტარება და ა.შ.

ნატიფი მოტორული უნარები - რომელიც გულისხმობს ხელისა და თითების მოქმედების გაკონტროლებას, როგორიცაა: მცირე ზომის ნივთების აღება, წერა, ხატვა, ფლეიტაზე დაკვრა, კერვა და ა.შ.

ენობრივი უნარები - რომელიც გულისხმობს სხვასთან კომუნიკაციის მიზნით მარცვლების, სიტყვების, ფრაზების მიზანმიმართულ გამოყენებას (ექსპრესიული ენა). დამატებით, სხვისი ნათქვამის გაგების, შინაარსის გამოტანისა და შესაბამისად მოქმედების უნარს (რეცეპტული ენა).

სოციალური უნარები - რომელიც გულისხმობს სხვებთან ურთიერთობას, ურთიერთთანაშრომლობას და ამ გზით პრობლემების გადაწყვეტას, როგორიცაა: ემოციების, ნივთების სხვებისთვის გაზიარება, მათთან ერთობლივი თამაშის სურვილი და მცდელობა.

კოგნიტური/შემეცნებითი უნარები - რომელიც გულისხმობს პრობლემის გადაწყვეტის, ახალ სიტუაციასთან გამკლავების, სწორისა და შეცდომის ერთმანეთისგან განსხვავების შესაძლებლობას.

თითოეული მშობლის ამოცანაა იცოდეს როგორია ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, რათა შეძლოს ამ პროცესის ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში, სირთულის დროული ამოცნობა.

 

 

როგორია ერთიდან ოთხ წლამდე ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები

 

 

 

12-18 თვის ასაკის ბავშვი

სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება:

-უცხო ადამიანთან ურთიერთობისას იმორცხვებს;

-დედისა და მამის წასვლაზე ტირილით რეაგირებს;

-უკვე აქვს საყვარელი ნივთები, სათამაშოები;

-განსხვავებულად რეაგირებს საყვარელ ადამიანებზე;

-სხვადასხვა სიტუაციების მიმართ შიშს გამოხატავს;

-ახლობელთან მიაქვს წიგნი, სათამაშო, რომლითაც უნდა, რომ ეთამაშონ;

-ყურადღების მიქცევის მიზნით იმეორებს ბგერებსა და მარცვლებს;

-ჩაცმისას ეხმარება უფროსს: იჭერს ხელს, ფეხს შესაბამის პოზიციაში;

-ხალისით თამაშობს მარტივ კომუნიკაციურ თამაშებს: „ჭი-ტა“, „მოვედი-მოვედი“;

 

ენობრივი უნარებისა და კომუნიკაციის განვითარება:

-მარტივ სიტყვიერ მითითებებზე რეაგირებს შესაბამისად;

-იყენებს მარტივ ჟესტებს მიზანმიმართულად: უარის ნიშნად თავის გაქნევა, დამშვიდობების დროს ხელის დაქნევა;

-ტიტინის დროს ცვლის ინტონაციას, თითქოს რაღაცას ჰყვება, „სიტყვით გამოდის“.

-მიზანმიმართულად ამბობს „დედა“, „მამა“ და ისეთ შორისდებულებს, როგორიცა: „უჰ“, „ოჰ“, „ვაი“ და ა.შ.-ცდილობს მშობლის ნათქვამი სიტყვების გამეორებას;

 

შემეცნებითი უნარების განვითარება:

-ცდილობს სხვადასხვა ნივთების დაუფლებას და მათ განსხვავებულად გამოყენებას: განჯღრევა, ერთმანეთზე დარტყმა, გადაგდება, ჩაგდება და ა.შ.

-ადვილად პოულობს ნივთებს, რომელიც მშობელმა მისი თანდასწრებით სადღაც დამალა;

-სწორად უყურებს იმ ობიექტს რომელიც დაუსახელეს. მაგ: „სად არის ბურთი“; ან „სად ხატია ბურთი“;

-იმეორებს სხვების მოქმედებებსა და ჟესტიკულაციას;

-იყენებს ობიექტებს ფუნქციონალურად, დანიშნულებისამებრ, მაგალითად: ჭიქიდან სვამს, კოვზით ურევს, სავარცხლით თმას ივარცხნის;

-ახერხებს ნივთების ყუთში ჩალაგებას და პირიქით, ამოლაგებას;

-რაიმეზე მისათითებლად იყენებს საჩვენებელ თითს;

-ასრულებს ისეთ მარტივ ინსტრუქციებს, როგორიცაა: „მომაწოდე სათამაშო“;

 

მოტორული უნარების განვითარება:

-დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე ზის და ინარჩუნებს წონასწორობას;

-ავეჯზე დაყრდნობით დგება და ადგამს ნაბიჯებს;

-დგას დამოუკიდებლად;

-ახერხებს რამდენიმე ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმას და მოგვიანებით სიარულს

 

 

 

 

18-24 თვის ასაკის ბავშვი

სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება:

-თამაშის დროს სხვადასხვა ნივთებს აწოდებს, უზიარებს ახლობელ ადამიანებს;

-შესაძლოა აქტიურად გამოხატავდეს პროტესტს;

-შესაძლოა უფრთხოდეს, ეშინოდეს უცხო ადამიანების;

-გამოხატავს დადებით ემოციას საყვარელი ადამიანების მიმართ;

-თამაშობს მარტივ სიმბოლურ თამაშს, მაგალითად: აჭმევს თოჯინას, მანქანით აკატავებს პატარა სათამაშო ცხოველსდა ა.შ;

-რეაგირებს ახალ სიტუაციებზე და ამ დროს „ეწებება“ ახლობელ ადამიანებს;

-იყენებს საჩვენებელ თითს, მიუთითებს ობიექტებზე იმ მიზნით, რომ აჩვენოს, გაუზიაროს ის ახლობელ ადამიანს;

-შესაძლოა თამაშობდეს მარტო, თუმცა ითხოვს მშობლის სიახლოვეს;

 

ენობრივი უნარებისა და კომუნიკაციის განვითარება:

-უარის ნიშნად აქნევს თავს და ამბობს: „არა“;

-იყენებს ცალკეულ სიტყვებს მიზანმიმართულად, ასახელებს ობიექტებს;

-სასურველის მოთხოვნისას იშვერს საჩვენებელ თითს ობიექტის მიმართულებით

 

შემეცნებითი უნარების განვითარება:

- იცის რა დანიშნულება აქვთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს: სავარცხელს, კოვზს, ტელეფონს;

-აქტიურად ცდილობს სხვების ყურადღების მიპყრობას, ყურადღების ცენტრში ყოფნას;

-თუ უფროსი ვითო-ვითომ აჭმევს, აძინებს თოჯინას, სათამაშო ცხოველს, თავადაც ინტერესდება და ცდილობს გამეორებას;

-უთითებს სხეულის ერთ ნაწილზე მაინც: „მიჩვენე სად გაქვს ცხვირი“;

-ჟესტიკულაცისა და მინიშნების გარეშე ახერხებს მარტივი მითითებების გაგებას და შესრულებას, მაგალითად ჯდება, როცა ამბობთ „დაჯექი“, წვება, როცა ამბობთ „დაწექი“. ამ დროს არ ანიშნებთჟესტით იმას, რასაც ითხოვთ მისგან;

 

მოტორული უნარების განვითარება:

-დამოუკიდებლად დადის;

-დარბის და ცდილობს კიბეზე ასვლას;

-სიარულის დროს დაატარებს სათამაშოებს;

-ეხმარება მშობელს გახდისას, მაგალითად: ხელებს წევს მაღლა, სანამ მაისურს გახდიან;

-სვამს ჭიქიდან;

-ჭამს კოვზით;

 

 

 

 2-3 წლის ასაკის ბავშვი
სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება:

ცდილობს სხვების მოქმედებების გამეორებას, მიბაძვას. განსაკუთრებით უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების;

-ძალიან მოსწონს სხვა ბავშვების გარემოცვაში ყოფნა, გამოხატავს სიხარულს;

-უფრო და უფრო მეტად ითხოვს დამოუკიდებლობას;

-ავლენს ოპოზიციურ ქცევს: აკეთებს იმას, რასაც უკრძალავენ;

-უმეტესად თამაშობს ბავშვების სიახლოვეს, თუმცა ნელ-ნელა იწყებს მათთან ერთობლივ თამაშს, რაღაც სიუჟეტის შესაბამისად როლების განაწილებას;

 

ენობრივი უნარებისა და კომუნიკაციის განვითარება:

-შეუძლია იმ ობიექტებზე ან სურათებზე მითითება, რასაც უსახელებენ: „მიჩვენე სად ხატია გოგო“, „სად ხატია მანქანა’;

-იცის ახლობელი ადამიანების სახელები;

-იცის სხეულის ნაწილების სახელები;

-იყენებს 2-4 სიტყვიან წინადადებებს;

-იგებს და ასრულებს მითითებებს;

-იმეორებს ახალ და უცნობ სიტყვებს, რასაც ყური მოჰკრა ან მიზანმიმართულად უთხრეს;

 

შემეცნებითი უნარების განვითარება:

-იწყებს ობიექტების ფორმისა და ფერების იდენტიფიკაციას, დაწყვილებას;

-აბოლოებს ფრაზებს ნაცნობი ლექსებიდან, მოთხრობებიდან და ზღაპრებიდან;

-უკეთესად იყენებს ერთ რომელიმე ხელს. ნელ-ნელა შესამჩნევი ხდება რომელია მისი წამყვანი ხელი, მარჯვენა თუ მარცხენა;

-იგებს და ასრულებს ორსაფეხურიან მითითებებს: „აიღე ფეხსაცმელები და შეინახე კარადაში“;

-ასახელებს ყოველდღიური ობიექტების უმეტესობას;

 

მოტორული უნარების განვითარება:

-დარბის მოქნილად;

-ახერხებს ფეხის წვერებზე დგომას;

-ურტყამს ფეხს და აგორებს ბურთს მიზნის მიმართულებით;

 

 

 3-4 წლის ასაკის ბავშვი
სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება:

-ბაძავს ახლობელ ადამიანებს, იმეორებს მათ ქმედებებს;

-სიხარულით ერთვება თანატოლებთან თამაშის პროცესში;

-ინტერესდება იმ ბავშვის მდგომარეობით, რომელიც ტირის;

-თამაშის დროსსაკუთარ რიგს იცავს;

-ესმის „ჩემი“, „დედის“, „მამის“, „სხვისი“ მნიშვნელობა;

-სხვადასხვა და მრავალფეროვან ემოციებსგამოხატავს: კმაყოფილება, სიხარული, გაბრზება, შიში, დამწუხრება, დამორცხვება და ა.შ;

-დედას და მამას ადვილად შორდება;

-თითქმის დამოუკიდებლადიხდის და იცმევს;

 

ენობრივი უნარებისა და კომუნიკაციის განვითარება:

-იგებს და ასრულებს 2-3 საფეხურიან მითითებებს;

-ასახელებს ნაცნობი, ყოველდღიური ობიექტების უმეტესობას;

-იგებს სივრცითი მიმართების აღმნიშვნელ სიტყვებს: „ზე“, „ქვეშ“, „უკან“;

-ამბობს საკუთარ სახელს, სქესს და ასაკს;-ამბობს მეგობრის სახელს;

-იყენებს მრავლობით რიცხვს: „ბურთები“; „წიგნები“;-იყენებს „მე“, „შენ“, „ჩვენ“, „ჩემი“;

-ერთვება დიალოგში, ცდილობს მოყვეს ამბავს 3-4 სიტყვიანი წინადადებებით;

-შესაძლებელია მისი მონათხრობიდან შინაარსის გამოტანა;

 

შემეცნებითი უნარების განვითარება:

-შეუძლია სათამაშოების ჩართვა, მომართვა, სწორად იყენებს ღილაკებს;

-აწყობს 3-4 ნაწილიან ფაზლს;

-ესმის რაოდენობის ცნება ორის ფარგლებში: „მომეცი ერთი კუბიკი“, „მომეცი ორი კუბიკი“;

-ახერხებს ფურცელზე ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების გავლებას, წრის გადახატვას;

-ჩამოსწევს სახელურს და აღებს კარებს;-6 ან მეტი კუბიკისგან აშენებს კოშკს;

 

მოტორული უნარების განვითარება:

-დარბის მოქნილად;

-ძვრება ნივთებზე;

-ატარებს სამბორბლიან ველოსიპედს;

-ადის და ჩამოდის კიბეზე ერთ საფეხურზე ორივე ფეხის დადგმით;                     

 

რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება

ჩვეულებრივ, ბავშვის განვითარება ზოგად კანონზომიერებას ემორჩილება და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, მშობლის ამოცანაა გამოიჩინოს სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართოს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტს (ბავშვთა პედიატრი, ფსიქოლოგი, ნევროპათალოგი). თუ ბავშვი:

 

12-18 თვის ასაკში:

-ვერ დახოხავს;

-დახმარების მიუხედავად ვერ ახერხებს დგომას;

-არ იწყებს მისთვის სასურველი ობიექტების ძებნას, რომელიც მის თვალწინ დამალეთ;

-არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს მიზანმიმართულად, მაგ: „დედა“;

-არ იყენებს ჟესტებს, მაგალითად: უარის ნიშნად თავის გაქნევა, ხელის დაქნევა;

-არ მიუთითებს ობიექტებზე, არ იშვერს ხელს, არ მიუთითებს საჩვენებელი თითით;

-ადვილად ივიწყებს უკვე ნასწავლს;

 

18-24 თვის ასაკში:

-არ უჩვენებს სათამაშოებს, ობიექტებს სხვა ადამიანებს;

-არ უზარებს ემოციას ახლობელ ადამიანებს;

-ვერ დადის;

-არ იცის ყოველდღიური ნივთების დანიშნულება: რისთვისაა სავარცხელი, ჭიქა;

-არ ბაძავს ახლობლებს, არ იმეორებს მათ მოქმედებას;

-არ ითვისებს ახალ სიტყვებს, არ ამრავალფეროვნებს ლექსიკურ მარაგს;

-ლექსიკურ მარაგში არ აქვს ექვსი მიზანმიმართული სიტყვა მაინც;

-ვერ ამჩნევს ახლობელი ადამიანის წასვლას ან მოსვლას;

-ადვილად ივიწყებს უკვე ნასწავლს;

 

24-36 თვის ასაკში:

-არ იყენებს ორ სიტყვიან წინადადებებს, მაგალითად: „დედა მოდი“;

-ვერ ახერხებს ობიექტების დანიშნულებისამებრ გამოყენებას: კოვზით მორევა,სავარცხლით დავარცხნა, ტელეფონის ყურზე მიდება;

-არ იმეორებს საყვარელი ადამიანების ქმედებას და სიტყვებს;

-არ ასრულებს მარტივ მითითებებს;

-ვერ ახერხებს მოქნილად სიარულსა და წონასწორობის შენარჩუნებას;

-ადვილად ივიწყებს უკვე ნასწავლს;

 

36 – 48 თვის ასაკში:

-ვერ ადის კიბეზე;

-აქვს გაუგებარი მეტყველება, ძნელია მისი ნათქვამის გაგება;

-ვერ იყენებს სათამაშოებს, ვერ ახერხებს მათ ჩართვას, პაზლების აწყობას და ა.შ.;

-არ იყენებს წინადადებებს;

-ვერ იგებს მითითებებს;

-არ ასრულებს მითითებებს;

-არ თამაშობს სიმბოლურ და წარმოსახვით თამაშებს: დედაშვილობანა, მზარეულობანა, მეხანძრეობანა და ა.შ;

-არ გამოხატავს ინტერესს სათამაშოების ან სხვა ბავშვებთან თამაშის მიმართ;

-არ ამყარებს თვალით კონტაქტს, ან მხოლოდ მცირე ინტენსივობით;

-ადვილად ივიწყებს უკვე ნასწავლს;       

 

 ამ სირთულეების არსებობის შემთხვევაში მშობელმა არ უნდა გადადოს სპეციალისტთან ვიზიტი.

 


რა
უნდა გააკეთოს მშობელმა ბავშვის განვითარების პროცესის ხელშეწყობისთვის

თანამედროვე სამყაროში გადატვირთული სამუშაო რეჟიმის ფონზე რთულია ბავშვთან ურთიერთობისთვის საჭირო დროის გამოყოფა. თუმცა, მშობელს შეუძლია ბავშვზე ზრუნვისა და მოვლის პერიოდები გამოიყენოს პროდუქტულად და ხელი შეუწყოს მის არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას, არამედ ფსიქიკურ განვითარებასაც. დღის განმავლობაში 30-40 წუთით ბავშვთან აქტიური თამაში სრულიად საკმარისი შესაძლოა აღმოჩნდეს მისი ემოციური კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის. მოზარდთან ურთიერთობის თავისებურები ხშირად ინტუიტურია და მშობელი თავისით ხვდება როგორ ეთამაშოს სწორად. ამ ტიპის აქტივობებზე ვისაუბრებთ ქვემოთაც.

 

12-18თვის ასაკში:

-ხშირად ჩაეხუტეთ, აკოცეთ და ყოველთვის შეაქეთ კარგი ქცევისთვის;

-უფრო მეტად ორიენტირდით სასურველ ქცევაზე, წაახალისეთ და ნაკლებად გაამახვილეთ ყურადღება თქვენთვის არასასურველ ქცევაზე;

-მუდმივად ესაუბრეთ და აუხსენით რას აკეთებთ: „დედა ახლა რეცხავს ჭურჭელს, რა სასიამოვნო წყალია, აი ჭიქა“;

-ყოველდღიურად ერთად დაათვალიერეთ და წაიკითხეთ წიგნი. მიეცით საშუალება გადაფურცლოს. რიგ-რიგობით მიუთითეთ წიგნში გამოსახულ ობიექტებზე: „სად არის დათვი, ჩემი ჯერია, აი დათვი, ახლა შენ ჯერია, მიჩვენე სად ხატია ბურთი“.

-გაახმოვანეთ თქვენი შვილის სურვილები, ის რასაც ცდილობს რომ მიგახვედროთ: „მანქანას მაჩვენებ?, რა ლამაზი ლურჯი მანქანაა“; „რა გინდა, წყალი გინდა, აი წყალი“;

-ხატეთ ერთად: მიეცით ფანქრები და თავადაც უჩვენეთ როგორ ავლებთ ხაზებს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად, წაახალისეთ მისი მცდელობა მოგბაძოთ და გადაიხატოს;

-ითამაშეთ კუბიკებით, ფიგურებით, ყველაფრით რაც მის ხელების მოქმედებას გაავარჯიშებს;

-დამალეთ სხვადასხვა ნივთები, სათამაშოები და უთხარით მოძებნოს, დაეხმარეთ და შეაქეთ თითოეული ნივთის პოვნისთვის;

-სთხოვეთ გიჩვენოთ სად აქვს ცხვირი, პირი, თავი;-უმღერეთ, იცეკვეთ და სთხოვეთ მანაც გაიმეოროს თქვენი აქტივობა: დაუკრას ტაში, დააბაკუნოს ფეხიდა ა.შ.;

-მიეცით მუსიკალური სათამაშოები და ასწავლეთ როგორ დაუკრას, გამოიწვიოს ხმაური, ამ დროს იმეორეთ მარცვლები და წაახალისეთ რომ მანაც მოგბაძოთ: „ბუმ-ბუმ“, „ლა-ლა“, „ბახ-ბუხ“;-მოაწყვეთ ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო (მოარიდეთ ქიმიკატები, გააკეთეთ დამცავი ბადე ფანჯრებსა და აივნებზე, დაფარეთ ავეჯის კუთხეები), სადაც მეთვალყურეობისდა შეფერხებების, აკრძალვების გარეშე შეიწავლის სამყაროს.

-ითამაშეთ ბურთის, მანქანის გაგორება-გამოგორება, წაახალისეთ მისი მცდელობა გამოაგოროს თქვენი მიმართულებით;

-თუ რაიმე აკრძალულს ითხოვს, ტირის, კატეგორიულად უთხარით: „არა“. აცადეთ დამშვიდება, ამ დროის განმავლობაში არ დაუწყოთ „ჭკუის დარიგება“. იყავით კატეგორიული თქვენს პასუხში და ამავდროულად გამოხატეთ ემპათიაც: „მე მესმისშენი, ვიცი რომ ძალიან გინდა ეს კანფეტი, თუმცა მხოლოდ სადილის შემდეგ შევძლებ მოცემას, ვწუხვარ“.

 

კვებისას:

-მიეცით საშუალება დამოუკიდებლად ჭამოს კოვზით და დალიოს წყალი ჭიქიდან;

-უჩვენეთ ვითო-ვითომ როგორ აჭმევთ მის თოჯინასაც ან სათამაშო ცხოველს;

-შეიძინეთ სათამაშო ჭურჭელი და საკვები, აჩვენეთ ვითო-ვითომ როგორ ანთებთ გაზქურას, ამზადებთ საჭმელს, ურევთ კოვზით, გადმოიღებთ თეფშზე და მიირთმევთ, ან აჭმევთ თოჯინას. რამდენიმე მცდელობის შემდგომ თავადაც მოგბაძავთ.

-ასწავლეთ რამდენიმე მოქმედება, რომელიც გამოხატავს მის საჭიროებას, მაგალითად: „მშია“, „აღარ მინდა“, „კიდევ მინდა“, „მომეცი“. ასწავლეთ როგორ დააფიქსიროს საკუთარი საჭიროება აღნიშნული ჟესტებით. ეს გაუადვილებს მას თქვენთან და სხვა უფროსებთან ურთიერთობას მანამ, სანამ აქტიურად აითვისებს ენას და დაიწყებს სიტყვების გამოყენებას;

 

ჰიგიენის პროცედურისას:

-შეიძინეთ რეზინის სათამაშოები, სხვადასხვა მოცულობის სათამაშო ჭიქები.ბანაობის დროს გადაასხას წყალი ერთი ჭურჭლიდან მეორეში, აცურაოს სხვადასხვა რეზინისცხოველები;

-პატარა სათამაშო მოათავსეთ ქაღალდის ჭიქაში, გაავსეთ წყლით და გაყინეთ მაცივრის საყინულეში. ბანაობისას კი გადმოიღეთ ჭიქიდან და აჩვენეთ თუ როგორ დნება ყინული, იქცევა წყლად და „თავისუფლდება“ სათამაშო;

-მიეცით ჯაგრისი, სავარცხელი რომ ბანაობის დროს დავარცხნოს, კბილები გაუხეხოს თავის სათამაშო თოჯინას ან ცხოველს;

 

მიზანმიმართული თამაშისას:

-ასწავლთ როგორ ისროლოს, გააგოროს ან ფეხი დაარტყას ბურთს;

-ჩართეთ მუსიკა და აჩვენეთ როგორ ახტეს, გაიქცეს თუ იმოძრაოს მუსიკის შესაბამისად;

-იმღერეთ სიმღერები, რომელთა ტექსტიცსხვადასხვა მოქმედებების გაკეთებას გულისხმობსდა ეცადეთბავშვთან ერთად მიჰყვეთ ინსტრუქციას;

-ერთად ისეირნეთ პარკში და შეაგროვეთ ფოთლები, ტოტები, გირჩები;-შექმენით საოჯახო ნივთებისგან მუსიკალური ინსტრუმენტები, მაგალითად: ქვაბი, როგორც დოლი, ბრინჯით სავსე კონტეინერი და ა.შ;

 

ყოველდღიური უნარ-ჩვევების სწავლებისთვის:

-ძილის წინ, ერთად დაემშვიდობეთ მის სათამაშოებს და სხვა ოჯახის წევრებს;

-გააკეთეთ ცხრილი სურათებით, სადაც დღის გეგმაა გაწერილი: კვება, მშობლის სამსახურში წასვლა, ძილი, სეირნობა, მშობლის სამსახურიდან მოსვლა და ა.შ. თითოეული ამ აქტივობის შესაბამისი სურათი შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში ან თავად დახატოთ; აღნიშნული ცხრილი ბავშვს დაეხმარება დაგეგმილი აქტივობების დროითი თანმიმდევრობის წარმოდგენაში;

-სახლიდან წასვლის წინ ყოველთვის დაემშვიდობეთ, მოსვლისას კი მიესალმეთ;

 

წიგნის კითხვისას:

-მოუყევით ლექსები, ზღაპრები მხატვრულად, ექსპრესიულად;

-დაიჭირეთ მისი თითი, დაადებინეთ სურათებზე და გაახმოვანეთ: „აი ძაღლი“;

-ერთად გაახმოვანეთ ცხოველების ხმები: „როგორ აკეთებს მგელი? აუუუუ“;

-მისი თვალთახედვის არეში მუდმივად იყოს წიგნი, წაახალისეთ მისი დაინტერესება და მცდელობა „ვითომ კითხვის“.

 

მოსვენებისას:

-მიცით საშუალება საყვარელი სათამაშო ჩაიწვინოს საწოლში. აჩვენეთ როგორ დააფაროს საბანი, მოეფეროს.

-უმღერეთ ძილის წინ მშვიდი სიმღერა და თან ესაუბრეთ მისთვის საინტერესო თემებზე: ამ დროს სად ძინავთ სხვადასხვა ცხოველებს, რა ხდება ღამით, რატომ არის ძილი საჭირო და რა ანათებს ამ დროს ცაზე;-მიეცით არჩევანის საშუალება: აირჩიოს ორი პიჟამადან ერთ

-ერთი, რომელიც უნდა რომ ჩაიცვას და ორი წიგნიდან ერთ-ერთი, რომელიც უნდა რომ წაუკითხოთ;

 

18-24 თვის ასაკში

-შექმენით ბავშვისთვის უსაფრთხო, მოსიყვარულე და წინასწარმეტყველებადი გარემო;

-უფრო მეტად გამოხატეთ კმაყოფილება მისი კარგი ქცევის გამო და ნაკლებად ორიენტირდით არასასურველ ქცევაზე;

-აღწერეთ მისი ემოციები, მაგალითად: „შენ ძალიან გახარებული ხარ, როდესაც წიგნს ვკითხულობთ“;

-წაახალისეთ მისი ემპათიის გრძნობა, მოეფეროს თავის დაიკოს ან ძამიკოს, რომელიც ტირის, ან უფროსს რომელიც მოწყენილია;

-წაახალისეთ წარმოსახვითი როლური თამაშები;

-მასთან საუბრისას გამოიყენეთ მარტივი ფრაზები, გაიმეორეთ მისი ნათქვამი სწორად ან დაეხმარეთ აზრის ჩამოყალიბებაში;

-დაათვალიერეთ წიგნები, დაასახელეთ ნაცნობი ობიექტები, დაასწავლეთ ახალი სიტყვები;

-სთხოვეთ გიჩვენოთ წიგნში სხვადასხვა ობიექტები და მიუთითოს საკუთარ სხეულის ნაწილებზე. მაგ: „სად ხატია ცხენი?“, „სად გაქვს პირი?“

-დაუსვით მარტივი შეკითხვები, თუ არ გპასუხობთ უჩვენეთ მაგალითი: „შენ გოგო ხარ თუ ბიჭი?“ დაელოდეთ, თუ არ გპასუხობთ ამბობთ: „გოგო (ან ბიჭი)“. „რა ქვია შენს ბებოს“, შენ დას“ და ა.შ;

-ეთამაშეთ კუბიკებით, ფაზლებით, საპნის ბუშტებით, ბურთებით

- ეცადეთ ხელი შეუწყოთ წარმოსახვითი თამაშის განვითარებას;

 

კვებისას:

-დაასახელეთ ბოსტნეული, ხილი, სხვადასხვა ტიპის საჭმელი;

-ესაუბრეთ როგორ იზრდება ბოსტნეული და შემდეგ როგორ ვამზადებთ მათგან საკვებს;

-ჩართეთ საკვების მომზადების პროცესში და აჩვენეთ, როგორ ამზადებთ ცომს, ჭრით ბოსტნეულს;

-მიეცით საშუალება დამოუკიდებლად მიირთვას კოვზისა და ჩანგლის გამოყენებით.

 

ჰიგიენის პროცედურისას:

-აჩვენეთ როგორ გაიხეხოს კბილები;

-ბანაობისას წაახალისეთ დაასახელოს საკუთარი სხეულის ნაწილები;

-დაუდეთ საპონი და მიეცით საშუალება თავადაც დაბანოს სათამაშო თოჯინა, ცხოველი. ესაუბრეთ ამ დროს იმ შეგრძნებებზე რასაც იღებს: „როგორი სლიპინა და სველია არა?!“;

-დაიხმარეთ და სადილის შემდგომ მან თავად გადაწმინდოს მაგიდა ან ხელსახოცით მოასუფთაოს ძირს დაღვრილი წყალი.

 

მიზანმიმართული თამაშისას:

-ერთობლივად მიბაძეთ სხვადასხვა ცხოველების სიარული მანერას: „როგორ დადის კურდღელი“, „როგორ დადის დათვი“.

-ერთად გააკეთეთ რუკა სადაც დახატავთ მაგალითად: თქვენი სახლი, მეზობლის სახლიდა ხე. ბავშვმა უნდა მოძებნოს და მიუთითოს თითოეულ მათგანზე. შეგიძლიათ გააკეთოთ სახლის ოთახების რუკაც;

-ეთამაშეთ ბურთით ეზოსა და სახლში: ისროლოს, დაიჭიროს, ფეხი დაარტყას, კალათაში ჩააგდოს;

-მიეცით საშუალება სხვადასხვა ამინდში იყოს ეზოში: მზის, წვიმის, ნისლის, ქარის, თოვლის დროს;

 

ყოველდღიური უნარ-ჩვევების სწავლებისთვის:

-თამაშის დასრულების შემდგომ დაეხმარეთ დაემშვიდობოს და შეინახოს სათამაშოები;

-კალენდარზე ერთად მონიშნეთ სასიამოვნო მოვლენები და დაითვალეთდარჩენილი დღეები.

-ყოველთვის მიესალმეთსახლში მოსვლისას და დაემშვიოდობეთ წასვლისას;

 

წიგნის კითხვისას:

-დაუსვით შეკითხვები: „სად წავიდა წითელქუდა“, „სად არის მგელი“, „რა ახურავს წითელქუდას?“;

-ითამაშეთ სიტყვების გამოცნობანა: „ხელში მიჭირავს რაღაც მრგვალი და წითელი, რომელსაც ვჭამთ. რა არის?“;

-მიეცით ბავშვს საშუალება მარტომაც დაათვალიეროს წიგნი და შემდგომ ეცადოს თქვენთვის ამბის მოყოლას.

 

მოსვენებისას:

-უთხარით დახუჭოს თვალები, მიეცით სხვადასხვა ნივთები ხელში და გამოიცნოსრა უჭირავს;

-მწოლიარე მდგომარეობაში მიუთითოს და დაასახელოს საკუთარი სხეულის ნაწილები;

-ძილის წინ შესაძლოა ერთობლივად ხატოთ. აღნიშნული ტიპის თამაში მშვიდია და ბავშვი ნელ-ნელა გადავა მოსვენების ფაზაში.

 

24-36 თვის ასაკში

-ჩართეთ ყოველდღიურ საქმიანობაში: დაალაგოს, გადაწმინდოს, დაასუფთაოს, მიიღოს მონაწილეობა საჭმლის მომზადებაში;

-ყოველთვის აღნიშნეთ და წაახალისეთ მისი მცდელობა შეასრულოს თქვენი მითითებები. უფრო მეტი ყურადღება გაამახვილეთ სასურველ ქცევებზე და შეაქეთ მისი გამოვლენისთვის;

-ამ ასაკში ბავშვები თამაშობენ თანატოლებთან ერთ სივრცეში, გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ ინტერესს, თუმცა ჯერ ვერ თამაშობენ ერთობლივად. ამიტომაც, მიეცით ბევრი სათამაშო და დააკვირდით როგორ ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას. ჩაერთეთ იმ შემთხვევაში თუ სახეზე იქნება კონფლიქტი.

-არ უთხრათ ბავშვს, რომ რამეს არასწორად ამბობს, არ მოსთხოვოთ სწორად გაიმოეროს. ამის სანაცვლოდ თქვენ უთხარით მისი ნათქვამი გრამატიკულად და არტიკულაციურად გამართული ფორმით.

-სთხოვეთ რაიმე საჭიროება გამოხატოს სიტყვით. მაგალითად თუ უჩვენებს საჩვენებელი თითით რძეზე ეხმარებით და ამბობთ წინა ბგერას, „რა გინდა რ....“ ელოდებით და შემდგომ ამბობთ „რძე“. ამ გზით წაახალისებთ, რომ დროთა განმავლობაში თავადაც გამოიყენოს სიტყვა.

-შეიძინეთ სხვადასხვა ტიპის სათამაშოები კუბიკები, ფაზლები, ცხოველები, თოჯინები, ჭურჭელი. აჩვენეთ როგორ გამოიყენოს ისინი სწორად.-ხატეთ ერთობლობად. წინასწარ მოიფიქრეთ რას დახატავთ და შემდგომ სცადეთ ხორცი შეასხათ ჩანაფიქრს.

-სთხოვეთ დაგეხმაროთ კარების გაღებაში, წიგნის ფურცლების გადაშლაში, სარეცხი მანქანის კარების დაკეტვაში და ა.შ.-მაღაზიიდან დაბრუნებისას სთხოვეთ მანაც წამოიღოს რაიმე მსუბუქი.-ხშირად ისეირნეთ პარკში. მიეცით საშუალება აცოცდეს რაიმეზე. მიეცით ბურთი და სთხოვეთ გაეკიდოს და მოძრაობის დროს კვლავ გააგოროს.

 

კვებისას:

-მოიფიქრეთ რაიმე მარტივი კერძი. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, სენდვიჩი. ესაუბრეთრა ინგრედიენტებია მის მოსამზადებლად საჭირო, რა ფერი, ფორმა და ტექსტურა აქვთ მათ. შემდგომ ერთად წადით და იყიდეთ მაღაზიაში. აღუწერეთ მომზადების პროცესი და შემდეგ ერთობლივად მოამზადეთ.

-შემდგომში დაულაგეთ ინგრედიენტები და სთხოვეთ დამოუკიდებლად გაიმზადოს. თუ დახმარება დასჭირდება აუცილებლად მოგმართოთ;-ერთად გაშალეთ სუფრა ოჯახური სადილისას და დაითვალეთ თეფშებისა და ჭიქების რაოდენობა;

 

ჰიგიენის პროცედურისას:

-გახვრიტეთ პლასტმასის ჭიქა, ჩაასხით წყალი და ისაუბრეთ რატომ იღვრება იქედან წყალი;

-იმღერეთ ბანაობისას;

-საშუალება მიეცით დამოუკიდებლად წაუსვას საპონი ღრუბელს და დაიბანოს, განსაკუთრებით ინტიმური ადგილები. ეცადეთ შემოიფარგლოთ მხოლოდ სიტყვიერი ინსტრუქციით და ნელ-ნელა გაზარდეთ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი;-საშუალება მიეცით თავად გაიმშრალოს და წაახალისეთ მისი მონდომება.

 

მიზანმიმართული თამაშისას:

-მაღაზიაში რიგში დგომისას აუხსენით რატომ არის საჭირო დალოდება და ჯერის დაცვა. ამ დროის განმავლობაში ისაუბრეთ სხვადასხვა პროდუქტებზე, რასაც ხედავთ. მათ ფერზე, ფორმაზე, ზომაზე და სარგებლიანობაზე;

-წვიმის შემდგომ ისეირნეთ პარკში, ჩაყარეთ გუბეში კენჭები და ისაუბრეთ რა და რატომ ხდება ამ დროს; დააკვირდით წვიმის შემდგომ გამოსულ ჭიაყელებსა და ლოკოკინებს.

-აღწერეთ ბუნებაში არსებული მოვლენები, მათი მახასიათებლები. მაგალითად: რა ფორმები აქვს ღრუბელს, როგორი სუნია წვიმის შემდეგ, როგორი შეგრძნებაა თოვლთან შეხება და ა.შ.

 

ყოველდღიური უნარ-ჩვევების სწავლებისთვის:

-მოიწვიეთ მისი მეგობრები ან თავად წადით სხვებთან სტუმრად. მიეცით ბავშვს საშუალება დაისწავლოს სხვადასხვა სიტუაციაში ქცევის თავისებურებები;

-ეცადეთ დაეხმაროთ დროის ცნების გაგებაში. ესაუბრეთ რას ვაკეთებთ დილით, შუადღეს და საღამოს. ყოველთვის ჰკითხეთ: „ახლა რისი დროა?“. ესაუბრეთ თანმიმდევრობაზე, მაგალითად: „საუზმის შემდეგ რას ვაკეთებთ?“, ან „ბაღიდან მოსვლის შემდგომ რას ვაკეთებთ?“;

-ახალ სიტუაციაში მოხვედრამდე წინასწარ აუხსენით რა მოხდება იქ, ექნება თუ არა უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, რას ჰკითხავენ, რას მოიმოქმედებენ და ა.შ. მაგალითად: რა მოხდება საბავშვო ბაღში პირველი ვიზიტისას, ექიმთან სტუმრობისას და ა.შ.

 

წიგნების კითხვისას:

-მუდმივად ესაუბრეთ. მოუყევით დღის განმავლობაში მომხდარი საკუთარი ისტორიები და სთხოვეთ თავადაც გაგიზიაროთ;

-დაათვალიერეთ სურათებიანი წიგნები, ან თავად დახატეთ ფურცელზე და სთხოვეთ აღწეროს იქ მიმდინარე მოვლენები;

-გამოიგონეთ ისტორიები, დაიწყეთ თქვენ და სთხოვეთ მან თავად მოიფიქროს და გააგრძელოს ამბავი.

 

მოსვენების დროს:

-ძილის წინ მშვიდ გარემოში ესაუბრეთ და მოუყევით სხვადახვა ისტორია.

-გარემო, სადაც ძინავს მისთვის სასურველი გახადეთ. მოიფიქრეთ რამდენიმე სახალისო, მისთვის საყვარელი და ამავდროულად მშვიდი თამაში, რომელითაც გაერთობით დაძინებამდე. მნიშვნელოვანია თამაში შეარჩიოთ სწორად, რომ არ გამოიწვიოთ ბავშვის აღგზნება. მაგალითად ხატვა, წიგნების დათვალიერება.

-სთხოვეთ დახუჭოს თვალები, მოასმენინეთ სხვადასხვა ხმები და უნდა გამოიცნოს რისი ხმაა: ჩიტის ჭიკჭიკი, ძაღლის ყეფა, საათის ხმა თუ ა.შ.

-დაბალ განათებაზე ითამაშეთ ჩრდილებით: გააკეთეთ თითებით სხვადასხვა ფიგურები და ბავშვმა გამოიცნოს რა არის.

 

36-48 თვის ასაკში

-ბავშვს აუცილებლა უნდა ქონდეს თანატოლებთან თამაშის გამოცდილება

- ხშირად ესტუმრეთ ადგილებს, სადაც მისი ასაკის ბავშვები მრავლად არიან. დააკვიდრით როგორ ურთიერთობს, რა უადვილდება და ეძნელება;

-თუ ბავშვი რაიმე სირთულეს წააწყდა და მოწყენილია, ესაუბრეთ და ერთად მოიფიქრეთ მოგვარების გზა;

-ესაუბრეთ თქვენსა და მის ემოციებზე: „შენ ძალიან მოწყენილი ხარ, რადგან დღეს სათამაშოს ვერ ვიყიდით“, „მე ძალიან გავბრაზდი, როდესაც სათამაშო ძირს გადააგდე“;

-შეიმუშავეთ სახლში მოქცევის წესები და კატეგორიულად უზრუნველყავით მათი შესრულება: ამ წესებს უნდა დაემორჩილოს ბავშვიც და თქვენც; მაგალითად: ტკბილეულს ვიღებთ მხოლოდ ჭამის შემდგომ; თუ რაიმე არ მოგვწონს ვამბობთ სიტყვით და ა.შ.

-მიეცით ბავშვს 3 საფეხურიანი მითითებები: „წადი შენს ოთახში, დადე ეს სათამაშო შენს მაგიდაზე და წამოიღე წიგნი“.

-ყოველდღიურად ითამაშეთ ერთობლივად, დაათვალიერეთ სურათები, ააწყვეთ პაზლები, ხატეთ, ძერწეთ, დაითვალეთ სათამაშოები, კუბიკები, ააშენეთ სხვადასხვა კონფიგურაციის კოშკები და სახლები, ითამაშეთ წარმოსახვითი თამაშები;

-ყოველდღიურად ესტუმრეთ ეზოს ან პარკს: ითამაშოს ბურთით, ფრანით, ველოსიპედით.

 

კვებისას:

-ჰკითხეთ და აჩვენეთ რა მოხდება თუ სოდას და ძმარს ერთმანეთში ავურევთ. ხშირად ისაუბრეთ მსგავს მოვლენებზე, რაც დაეხმარება სამყაროს უკეთესად გაგებაში;

-გასინჯეთ ახალ-ახალი ხილი: ერთად გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით, ისაუბრეთ მის ფაქტურაზე, ფორმაზე, ფერზე, ტექსტურაზე და ბოლოს გემოზეც. გაითვალისწინეთ, რაც უფრო აქტიურად იქნება ბავშვი პროდუქტის ყიდვის და მომზადების პროცესში ჩართული, მით მეტი მონდომებით გასინჯავს სრულიად უცხო კერძს.

-ერთად შეადგინეთ მისი კვების მენიუ და აარჩევინეთ სასურველი კერძი. მაგალითად, საუზმის შემდგომ კითხეთ, რამდენიმე კერძიდან რომელს ისურვებდა სადილად („რომელი გინდა სადილად, სუპი თუ გუფთა? აირჩიე ერთ-ერთი“). გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ბავშვი ნაკლებად იტყვის უარს მისი სურვილის შესაბამისად გამზადებული სადილის მირთმევაზე.

 

ჰიგიენის პროცედურისას:

-გამოიყენეთ საკვების საღებავები, საპნის ქაფი და ბანაობისას ფერადი ქაფით დახატეთ.

-გამოიყენეთ ჯაგრისი როგორც მიკროფონი და იმღერეთ ერთად;

-მიეცით საშუალება დამოუკიდებლად დაიბანოს, გაიმშრალოს და შემდგომ ჩაიცვას ტანსაცმელი.

 

ყოველდღიური უნარ-ჩვევების სწავლებისთვის:

-დაიხმარეთ დაახარისხოს ფული, ერთნაირები დაალაგოს ერთად;

-შეაგროვოს სახლში ძველი პური და პარკში ერთად აჭამეთ ფრინველებს ან ცხოველებს.ამავდროულად ისაუბრეთ მათ მახასიათებლებზე, საჭიროებებზე;

-დაეხმარეთ აიღოს პასუხისმგებლობა, მაგალითად: თუ შინაური ცხოველი გყავთ იყოს პასუხისმგებელი მის გამოკვებაზე, ან შეიძინეთ ქოთნის ყვავილი და პასუხისმგებელი იყოს მის მოვლაზე;

 

წიგნის კითხვისას:

-აარჩიეთ მისი საყვარელი ცხოველი და დაეხმარეთ შექმნას წიგნი ამ ცხოველის და მასთან დაკავშირებული ისტორიების სურათებისგან;

-აუხსენით რა ხიფათის შემცველია ცეცხლი, ასანთი, სანთელი, გაზი და ა.შ. ასწავლეთ როგორ იმოქმედოს საფრთხის წინაშე დგომისას. როგორ ამოიცნოს საფრთხე, როდის მოგმართოთ და რა უნდა გააკეთოს თავად;

 

მოსვენებისას:

-ავარჯიშეთ, (იოგა - მშვიდი ტიპის ვარჯიშები) ერთად გააკეთეთ სხვადასხვა მოქმედებები, ასწავლეთ სწორი სუნთქვა;

-წაუკითხეთ ერთი და იგივე მოთხობა, ზღაპარი. ამ გზით ის იგებს როგორია ამბავის სტრუქტურა, თანმიმდევრობა და ამასთან წაახალისებთ მის წიგნებისადმი ინტერესსაც.

-საწოლში წოლისას გაჩუმდით და მოუსმინეთ ხმებს, აღწერეთ რისი ხმა ისმის და რითი ხასიათდებიან ისინი.

 

გახსოვდეთ, რომ განვითარების სხვადასხვა ტიპის სირთულეების შემჩნევა ხშირ შემთხვევაში ძალიან ადრეულ ასაკშივეა შესაძლებელი (განვითარების ეტაპების დაყოვნება, აუტისტური სპექტრის აშლილობა, მოტორული განვითარების სირთულეები და ა.შ). მშობლის ამოცანაა, იცოდეს და იხელმძღვანელოს ბავშვის ტიპიური განვითარების კანონზომიერებებით და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართოს სპეციალისტს.

 

ავტორი: ირინე დოღაძე

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15

გამოყენებული ლიტერატურა:

Office of child early development, Every Day I Learn Through Play, 2017

Department of Health, Learn the signs, act early, 2018

Community Child Care Co-operative Ltd, Early Years Learning Framework, 2010