სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი სკოლაში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება, ხოლო სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვს აქვს უფლება მიიღოს სპეციალური განათლება.

სპეციალური განათლება ფართო ცნებაა, რომელიც ბავშვის საჭიროებებს ეყრდნობა და მრავალფეროვან მომსახურეობას გულისხმობს. ცნება არ გულისხმობს სპეციალური ოთახის ან სკოლის გამოყოფას. მოიაზრება, რომ ბავშვები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ სასწავლო პროცესში ისე, რომ დამატებით თავიანთი საჭიროებების მიხედვით მიიღონ მომსახურეობა. ეს მომსახურეობა ბავშვს უნდა აძლევდეს საშუალებას განვითარდეს თავისი ინდივიდუალური მიზნების შესაბამისად. მიზნების მისაღწევად აუცილებელია სტრატეგიები, სწორედ ამისთვისაა საჭირო და ამას გულისხმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება.

სპეციალური განათლება შესაძლებელია მოიცავდეს განსხვავებულ სასწავლო ღონისძიებებს, როგორიცაა:

• სპეციალური განათლების მხარდაჭერით მთლიანი დღის განმავლობაში საერთო საკლასო ოთახში ჩართვა. ამ დროს, საკლასო ოთახში ბავშვის ადაპტირებისთვის სპეციალისტები მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა სტრატეგიას იმუშავებენ

• სპეციალური განათლების პერსონალის ცალკეულ კლასში ან სკოლაში მოთავსება გარკვეული დროით ან მთელი სასწავლო დღის განმავლობაში. სადაც იგი მიზნების მიღწევისთვის საჭირო საგანმანათლებლო ღონისძიებებს უზრუნველყოფს

• სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთათვის კონკრეტული დროის (დღეში ერთი საათი) გამოყოფა სასწავლო დღის განმავლობაში ან დამატებით, სასწავლო დღის შემდგომ.

• ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპია

• ყველა მომსახურეობის კომბინაცია

როგორ განისაზღვრება სჭირდება თუ არა ბავშვს სპეციალური დახმარება?

თუ მშობელმა უკვე იცის, რომ ბავშვს რაიმე სახის დარღვევა აქვს მან უნდა გააფრთხილოს სკოლაში მომუშავე პერსონალი ამის შესახებ. ხოლო, თუ ბავშვი სკოლაში სწავლობს და ამის შემდგომ სკოლის პერსონალმა ან თავად მშობელმა აღმოაჩინა, რომ ბავშვს გარკვეული პრობლემები აქვს, სკოლამ უნდა გადაამისამართოს მშობელი სპეციალისტთან.

ბავშვის სკრინინგის, გადამისამართებისა და შეფასების შემდგომ აუცილებელია იმის დადგენა სჭირდება თუ არა მას სპეციალური განათლება და თუ სჭირდება რა ტიპის ჩარევაა საჭირო. ამისათვის საჭიროა რჩევების მიღება სკოლაში მომუშავე ინკლუზიური განათლების გუნდისგან ან იმ სპეციალისტებისგან, ვისთანაც ბავშვი შეფასდა. სპეციალური განათლების საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, რაც გულისხმობს, რომ უნდა შედგეს წერილობითი დოკუმენტი, სადაც ასახულია ბავშვის განვითარებისთვის შედგენილი მიზნები, ამოცანები და მათი მიღწევის სტრატეგიები. ამ დოკუმენტის შექმნისას მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ასევე მშობელს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია აღწევს თუ არა თავის მიზანს გაწერილი გეგმა.

 

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15

 

 

 

ავტორი:

სოფო ცაგარეიშვილი

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი