რატომ ხედავენ ბავშვები ცუდ სიზმრებს და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი მათ
 

ბავშვებთან ძილის შეწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს ღამის კოშმარები და ე.წ ღამის ტერორი წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ზუსტად იცოდნენ რა არის სწორი სტრატეგია ამ სიტუაციაში და როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვს აღნიშნულ პრობლემასთან უმტკივნეულოდ გამკლავებაში. უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს ძილის სისტემატური შეწყვეტის გამომწვევი ცალსახა მიზეზი. ეს პრობლემა საკმაოდ კომპლექსურია და შესაძლოა უკავშირდებოდეს:

- სტრესიულ სიტუაციას;

- ძილის რუტინის არ არსებობას ან ძილის უკმარისობას;

- ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებს;

- მედიკამენტების მიღებას;

მეორეს მხრივ კი, შესაძლოა სრულიად არუკავშრდებოდეს ბავშვის ემოციურ ან ფიზიკურ მდგომარეობას.

 რა არის ღამის კოშმარი


ღამის კოშმარი ეს არის ცუდი სიზმარი, რომლის ნახვის შემდგომ ბავშვი ძალიან აღელვებული და შეშინებულია. ის შესაძლოა სიზმრად ხედავდეს: წარმოსახვით შექმნილ ობიექტებს; ურჩხულებს; ან შესაძლოა შინაარსი დაკავშირებული იყოს ბავშვისთვის სახიფათო, რეალურ მოვლენასთან. შედეგად,იღვიძებს დამფრთხალი და ფიქრობს, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ხშირ შემთხვევაში მასახსოვს სიზმრის შინაარსი და უარს ამბობს ძილის გაგრძელებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ვერ ახერხებსაღიდგინოს შფოთვის გამომწვევი სიუჟეტის შინაარსი. ასაკის მატებასთან ერთად კი აცნობიერებს, რომ სიზმარში ნანახი რეალობას არ შეესაბამება.ღამის კოშმარები ყველა ასაკის ადამიანთან შესაძლოა შეგვხვდეს, თუმცა განსაკუთრებული მტკივნეული სახით ვლინდება 3-6 წლის ასაკის ბავშვებთან.

ღამის კოშმარები მჭიდროდაა დაკავშირებული: ბავშვის რეალურ წუხილებთან და შიშებთან; ემოციური მდგომარეობის გაუარესებასთან; სტრესული სიტუაციის გამწვავებასთან; ძილის ნაკლებობასთან; რაიმე ტიპის მედიკამენტების მიღებასთან. ამ პირობებში ღამის კოშმარების სიხშირე, ჩვეულებრივ, იმატებს.

რა არის ღამის ტერორი


ღამის ტერორის დროს, ღრმა ძილის მდგომარეობაში მყოფი ბავშვი მოუსვენრადაა, აჟიტირებულია, შესაძლოა ადგეს და იაროს, იტიროს, იყვიროს.ამ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ყურება მშობლისთვის ემოციურად ძალიან რთულია. ჩვეულებრივ, ღამის ტერორიჩაძინებიდან 2-3 საათში ჩნდება. ამ დროსბავშვი კვლავ ძილის მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფიზიკური აქტივობა და სახის ემოციური გამომეტყველება თითქოს საწინააღმდეგოზე მეტყველებს. მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ღამის ტერორი ბავშვისთვის ემოციური ზიანის მომტანი არ არის და ისეთი ცუდი ეფექტი არ აქვს, როგორც ღამის კოშმარებსა და ცუდ სიზმრებს. ღამის ტერორის დროს ბავშვის მდგომარეობა შემდეგია:

- შესაძლოა იყვიროს, იტიროს,ფერმკრთალი და შეშინებული იყოს;

- იქნევს ხელებსა და ფეხებს;

- ეძახის მშობელს, თუმცა ვერ აცნობიერებს მის სიახლოვესა და დამშვიდების მცდელობას;

- ამ დროს სუნთქავს მძიმედ, აქვს ფართოდ გახელილი და გაოცებული თვალები;

- სვამს არა ადეკვატურ კითხვებს ან სხვებს პასუხობს შეუსაბამოდ;

- ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს ძილის ნაკლებობასთან, მედიკამენტის მიღებასთან, სავსე შარდის ბუშტით ძილთან, ხმაურიან გარემოში ჩაძინებასთან, ძილის რეჟიმის არ არსებობასთან;

- ღამის ტერორი შესაძლოა გაგრძელდეს 20 წუთამდეც კი;

ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ღამის ტერორი, ამ დროს არ ხედავენ სიზმრებს და არც ღვიძავთ. მეორე დილით მათ არაფერი ემახსოვრებათ. ღამის ტერორები სახიფათოდ გამოიყურება და სერიოზულად აშინებთ მშობლებს. თუმცა გახსოვდეთ, ის არაფერს ავნებს ბავშვს და ამ დროს ის რეალურად შეშინებული არ არის. ბავშვისთვის დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ მშობლის არა სწორი სტრატეგია.

სიარული ძილის დროს


ეს არის ღამის ტერორის ერთ-ერთი მდგომარეობა, როდესაც ძილის დროს ბავშვი იწყებს სიარულს ან ასრულებს მარტივ ამოცანებს. ამ ტიპის სირთულეებიძირითადად ვლინდება 3-7 წლის ასაკის ბავშვებთან. ასაკის მატებასთან ერთად ეს სირთულეები ნელ-ნელა გაქრება და აღმოიფხვრება. ამ მდგომარეობაში ყოფნისას ბავშვი ვერ აცნობიერებს რას აკეთებს და შესაბამისად, არსებობს საფრთხე რომ შესაძლოა რაიმე დაიზიანოს.

საუბარი ძილის დროს


ერთ-ერთ გავრცელებულ მდგომარეობას წარმოადგენს. განსაკუთრებით გვხვდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი რაიმე მიზეზით აღელვებულია და ემოციებშია. მისი საუბარი შესაძლოა იყოს გასაგები ან გაუგებარი, თუმცა მეორე დღეს ამ ფენომენის შესახებ არ ახსოვს. ეცადეთ დღის განმავლობაში ესაუბროთ და მოისმინოთ მისი ჩივილები, გაიგოთ მისი ემოციური მდგომარეობა. 

როგორ განასხვავოს მშობელმა ერთმანეთისგან ღამის კოშმარი და ღამის ტერორი
ჩვეულებრივ, ღამის კოშმარის შედეგად გაღვიძებულ ბავშვს გარკვეულწილად ახსოვს ცუდი სიზმრის შინაარსი და ითხოვს, რომ მშობელმა დაამშვიდოს. ღამის ტერორის შემთხვევაში კი ბავშვი აღელვებულია, თუმცა ამ დროს ფხიზლად არ არის. შესაძლოა დასვას არა ადეკვატური კითხვა ან უპასუხოს შეუსაბამოდ, ვერ იცნოს მშობელი და ეცადოს მის მოშორებას. მეორე დილით კი, არაფერი ახსოვს.

როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი ძილის სირთულის მქონე ბავშვს


 ღამის კოშმარების დროს:

• დარჩით მასთან ერთად, სანამ კვლავ ღრმად არ ჩაიძინებს;

• დატოვეთ მისი საძინებლის კარი ღია და დაბალი განათება კი ჩართული;

• მოეფერეთ სხეულზე, სახეზე ნაზად, უმღერეთ სიმღერა, შეუქმენით კომფორტული გარემო;\

• მცირე ხნით, მშვიდი ტონით ესაუბრეთ კოშმარის შინაარსზე;

• შეამცირეთ ყოველდღიური სტრესი. მაგალითად, თუ იმ პერიოდში დაიწეთ ტუალეტის ჩვევის მოწესრიგება, დროებით გადადეთ ეს ამოცანა გვერდით და დაეხმარეთ სიმშვიდის შენარჩუნებაში;

• დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე გამორთეთ ტელევიზორი, კომპიუტერი. შეამცირეთ ის პროგრამები რომელიც განსაკუთრებულ ემოციებსა და აღელვებას იწვევს ბავშვში;

• გქონდეთ დამამშვიდებელი ღამის რუტინა: ბანაობა, კითხვა, მშვიდი სიმღერა, ძილის წინ შუბლზე კოცნა და ა.შ.

• ბავშვის საწოლი აქციეთ მისი დასვენების, მშვიდად ყოფნის უსაფრთხო გარემოდ;

• დღის განმავლობაში ისაუბრეთ მისი შიშის ობიექტებზე, ერთად დახატეთ, შემდგომ დახიეთ და გადაყარეთ. ეს მეტ-ნაკლებად გააძლიერებს და დარწმუნდება, რომ შეუძლია შიშთან გამკლავება, მისი დაძლევა. თუ ბავშვი, მუდმივად ერთი და იმავე კოშმარს ხედავს ერთი და იგივე დასასრულით, მაშინ დღის განმავლობაში ერთად მოიფიქრეთ კეთილი და სახალისო დასასრული აღნიშნული სიზმრისთვის.

ღამის ტერორების დროს:

• მშობლის მხრიდან სწორი სტრატეგია გულისხმობს ბავშვისთვის მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების შექმნას. არ გააკავოთ, არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები. უბრალოდ დაიცავით მისი უსაფრთხოება და დაელოდეთ როდის გააგრძელებს ძილს;

• ამ სიტუაციაში სჯობს საერთოდ არ შეეხოთ თუ ამის საჭიროება არ არის, რადგან საპასუხოდ შესაძლოა ხელი გკრათ, გაიქცეს ან გამოფხიზლდეს. გაითვალისწინეთ, რომ ღამის განმავლობაში გამოფხიზლებამ, შესაძლოა განაპირობოს ბავშვის ძილის ნაკლებობა. ამ პირობებში კი ღამის ტერორების რაოდენობა გაიზრდება;

• არ გააღვიძოთ - ამ დროს, ეს მას ნამდვილად შეაშინებს და შემდგომ გაუჭირდება ჩაძინებაც;

• თუ მაინც გაიღვიძებს, გამოიჩინეთ მოთმინება, იყავით მშვიდად და აცადეთ დამშვიდდეს.

• დარჩით ბავშვთან ერთად და უზრუნველყავით მისი უსაფრთხოება. თუ საჭიროა დაეხმარეთ საწოლში დაბრუნებაში - ზურგზე მსუბუქი შეხებით მიეცით სწორი მიმართულება საწოლისკენ;

• შექმენით ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო, მოაშორეთ ნივთები, რომელსაც შესაძლოა დაეჯახოს; დახურეთ ფანჯრები, კარები; მოაწყვეთ შესაბამისი წინაღობები კიბეებთან;

• მეორე დღეს აღნიშნული შემთხვევის მოყოლით შესაძლოა დაამწუხროთ და შეაშინოთ ბავშვი. ამიტომაც სჯობს არ ესაუბროთ. თუ თვითონ გაიხსენებს აღნიშნულ მოვლენას, ამ შემთხვევაში დაარწმუნეთ, რომ საშიში არაფერი ხდება. თქვენ მის გვერდით ხართ და იცავთ.

• ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა. არათანმიმდევრულმა ჩაძინებისა და გაღვიძების პერიოდებმა შესაძლოა გაამწვავოს მდგომარეობა და გამოიწვიოს კიდეც ღამის ტერორების წარმოშობა. ამიტომაც, მშობლის ამოცანაა ბავშვს ჩამოუყალიბოს ძილის რუტინა. მოზარდი ყოველდღიურად უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს წინასწარ განსაზღვრული რეჟიმის მიხედვით, დასვენების დღეებშიც კი.

• თუ ღამის ტერორი ერთი და იგივე მონაკვეთში ხდება, მაშინ წინასწარ 10 წუთით ადრე გააღვიძეთ მოფერებით და შემდგომ დაეხმარეთ კვლავ ჩაძინებაში;

• დარწმუნდით, რომ ძილის წინ ბავშვი მოიხმარეს ტუალეტს, ძილისას არ აქვს სავსე შარდის ბუშტი.

ღამით სიარულის დროს:

• არ გააღვიძოთ, ამან შესაძლოა გაანერვიულოს ბავშვი. მიჰყევით, აკონტროლეთ მისი უსაფრთხოება და ეცადეთ ფრთხილად წაიყვანოთ თავის საწოლისკენ;

• შექმენით მისი უსაფრთხოებისთვის შესაბამისი გარემო. დაძინებამდე დარწმუნდით, რომ კარები და ფანჯრები ჩაკეტილია, დამცავებია კიბეზე, დენის წყაროსთან წვდომა შეზღუდულია და ა.შ.

• დააყენეთ ზარი მის საწოლთან, რომელიც გაგაფრთხულებთ მისი წამოდგომის შესახებ;

• არ შეარცხვინოთ ამის გამო. დაარწმუნეთ, რომ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა და დროსთან ერთად გაივლის.

როგორ არის შესაძლებელი ძილის შეწყვეტის პრევენცია
ღამის კოშმარების დროს:

- დაძინების წინ იყავით ბავშვთან ერთად,წაუკითხეთ წიგნები და დაკავდით ისეთი აქტივობით, რომელიც მისთვის სასიამოვნოა;

- დაძინებამდე 1 საათით ადრე მაინცგამორიცხეთ სატელევიზიო პროგრამების და მულტფილმების ყურება. განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვისთვის ამაღელვებელი შინაარსის მქონე გადაცემებს; 

- 1 წლის ასაკის ზემოთ ნელ-ნელა შეზღუდეთ საკვებისა და სასმელის მიწოდება დაძინებამდე 1 საათით ადრე.

ღამის ტერორის დროს:

- ვინაიდან, ჩაძინების პრობლემა, გადაღლილობა, მაღალი ტემპერატურა წარმოადგენს მდგომარეობის დამამძიმებელ მიზეზებს, ეცადეთ მოახდინოთ მათი აღმოფხვრა;

- ღამის ტერორების პრევენციაში დაგეხმარებათ ბავშვის დღისა და ღამის რუტინის მოწესრიგება და რეჟიმის შედეგენა (დასვენების დღეებშიც);

- თუ ღამის ტერორი ერთი და იმავე დროს ხდება, 10-15 წუთით ადრე, ოდნავ შეაფხიზლეთ ბავშვი და შემდეგ ეცადეთ კვლავ ღრმად დაიძინოს. თუ ამ სტრატეგიით შედეგს მიაღწევთ 4-5 ღამის განმავლობაში, შემდგომ შეწყვიტეთ გაღვიძება და დააკვირდით განმეორდება თუ არა ღამის ტერორი.

როდის უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს


ჩვეულებრივ, ღამის ტერორი ბავშვებთან გავრცელებულ ერთ-ერთ ნორმალურ თავისებურებას წარმოადგენს და არ საჭიროებს სპეციალურ ჩარევას. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ამჩნევს აღნიშნული ეპიზოდების გახშირებას, რომელიც სერიოზულად არღვევს ძილის მიმდინარეობს და ზემოქმედებს მოზარდის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე, აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. ჩარევა ამ შემთხვევაში გულისხმობს ქცევით მიდგომასა და იშვიათად მედიკამენტებს. ღამის კოშმარების დროს კი მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური მდგომარეობის შეფასება და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია;

შესაბამისად, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს თუ:

• სიმპტომები უფრო და უფრო რთულდება და სახიფათო ხდება;

• ფიქრობთ, რომ არსებობს ამ პრობლემების გამომწვევი ცალსახა მიზეზი, მაგალითად რაიმე მედიკამენტის მიღება;

• ღამის კოშმარები და ტერორი გავლენას ახდენს ბავშვის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე;

• ვლინდება შეუსაბამო ასაკში;

 


ავტორი: ირინე დოღაძე

 

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი

 

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15

 

გამოყენებული ლიტერატურა:

- Centre for Community Child Health, Night Terrors – Management, 2014
- The Children’s Hospital at Westmead, Nightmares and night terrors, 2016
- Mindell J., A Clinical Guide to Pediatric Sleep: Diagnosis and Management of Sleep Problems.Sleep Disorders Center, 2017.
- Government of South Australia, Sleep disturbance, 2015