სურვილის გადავადება და პრეფრონტალური ქერქი
1972 წელს ფსიქოლოგმა, ვოლტერ მისჩელმა (Walter Mischel) ბავშვებზე ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც დღეს „სტენფორდის ზეფირის“ (the Stanford marshmallow experiment) სახელითაა ცნობილი. ექსპერიმენტის ფარგლებში 4-დან 6 წლამდე ბავშვებს მაგიდაზე უდებდნენ ერთცალ ზეფირს და ეუბნებოდნენ, რომ მათ შეეძლოთ ეს ზეფირი ან მაშინათვე ეჭამათ, ან შეეძლოთ 15 წუთი მოეცადათ, არ ეჭამათ და 15 წუთის გასვლის შემდგომ დამატებით კიდევ 2 ზეფირს მიიღებდნენ. ზეფირი ბავშვებისთვის ერთგვარ ჯილდოსთან ასოცირდებოდა. სწორედ ამ ჯილდოს მიღების დროში გადავადების პარამეტრით აღნუსხავდა ექსპერიმენტატორი ბავშვების პასუხებს, ანუ - რომელ ბავშვს რამდენი ხნით შეეძლო ჯილდოს მიღების (ზეფირის ჭამის) დროში გადავადება.
აღნიშნული ექსპერიმენტის გაგრძელება იყო 1988 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის ფარგლებშიც ზუსტად იგივე ბავშვები იკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ის მოზარდები, რომლებსაც პირველ ექსპერიმენტში (როდესაც ბავშვები იყვნენ), ჯილდოს მიღების დროში გადავადება ყველაზე დიდხანს შეეძლოთ (ანუ, ყველაზე დიდხანს ითემენდნენ, სანამ ზეფირს შეჭამდნენ), კოგნიტური უნარების კუთხით უფრო მაღალი კომპეტენციით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ის მოზარდები, რომელთაც ბავშვობაში ჯილდოს მიღების დროში გადავადება ან საერთოდ არ შეეძლოთ, ან - დიდხანს გადავადებას ვერ ახერხებდნენ.
რეალურად, ვოლტერ მისჩელი ამ მარტივი ესქპერიმენტით განმამტკიცებლის, ჯილდოს, ან უბრალოდ ვთქვათ, სასურველის მიღების დროში გადავადების (იგივე, იმპულსის კონტროლის) საფუძვლად მდებარე მექანიზმს იკვლევდა: ესაა თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქის ფუნქციონირება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი წარმატებისათვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რატომ?
მიიჩნევა, რომ თავის ტვინის პრეფრონტალური კორტექსტი ე.წ. აღმასრულებელ ფუნქციას ასრულებს. ის არის თავის ტვინის „მენეჯერი“ და „ორგანიზატორი“, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს პრობლემის წინაშე აღმოჩენისას, ვინაიდან ამ დროს სწორედ ის ანაწილებს ფუნქციებს, თუ რომელმა ნეირონულმა კავშირმა რომელი მიზნის შესრულება უნდა აიღოს თავის თავზე, რომ პრობლემა ეფექტურად, ენერგიისა და დროის მინიმალური დანახარჯით და რაც მთავარია, ხარისხიანად გადაიჭრას. მაშასადამე, თავის ტვინის ეს უბანი არის ე.წ. „აღმასრულებელი ფუნქციების“, ან ასე ვთქვათ, სიმბოლური აზროვნების „განთავსების“ არეალი. მის გარეშე ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო საფეხურების დასახვა, მიზნების განსაზღვრა, პრობლემის გადაჭრისთვის ირელევანტური ინფორმაციის შეკავება, იმპულსის კონტროლი, თვითკონტროლი და ა.შ. ძალიან გაგვიჭირდებოდა.
კარგი ამბავია ის, რომ ადამიანები პრეფრონტალური ქერქის რაღაც უცვლელი მოცემულობით არ იბადებიან. თავის ტვინის ეს ქერქული არეალი და მისი ფუნქცია გარემოდან მომავალი სწავლების საფუძველზე ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით 20 წლის ასაკამდე აქტიურად იცვლება და იზრდება (ნუ, პლასტიურობის თეორიის მიხედვით, 20 წლის შემდეგაც იცვლება რა თქმა უნდა, უბრალოდ მას ამისათვის გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა და ინტენსიური სწავლება სჭირდება, ვიდრე - მანამდე).
როგორ შეუძლია მშობელს საკუთარ შვილს თავის ტვინის ამ უმნიშვნელოვანესი ქერქული უბნისა და მისი ფუნქციის განვითარებაში დაეხმაროს? ამის გაკეთების მთავარი საშუალებაა აღზრდის სწორი სტილი, რაც ბავშვთან ურთიერთობაში შემდეგ მნიშვნელოვან კომპონენტებს მოიაზრებს:
1) ბავშვთან ურთიერთობისას ქცევით-ემოციური მხარდამჭერი სტრატეგიების გამოყენება - უსაფრთხო და ემოციურად მშვიდი გარემოს შექმნა, როცა ბავშვს ასწავლით საკუთარი თავის პატივისცემასა და სიყვარულს, დაშვებული შეცდომების მიმღებლობას და ასწავლით იმას, რომ სამყაროში ის მარტო არ არის;
2) მოქცევის ჩარჩოს დაწესება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ „ტირანი“ მშობელი ხართ და ბავშვს თავისუფლებას უზღუდავთ. პირიქით, მოქცევის ჩარჩოს ფარგლებში ბავშვი სწავლობს, რომ:
➤ სამყაროში არსებობს რაღაც წესები, რომლებსაც ყველა ადამიანი ემორჩილება. სწავლობს იმას, რომ მისი სურვილების დაკმაყოფილება ყველგან და ყოველთვის ვერ მოხდება და რომ ეს ბუნებრივია;
➤ სწავლობს „არა“-ს მიღებას და მოთხოვნის დროში გადავადებას, ანუ - მოთმინებასა და ნებისყოფას;
➤ სწავლობს იმას, რომ როგორც მას აქვს საკუთარი „მე“ თავისი სურვილებითა და მოთხოვნებით, ასეთივე „მე“ აქვს სხვასაც, თავისივე ინტერესებით, სურვილებითა და მოთხოვნებით;
➤ სწავლობს ემპათიას, სხვის თანაგრძნობას;
3) ბავშვთან ურთიერთობისას განვითარების ბუნებრივი საფეხურების გათვალისწინება: 6 წლამდე სენსო-მოტორული აქტივობების პრიორიტეტი, თამაში და შემოქმედებითობა, შემდგომ უკვე - შემეცნებითი კომპონტენტებით დატვირთული აქტივობების შეთავაზება. რაც მთავარია, ყველა ასაკობრივ საფეხურზე ბავშვის განვითარების მასტიმულირებელი, ანუ განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა და ა.შ.
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი: ნათია გაბედავა
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15