რა სარგებელი აქვს ჯანმრთელი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას?
🟣 ბავშვის თავის ტვინის ადრეული განვითარებისთვის ხელსაყრელი, უსაფრთხო პირობების შექმნა გავლენას ახდენს შემდეგ ბავშვის დასწავლის უნარების განვითარებაზე.
🟣 მშობელი გათვიცნობიერებული ხდება ბავშვის საჭიროებებში (როგორიცაა, ძილი, კვება, თამაში).
🟣 ბავშვი სანდოდ განეწყობა მშობლების მიმართ.
🟣 ბავშვი მოწადინებული ხდება, რომ შეისწავლოს, აღმოაჩინოს გარემო მის გარშემო და მიიღოს გამოცდილებები.
🟣 მშობლები უფრო თვითდაჯერებული არიან და უფრო უკეთ შეუძლიათ ემოციური რეგულაცია.
რა არის სანდო მიჯაჭვულობა?
მზრუნველი/მშობელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირი ჩვილისთვის. ბავშვის თავის ტვინი ვითარდება სწრაფ ტემპში პირველი 2 წლის განმავლობაში და განაგრძობს განვითარებას მთელი ცხოვრების მანძილზე. მშობელსა და ჩვილს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. სიყვარულით სავსე, დაცულ ურთიერთობაში მყოფი ბავშვის თავის ტვინი აქტიურად და სწრაფად ვითარდება, კავშირები ადვილად ყალიბდება.
ჩვილს მშობელი სჭირდება იმისთვის, რომ დაიცვას ის, გამოკვებოს და კომფორტი შეუქმნას. ჩვილი თავს დაცულად გრძნობს, მაშინ, როცა მშობლის მკლავებშია, ან მის სხეულთან ახლოს. მშობლების და შვილების უმეტესობა თავს გრძნობს უფრო მშვიდად, მაშინ როცა არიან კომფორტში, შეკავშირებულები და თავს გრძნობენ დაცულად.
სანდოა მიჯაჭვულობა მაშინ, როცა მშობელს შეუძლია ჩვილის ენის ინტერპრეტაცია (მინიშნებები, მოძრაობები, ქცევა, და საბოლოოდ სიტყვები) და მასზე თანაგრძნობით პასუხი. რა თქმა უნდა, არცერთი მშობელი არ არის სრულყოფილი, თუმცა მათ მცდელობას, რომ ბავშვის საჭიროებები აღმოაჩინონ, დიდი გავლენა აქვს ხანგრძლივ პერსპექტივაში.
გზები თუ როგორ შეიძლება ჩამოაყალიბოს მშობელმა ჩვილთან სანდო მიჯაჭვულობა?
🟣 მშობელმა გულში უნდა ჩაიხუტოს ჩვილი. შეხება არის დამამშვიდებელი ბავშვისთვის და ქმნის დაცულობის განცდას. კანის კანთან შეხება ეხმარება ორივეს, რომ განიცადონ რელაქსაცია და სიმშვიდე.
🟣 მშობელმა უნდა დაამყაროს თვალით კონტაქტი ჩვილთან. მშობელმა ბავშვს უნდა უყუროს თვალებში, როცა აჭმევს, ეთამაშება, უცვლის, სახეზე აღბეჭდილი ემოციებით უნდა გაუზიაროს სიხარული და აღფრთოვანება.
🟣 მშობელი უნდა დააკვირდეს და მოუსმინოს ჩვილს. აღმოაჩინოს ადრეული მინიშნებები, როგორიცაა, მაგ: ზურგის მოხრა, თითების წოვა, ჭირვეულობა, ხმის შეცვლა, რათა თავიდან აიცილოს ბავშვის გადამეტებული ტირილი და გაღიზიანება მომავალში.
🟣 მშობელმა კომფორტი უნდა შეუქმნას ჩვილს ყოველ ჯერზე, როცა ის ტირის. ტირილი მიანიშნებს, რომ მას სჭირდება საკვები, კომფორტის შექმნა ან დამშვიდება.
🟣 მშობელი ჩვილს უნდა ელაპარაკოს თბილი, დამამშვიდებელი ხმის ტონით. კავშირი უნდა დამყარდეს ღიმილით, სიმღერით, ამბის მოყოლით, ან დამამშვიდებელი ტონით.
🟣 მშობელს უნდა ჰქონდეს რეალური მოლოდინები. ჩვილს არ შეუძლია დაიმშვიდოს თავი, ან ვერბალურად გადმოსცეს თავისი სათქმელი, სანამ წლის და მეტის არ გახდება. ამიტომ მშობელია ჩვილისთვის კომფორტის, უსაფრთხოების და მშვიდი გარემოს შემქმნელი.
🟣 მშობელი უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვილთან. უნდა ცდილობდეს დღის განმავლობაში პერიოდულად დაუთმოს მთელი თავისი ყურადღება ჩვილს. ეს უნდა ხდებოდეს რა თქმა უნდა ტელეფონის, ტელევიზორის გარეშე - მხოლოდ მშობელი და ჩვილი.
🟣 მშობელი უნდა ცდილობდეს საკუთარი თავის შეცნობას. აქ იგულისხმება, ის ფაქტი, რომ ხვდებოდეს როდის არის ის დაღლილი, მშფოთვარე მდგომარეობაში, გაბრაზებული ან იმედგაცრუებული და გარკვეულ დროს საკუთარ თავზე ზრუნვას უნდა უთმობდეს, რადგან მშობელი, რომელიც უკეთ იცნობს საკუთარ საჭიროებებს, უკეთ შეძლებს ჩვილის საჭიროებების აღმოჩენას. საკუთარ თავზე დაკვირვება ასევე ეხმარებ მშობელს საკუთარი შფოთვის და აღელვების მართვაში. მშვიდი და უშფოთველი მშობელი კი ჩვილის კონფორტის და უსაფრთხოების შეგრძნების გარანტიაა.
როგორ უნდა გამოხატოს მშობელმა თანაგრძნობის შემცველი პასუხი?
🟣 შეხება: ახალშობილებს უყვართ ფრთხილად შეხება, ნელა რწევა, გულში ჩახუტება.
🟣 კანის კანთან შეხება: მშობელმა უნდა დაიწვინოს ჩვილი (რომელსაც მხოლოდ პამპერსი ეცმევა) თავის შიშველ მკერდზე.
🟣 მშობელს შეუძლია ჩვილის სუნთქვის და ტემპერატურის რეგულირება, რაც განსაზღვრავს ხანგრძლივ ძილს.
🟣 ჩვილის მასაჟი: მშობელმა ნაზი მოძრაობებით უნდა წაუსვას ჩვილს ლოსიონი, ან ზეთი ხელებზე, მუცელზე, ფეხებზე, ზურგზე და მკერდზე.
🟣 მშობელმა ჩვილი უნდა ატაროს ისე, რომ რაც შეიძლება ახლოს ჰყავდეს თავის სხეულთან.
🟣 მშობელი ჩვილს უნდა ესაუბრებოდეს, უმღეროდეს, უკითხავდეს, რადგან მშობლის ხმა არის მისთვის დამამშვიდებელი.
ჩვილის შეკავშირება და მიჯაჭვულობა მზრუნველთან: დაკვირვებები ზოგადი და კლინიკური მეცნიერებიდან
შეკავშირება და ადრეული მიჯაჭვულობა ჩვილსა და მზრუნველს შორის დინამიკური, ორმხრივი პროცესია, რომელიც მოიცავს მზრუნველის მხრიდან ჩვილის აღზრდას, მოვლას, მის ქცევასა და მოქმედებაზე ადეკვატურ რეაგირებას. მიჯაჭვულობას აქვს ორმხრივი ფუნქცია. პირველი არის ის რომ ჩვილი მზრუნველთან სიახლოვეს ეძებს, იმიტომ რომ მიიღოს საჭირო ზრუნვა, რათა გადარჩეს. და მეორე - მიჯაჭვულობის ხარისხი და მასთან დაკავშირებული სენსორული სტიმულაცია თავის ტვინის ორგანიზებას უწყობს ხელს და მომავალში ემოციური და შემეცნებითი განვითარებისთვის საჭირო ნეირონული სისტემების ჩამოყალიბებას. კონკრეტულად, უსაფრთხო და დაცული სიტუაციის შექმნა არეგულირებს ჩვილის თავის ტვინის ფუნქციონირებას და ქცევით გამოვლინებებს, რაც განსაზღვრავს ბავშვის ემოციურ რეგულაციას გრძელვადიან პერსპექტივაში.
მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება იწყება საშვილოსნოდან დროულად დაბადებულ ბავშვს დაბადებისას იზიდავს დედის ხმა, სუნი და სანაყოფე წყლების სურნელი( DeCasper AJ, Fifer WPScience. 1980), (Marlier L, Schaal B, Soussignan RChild Dev. 1998 ). ეს მიმზიდველობა დედის სენსორული სტიმულებისკენ არის პირველი ნიშნები ჩვილის შეკავშირებისა და მიჯაჭვულობის პროცესის დაწყებისა დედასთან. აღნიშნული პროცესი იწყება ორსულობის ბოლო ტრიმესტრიდან, როცა ნაყოფის სმენის და ყნოსვის სისტემები იწყებს ფუნქციონირებას და საშუალებას აძლევს მას შეისწავლოს დედის ხმა და სურნელი. სწორედ სანაყოფე სითხეში განიცდის ნაყოფი ყნოსვის რეცეპტორების სტიმულაციას, ყლაპვის და თითის წოვის დროს. როცა სმენითი გარემო დომინანტური ხდება დედის სისხლის მიმოქცევის რითმული ხმებით, მაშინ დედის ხმა ნაყოფთან აღწევს მისი ძვლების და სანაყოფე სითხის გავლით ნაყოფის ყურებამდე (Moon CM, Fifer WPJ Perinatol. 2000). ჩვენ ვიცით, რომ ნაყოფის ეს გამოცდილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს შემდეგ ახალშობილის საპასუხო რეაქციების ჩამოყალიბებაში. ექსპერიმენტულ მანიპულაციას სანაყოფე სითხის სურნელით და დედის ხმის გაგონებით ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა ახალშობილის რეაქციებზე (Mennella JA, Johnson A, Beauchamp GK Chem Senses. 1995,) (Fifer WP, Moon CM Acta Paediatr Suppl. 1994).
დაბადებისას, სწორედ ეს ნაცნობი სმენითი და ყნოსვითი გამღიზიანებლები ეხმარება ახალშობილს მისთვის ახალ სენსორულ გამოცდილებებთან ადაპტაციაში, როგორიცაა ახალი ხმები, ტექსტურები, ტემპერატურა. საოცარია, როცა ახალშობილს აწვენენ დედის მუცელზე ის გადაინაცვლებს დედის მკერდზე, რადგან ეს არის ძლიერი წყარო დედის სურნელის და სანაყოფე სითხის სურნელის შეგრძნების (Varendi H, Porter RH Acta Paediatr. 2001). ცხოვრების პირველ დღეებში ჩვილები ორიენტირებულები ხდებიან დედის სურნელის მიმართ და მშვიდდებიან ამ სურნელის შეგრძნებით, ტირილის დროს (Marlier L, Schaal B, Soussignan R Child Dev. 1998), (Sullivan RM, Toubas PBiol Neonate. 1998,) (Rattaz C, Goubet N, Bullinger AJ Dev Behav Pediatr. 2005). აღნიშნული ქცევა მჟღავნდება სხვა დედების მიმართაც, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ საკუთარი დედის სურნელზე ჩვილები უფრო მეტად რეაგირებენ (Sullivan RM, Toubas PBiol Neonate. 1998). რომ შევაჯამოთ, ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ დედის სურნელი აწესრიგებს, აორგანიზებს ჩვილის ქცევას (Hofer M, Sullivan RM. Nelson C, Luciana M, editors. MIT Press; Cambridge, MA: 2001). ჩვილებს ასევე შეუძლიათ დედის ხმისკენ ორიენტაცია და საპასუხოდ ზრდიან ან ამცირებენ წოვის სიხშირეს დედის ხმის გაგონების სანაცვლოდ (DeCasper AJ, Fifer WPScience. 1980), (Moon C, Bever TG, Fifer WPJ Child Lang. 1992).
მნიშვნელოვანია, რომ ჩვილის ეს პასუხები დედის სტიმულებზე იწვევს დედის მხრიდან ზრუნვას. ჩვილსა და მზრუნველს შორის გაჩენილი ეს მიჯაჭვულობა ძლიერდება სწორედ ამ სოციალური ქცევების ერთმანეთთან ჰარმონიული შეკავშირებით, რადგან ჩვილიც და დედაც ერთმანეთს ეცნობიან და ერთმანეთისგან სწავლობენ.
დაბადებიდან რამდენიმე დღეში, ეს მიჯაჭვულობის ბაზისური ქცევა იცვლება, რადგან ჩვილი სწავლობს დედის სხვა მახასიათებლებსაც, როგორიცაა მისი სახე, სურნელი და ხმა (DeCasper AJ, FiferWPScience. 1980), (Schleidt M, Genzel C. 1990), (Moon C, Cooper RP, Fifer WP. 1993). თუ ახალშობილი უპირატესობას ანიჭებს სანაყოფე სითხის სურნელს დედის სურნელთან შედარებით, ეს მდგომარეობა მკვეთრად იცვლება უკვე ერთი კვირის შემდგომ (Marlier L, Schaal B, Soussignan RDev Psychobiol. 1998). საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩვილი, რომელიც ბოთლიდან იღებს საკვებს, ნაკლებად ანიჭებს უპირატესობას დედის სურნელს, იმ ჩვილებთან შედარებით, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან (Schaal B, Marlier L, Soussignan RBehav Neurosci. 1998), (Schaal B, Montagner H, Hertling E, Bolzoni D, Moyse A, Quichon RReprod Nutr Dev. 1980). თუმცა, პირველთაგანნი უპირატესობას მაინც დედის სურნელს ანიჭებენ შექმნილი, ხელოვნური ფორმულის სურნელთან შედარებით (Marlier L, Schaal B, Soussignan RDev Psychobiol. 1998), (Makin JW, Porter RH Child Dev. 1989). უნდა აღინიშნოს, რომ მზრუნველიც ასევე შეისწავლის ჩვილს: მის სახეს, ვოკალიზაციებს, შეხებას, სურნელს (Valanne EH, Vuorenkoski V, Partanen TJ, Lind J, Wasz-Höckert OExperientia. 1967), (Kaitz M, Lapidot P, Bronner R, Eidelman A, Arthur I. 1992).
ჯანმრთელი მიჯაჭვულობის მნიშვნელობა ბავშვის ემოციური და კოგნიტურ განვითარებისთვის
ყველასთვის ცნობილია, რომ მიჯაჭვულობა არის ის საშუალება რომლის საფუძველზეც ბავშვები სწავლობენ თავიანთი ემოციების და ქცევების ორგანიზებას, თავიანთი მზრუნველის ქცევის და მოქმედების მოდელის მიხედვით. ჯანმრთელი მიჯაჭვულობა წარმოადგენს მომავალში ემოციური კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანეს საფუძველს
ჯანმრთელი მიჯაჭვულობა ეხმარება ბავშვს, რომ გაუმკლავდეს სხვადასხვა სიტუაციებს: მშობლისგან განშორებას, შეძლოს სხვა ბავშვებთან თანამშრომლობა და განივითაროს თვითკონტროლის მექანიზმი. ასევე ბავშვი სწავლობს სხვა ადამიანებისადმი და სამყაროსადმი ნდობას, რაც მომავალში ჯანმრთელი ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველია. .
ამასთან, არსებობს ძალიან საინტერესო და საყურადღებო მოსაზრება, რომ ჩვილსა და მზრუნველს შორის ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობა არის მნიშვნელოვანი საფუძველი მომავალში ბავშვის სხვა სფეროების განვითარებისა და მათ შორის შემეცნებითი სფეროსიც (Bretherton,1985).
აღნიშნულ მოსაზრებას, სხვადასხვა თეორიული განმარტება უდევს საფუძვლად:
1. მიჯაჭვულობა - სწავლების ჰიპოთეზა
მზრუნველსა და ბავშვს შორის სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ბავშვები უკეთესად ბაძავენ უფროსებს, სწრაფად სწავლობენ და არ ეშინიათ ახალი გარემოს შემეცნება, რადგან ხელს არ უშლით არასანდო მიჯაჭვულობით გამოწვეული შფოთვა და დაუცველობის განცდა. სწავლების ნებისმიერი პროცესი თავისთავად გულისხმობს მეტ-ნაკლებად სტრესულ გარემოს, სადაც ბავშვს უწევს წარუმატებლობის შიშის გაკონტროლება და სჭირდება დახმარება მისთვის უცნობი სიტუაციის გარკვევაში . ასეთ სიტუაციებს სანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები უფრო უკეთესად უმკლავდებიან, ვიდრე არასანდო მიჯაჭვულობის მქონენი. სწავლების პროცესში თანმიმდევრული რეაგირება ხელს უწყობს სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას, რაც ამავდროულად აძლიერებს ბავშვის კომუნიკაციურ და ენობრივ უნარებს (Garsten, Coster, Schneider-Rosen, Carlson &Cicchetti,1986).
2. მიჯაჭვულობა - ძიების ჰიპოთეზა
აღნიშნული ჰიპოთეზის თანახმად, ბავშვებს შეაქვთ წვლილი თავიანთ შემეცნებით განვითარებაში. სანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვი უფრო მეტად თავისუფალი და გაბედულია გარემოს შესწავლასა და გამოკვლევაში, მიუხედავად იმისა, რომ გარემო შეიძლება იყოს არასტაბილური და გარკვეულწილად საშიშიც. სწორედ ახალი აღმოჩენები და წინააღმდეგობების დამოუკიდებლად გადალახვის უნარები აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციონირებას (Bretherton et al.,1979).არასანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვს ნაკლები აღმოჩენის და დაკვირვების უნარები აქვთ, ისინი ფრთხილობენ და ერიდებაინ გარემოს დამოუკიდებელ გამოვკლევას, რადგან კონცენტრირებულები არიან მიჯაჭვულობასთან დაკავშირებულ განცდებზე.
3. სოციალური კავშირების ჰიპოთეზა
აღნიშნული ჰიპოთეზა გულისხმობს იმ ფაქტს, რომ ბავშვს მზრუნველთან ჩამოყალიბებული, პირველადი მიჯაჭვულობის ხარისხი ეხმარება შემდგომ სხვა პირებთან (თანატოლები, სხვა უფროსები) ჰარმონიული, სანდო ურთიერთობების დამყარებაში, რაც თავისთავად ასტიმულირებს ახალი სოციალური უნარების გამომუშავებას. სანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები უკეთეს ჰარმონიულ ურთიერთობებს ამყარებენ მეგობრებთან, თანატოლებთან, მასწავლებლებთან (Sroufe, 1983). მათ უკეთ შეუძლიათ გარდაქმნან ეს ურთიერთობები ერთგვარ კოგნიტურ სტიმულაციად. არასანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვი უფრო თავდაცვით ან ამბივალენტურ მდგომარეობაშია, რაც ხელს უშლის თანატოლის ან უფროსის რესურსების და თავისი შესაძლებლობების ოპტიმალურად გამოყენებაში.
4. მიჯაჭვულობა - თანამშრომლობის ჰიპოთეზა
სანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვი უფრო მეტად ცდილობს თანამშრომლობას სტანდარტიზებული ტესტირებების დროს და აღნიშნულ სიტუაციას უყურებს როგორც თამაშს ტესტის ჩამტარებელთან (Main, 1973). აქედან გამომდინარე, სანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვი უკეთეს შედეგს იღებს, ვიდრე არასანდო მიჯაჭვულობის მქონე, რადგან უფრო მორცხვია და შფოთვის მაღალი დონე აქვს ტესტირების დროს (Garsten et al., 1986). არასანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვს მაღალმა შფოთვის დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს , ტესტის დავალებების სრულყოფილად შესრულებაში (Lamb, Thompson, Gardner & Carnov, 1985). მან შეიძლება ვერ აჩვენოს ისეთი შედეგი, რომელიც რეალურად შეესაბამება მის კოგნიტურ შესაძლებლობებს (Matas, Arend & Sroufe, 1978).
რამდენიმე კვლევა, რომელიც მიუთითებს სანდო და უსაფრთხო მიჯაჭვულობის მნიშვნელობაზე ბავშვის განვითარებაში.
კავშირი ჩვილობაში მიჯაჭვულობის ხარისხსა და ინტელექტის ქულას შორის
აღმოჩნდა, რომ სანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებს მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგები ჰქონდათ სკოლამდელი ასაკის ბავშვების ინტელექტის შესაფასებელ ტესტში არასანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებთან შედარებით, ხოლო დედის მუშაობის სტატუსს (15 სამუშაო საათი და დიასახლისი) არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა
ლონგიტიდური კვლევა სანდო მიჯაჭვულობასა და კითხვის უნარს შორის კავშირის შესახებ :
იკვლიეს ჩვილობაში, 24 თვის ასაკში, მიჯაჭვულობის ხარისხის კავშირი წინასასკოლო მოსამზადებელ ჯგუფში მყოფი ბავშვების კითხვის ინტერესთან და უნარებთან.. 3 წლის შემდეგ დედებმა შეავსეს კითხვარი, რომელიც ზომავდა კითხვისთვის საჭირო მზაობას. აღმოჩნდა, რომ სანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები ავლენდნენ მეტ ინტერესს წერილობითი მასალის მიმართ, არასანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებთან შედარებით, მიუხედავად ინტელექტის მაჩვენებლებისა და კითხვისთვის მოსამზადებელი ინსტრუქციების ინტენსივობისა (Bus AG, van Ijzendoorn MH.J Genet Psychol. 1988).
ლონგიტიდური კავშირები დედა - ჩვილის ურთიერთობებსა და თავის ტვინი განვითარებას შორის ჩვილობის პერიოდში
ეს კვლევა შეისწავლიდა ტიპური განვითარების ბავშვებში აღზრდაში განსხვავებების კავშირს თავის ტვინის განვითარებასთან. შეისწავლიდნენ დედა-შვილის წყვილებს როცა ჩვილები იყვნენ 5, 10, 24 თვის ასაკის. ყველა ვიზიტზე, იწერდნენ ბავშვის ელექტროენცეფალოგრამას (resting EEG) და ასევე ვიდეოზე იწერდნენ დედა-შვილის ინტერაქციას შედეგების მიხედვით. დედა-ჩვილის ინტერაქციისას მაღალი ხარისხის დედობრივი ქცევა (higher quality maternal behavior) წინასწარმეტყველებდა შუბლის წილის უფრო ძლიერ აქტივობას ელექტროენცეფალოგრამაზე უკვე 10 და 24 თვის ასაკში, ასევე, აქტივობის სიძლიერე იზრდებოდა 5 დან 10 თვის ასაკში და 10 დან 24 თვემდეს. ეს შედეგები მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომ დედის და ჩვილის ინტერაქციის ხარისხი შეიძლება ხელს უწყობდეს თავის ტვინის ჩამოყალიბებას ტიპური განვითარების ბავშვებში (Bernier, Bell, Calkins, 2016).
ჩვილის ძუძუთი კვების და სოციალური გარემოს გავლენა ნეიროპლასტიურობაზე და თავის ტვინის განვითარებაზე: პირველი 1000 დღე
არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ძუძუთი კვებას და სტიმულებით გამდიდრებულ გარემოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვილის თავის ტვინის განვითარებაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრი კვლევა შეგროვდა ძუძუთი კვების და მომავალში ინტელექტის მაღალი მაჩვენებლის კავშირზე. ნეირომეცნიერების შეხედულებით ძუძუთი კვება გავლენას ახდენს თავის ტვინის ოპტიმალურ განვითარებასა და ინტელექტის მაღალ მაჩვენებელზე მომავალში. მაგნიტურ-რეზონანსულმა ვიზუალურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებოდნენ, ჰქონდათ თავის ტვინის შედარებით დიდი მოცულობა და თეთრი ნივთიერების მიელინიზაციის მაღალი ხარისხი. ასევე ბავშვებს, რომლებიც იკვებებოდნენ ძუძუთი და ასევე ჰქონდათ დედასთან სენსორული კავშირი, ჰქონდათ უკეთესი შემეცნებითი განვითარება და ქცევა იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც ხელოვნური საკვებით იკვებებოდნენ. ლონგიტიდურმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ინტელექტის მაღალი მაჩვენებლები ზრდასრულს ასაკშიც ვლინდებოდა. შედეგებზე დაყრდნობით, ვლინდება, რომ ძუძუთი კვება და სხვადასხვა სტიმულებით გამდიდრებული გარემო მნიშვნელოვანია თავის ტვინის განვითარებისთვის და პირველი 1000 დღის გამოცდილება ადამიანს მომავალშიც მიყვება (Touraj Shafai, Monika Mustafa, Sandra Compsos and Lida Niake,2018).
ლიკა ჩიტაძე
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15
გამოყენებული ლიტერატურა:
1. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3223373/...
2. https://www.caringforkids.cps.ca/.../pregnancy.../attachment
3. https://onlinelibrary.wiley.com/.../j.1467-9507.1995...
4. http://local.psy.miami.edu/.../rdgs/emot/cdev12518.pdf...
5. https://cappa.net/.../building-a-secure-attachment-with.../