ენობრივი განვითარება

 

ენა არის ადამიანად ყოფნის მთავარი მარკერი, რომელიც ცხოველებისგან განგვასხვავებს (Berko-Gleason, 1997). ენა განისაზღვრება, როგორც ადამინების გარკვეული ჯგუფის მიერ სისტემურად და წესების მიხედვით დაორგანიზებული სიგნალებისა და სტრუქტურების ერთობლიობა, რომელიც კომუნიკაციის საშუალებაა.

ენა არის ორი სახის -  რეცეპტული და ექსპრესული. რეცეპტული ენა გულისხმობს წაკითხულის, გაგონილის, დაწერილის, ნათქვამის გაგებას, ხოლო ექსპრესული კი - წაკითხულის, გაგონილის, დაწერილის, ნათქვამის გამოხატვას, გადმოცემას.

თავის მხრივ, ენა მოიცავს ხუთ სტრუქტურულ კომპონენტს:

1. ფონოლოგია არის საუბრისას ენის ბგერებისა და მათი კომბინაციების გამოყენება.

2. სემანტიკა არის ენაში არსებული სიტყვები და მნიშვნელობები, რასაც ის სიტყვა ატარებს.

3. სინტაქსი გულისხმობს ენის გრამატიკულ წესებს, ანუ როგორ არის სიტყვები ფრაზებად და წინადადებებად კომბინირებული.

4. მორფოლოგია - მორფემების, ანუ ენაში მნიშვნელობის მქონე ყველაზე პატარა ნაწილის, (მაგ.: პირის ნიშნები, ბრუნვის ნიშნები, პრეფიქსები, სუფიქსები, მრავლობითი რიცხვის აღმნიშნელი ნაწილაკები და ა.შ.) გამოყენების წესებს მიემართება.

5. და ბოლოს, პრაგმატიკა არის უნარი, თუ როგორ შეგვიძლია ენის წესების დაცვით დავამყაროთ კომუნიკაცია სიტუაციის მიხედვით. პრაგმატული ენა გულისხმობს მისალმება-დამშიდობების, სასუვრელი ნივთის ან აქტივობის მოთხოვნის ცოდნას, დახმარების ან მეტი ინფორმაციის მოთხოვნას. ასევე პრაგმატული ენის ნაწილია მოსაუბრის მხრიდან იმის გააზრება, რამდენად ბევრი ან ცოტა ინფორმაციის გაზიარება სჭირდება მსმენელს, რომ გაიგოს სასაუბრო თემის არსი; თუ როგორი მანერით ვესაუბროთ მეგობარს, ბავშვს ან ავტორიტეტულ ფიგურას. ამასთან, როგორ ვაკონტროლოთ ხმის სიმაღლე გარემოს მიხედვით (მაგ.: თეატრში ვისაუბროთ ხმადაბლა, ხოლო თუ მსმენელი ვერ გაიგებს ნათქვამს გავუმეოროთ უფრო ხმამაღლა). გარდა ზემოთ აღნიშნულისა, პრაგმატული ენა არავერბალურ ენობირვ უნარებშიც გამოიხატება, მათ შორის: თვალით კონტაქტის ადეკვატურად გამოყენბა, სხეულის ენისა და სახის გამომეტყველების გაგება და გამოყენება, ჟესტების შესაბამისად გამოყენბა და გაგება, პირადი სივრცის ცნების გააზრება და პატივისცემა, მსმენლის ინტერესის ამოცნობა და სასაუბრო თემის მოდიფიცირება საჭიროების შემთხვევაში. პრაგმატული ენა მნიშვნელოვანია შემდეგ საკითხებშიც: სასაუბრო თემის წამოწყება - შენარჩუნება, საუბრისას ჯერის დაცვა, ადეკვატურად და სწორ დროს საუბრის პროცესში ჩართვა და შეწყვეტა, საუბრის თემის შეცვლა, მსმენლისთვის სასარგებლო და საკმარისი ინფორმაციის მიწოდება და ისეთი კითხვების დასმა, რომელიც მსმენლის გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს და მიესადაგება სასაუბრო თემას.

ზემოთ აღნიშნული ენის ხუთი კომპონენტი კომუნიკაციის სამ ასპექტად შეგვიძლია დავყოთ (Bloom & Lahey, 1978), ესენია:

1. მნიშვნელობა, კონტენტი;

2. ფორმა და

3. გამოყენება.

რას გულისხმობს თითოეული მათგანი? 

კომუნიკაციის პირველი ასპექტი „მნიშნელობა, კონტენტი“ გულისხმობს ენის სემანტიკურ კომპონენტს ანუ კონცეპტებსა და აზრებს, რომელიც კოდირებულია სიტყვებში. ენის კონტენტის განვითარება დაბადების მომენტიდან იწყება, პირველი წლის ბოლოს კი ბავშვების უმეტესობას შეუძლია მარტივი სიტყვების დასახელება, ენის სემანტიკური ნაწილის განვითარება არასდროს წყდება, ადამიანი მთელი ცხოვრების მანძლზე სწავლობს ახალ-ახალ სიტყვებს და ავითარებს ლექსიკურ მარაგს.

კომუნიკაციის მეორე ასპექტი, როგორც აღვნიშნეთ, არის „ფორმა“ ანუ სათქმელის გამოხატვის ხერხი. აქ იგულისხმება როგორც მეტყველება ასევე სხვა ფორმებიც, მათ შორის, ჟესტური ენა, ჟესტები, წერა, ხატვა, ცეკვა, სიმღერა, სურათებით კომუნიკაცია და სხვ. კომუნიკაციის ფორმას ენა გამოხატავს ფონოლოგიის, მორფოლოგიისა და სიტაქსის სახით. ბავშვები დაბადების მომენტიდან ცდილობენ საკუთარი ხმით ითამაშონ, გამოხატავენ სხვადასხვა ხმას, ღუღუნებენ, 6-7 თვის ასაკიდან კი ტიტინებენ (მაგ.: „მამამა“, „დადადა“), რაც აუცილებელი ეტაპია ნამდვილი ბგერების წარმოთქმის განვითარებისთვის. ამასთან, ბავშვები პირველი ორი წლის განმავლობაში ნელ-ნელა აღმოაჩენენ იმ წესებს, რომლის მიხედვითაც სიტყვების შეერთება შეუძლიათ ფრაზებისა და წინადადებების გამოსახატად. როგორც წესი, 5 წლის ასაკისთვის გრამატიკული წესების უმრავლესობა უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა ბავშვი სკოლაში კვლავაც აგრძელებს  უფრო რთული და კომპლექსური წესების ათვისებას.

რაც შეეხება „გამოყენებას“, იგი გულისხმობს ენის ფუნქციურ გამოყენებას კონტექსტის მიხედვით, იგივე რაც პრაგმატული ენა. ბავშვები მანამ სწავლობენ კომუნიკაციას, სანამ ენის ფორმებსა და მნიშნელობებს დაისწავლიან. შესაბამისად, ბავშვები დაბადების მომენტიდან ამყარებენ კომუნიკაციას თვალით კონტაქტის, ვოკალიზაციების (საკუთარი ხმების გამოცემა), ჟესტების კომბინირებით (Harding & Golinkoff, 1979). მართალია, თავდაპირველად ბავშვმა არ იცის რა მოჰყვება მის მიერ განხორციელებულ ქცევებს, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმზრდელისგან ყოველთვის იღებს უკუკავშირს  თავის ქცევაზე, სწავლობს როგორ მოიქცეს, როცა შია, სცივა, ან უბრალოდ ჩახუტება უნდა. ამ მომენტიდან იწყება ენის პრაგმატული ნაწილის ანუ კომუნიკაციის დანიშნულების განვითარება, რომელიც მოიცავს მოთხოვნის უნარის განვითარებას, უარყოფას, დასტურის გამოხატვას, მისალმებას, ნებართვის აღებას, მობოდიშებას, ხუმრობას, კითხვის დასმას,  ამბის მოყოლას და ყველა იმ უნარს, რომელიც პრაგმატული ენის აღწერაშია გამოხატული (იხ. ზემოთ). ამ უნარების განვითარება უმნიშნელოვანესია შემდგომი წარმატებული ცხოვრებისთვის. ამასთანავე, პრაგმატული ენის  ანუ ენის გამოყენებითი ნაწილის განვითარება იწყება ბავშვობაში და გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.


სტატიის ავტორი: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი ნატალია ჯამასპიშვილი

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15