როგორ ვუზრუნველვყოთ ბავშვის უსაფრთხოება? ის რაც ყველა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს
ბავშვზე ზრუნვა ფართო ტერმინია და თუკი შევეცდებით იმ ქცევების იერარქიზაციას, რომელებშიც ზრუნვა გამოიხატება აღმოჩნდება, რომ პირველ ადგილზე ბავშვის უსაფრთხოების დაცვა დგას. მხოლოდ ამის შემდგომ მოდის მისი საკვებით თუ განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოთი უზრუნველყოფა. მშობელი ვერ შეძლებს ბავშვის დაცვას ყველა საფრთხისგან. მისი ამოცანაა ასწავლოს მას, თუ როგორ მოიქცეს სხვადასხვა სახიფათო სიტუაციაში. ამ უკანასკნელის მისაღწევად აუცილებელია, რომ ბავშვს შეეძლოს სახიფათო სიტუაცის ამოცნობა და იცოდეს იმ ადამიანების შესახებ, ვისაც უნდა მიმართოს დასახმარებლად.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ბავშვი და ოჯახი განურჩევლად რასისა, რელიგიისა, სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსისა. ცნობილია, რომ:
მოძალადის სტრატეგია თითქმის ყველა შემთხვევაში ერთნაირია:
🟣შემთხვევათა უმეტესობაში მოძალადე ოჯახისთვის კარგად ნაცნობი ადამიანია. უფრო იშვიათია უცხო ადამიანების მიერ ბავშვის გატაცება და მასზე ძალადობა;
🟣შემთხვევათა უმრავლესობაში მოძალადე დასაწყისისთვის ცდილობს ბავშვის ნდობის მოპოვებას;
🟣შემდგომ ეტაპზე ის გამოცდის ბავშვის უნარს თუ რამდენად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, როგორ რეაგირებს „შემთხვევით შეხებებზე“, თუ სექსუალური შინაარსის ხუმრობებზე. ამოწმებს, ხომ არ არსებობს რისკი, რომ ბავშვმა ვინმეს უამბოს ამის შესახებ.
🟣შემდგომში სექსუალური შინაარსის შეხებები უფრო ხშირი ხდება. უმეტესად თამაშის დროს, რის გამოც ბავშვს უჭირს სიტუაციის სწორად იდენტიფიცირება; ბავშვების უმეტესობა ბოლომდე ვერც აცნობიერებს თუ რა ხდება მის თავს, მასზე სექსუალური ძალადობის შემდგომაც კი;
🟣მოგვიანებით მოძალადე ცდილობს ბავშვის ისეთ ფსიქოლოგიურ მანიპულაციას, რომ დაარწმუნოს, რომ ისიც ამ სიტუაციის თანამონაწილეა და პასუხისმგებელობა მასაც ეკისრება, რომ ეს მათი საიდუმლოა და არ შეიძლება ვინმესთან გამხელა, რადგან მშობლები ვერ გაუგებენ და გაბრაზდებიან. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ სახის ფსიქოლოგიური ძალადობა არაეფექტურია და ბავშვი კვლავ ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, მაშინ მოძალადე იწყებს მუქარას ბავშვისთვის საყვარელი ადამიანების მიმართ.
როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესაძლო შემთხვევა?
თუკი:
🟣ბავშვს ისეთი შინაარსის სექსუალური ცოდნა აქვს, რაც მისი ასაკისთვის არაბუნებრივია;
🟣აქვს ძილის სირთულე;
🟣ხშირად იცვლის გუნება-განწყობას - უკიდურესად კარგი ხასიათიდან, უცებ ხდება გულჩათხრობილი და მოწყენილი;
🟣აქვს აუხსნელი შიში გარკვეული ადგილების მიმართ;
🟣ცდილობს თავი აარიდოს გარკვეულ ადამიანთან კონტაქტს;
🟣უარესდება აკადემიური მოსწრება;
🟣ვლინდება უეცარი ტირილის, დამწუხრების შემთხვევები;
🟣მოულოდნელად ხდება ძალიან მიჯაჭვული ახლობელ ადამიანებზე;
🟣მისთვის უჩვეულოდ, მოულოდნელად იწყებს აგრესიის გამოვლენას და უჭირს ემოციების კონტროლი;
🟣მისთვის უჩვეულოდ ცდილობს ურთიერთობის დამყარებს მხოლოდ მასზე უმცროსი ასაკის ბავშვებთან;
ყველა ეს ცვლილება აუცილებლობით არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, თუმცა მშობელი უნდა იყოს ყურადღებით და ბავშვის ქცევის ნებისმიერი ცვილილების მიზეზი დაწვრილებით გამოარკვიოს.
როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვი უფროსის მხრიდან სექსუალური ძალადობისგან?
ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რომ ბავშვზე მოძალადეები უმეტეს შემთხვევაში ოჯახისთვის ახლობელი ადამიანები არიან, რომელსაც მშობლებიც და ბავშვიც ენდობიან. შესაბამისად, სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტისას ბავშვმა თავად უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ამას კი მოახერხებს იმ შემთხვევაში, თუკი მშობლისგან აღჭურვილია იმ უნარებით, რომელიც აუცილებელია საფრთხის ამოცნობისთვის და სწორი ადამიანებისთვის დახმარების თხოვნისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი მშობლის ამოცანაა პირველ რიგში:
🟣მოიძიოს მეტი ინფორმაცია ბავშვის უსაფრთხოების დაცვისთვის საჭირო სტრატეგიების შესახებ;
🟣ჰქონდეს ბავშვთან მჭიდრო, ნდობით აღსავსე ურთიერთობა - გაუზიაროს თავისი ყოველდღიური გამოცდილება, შთაბეჭდილებები და მოუსმინოს ბავშვსაც;
🟣აკონტროლოს ბავშვის გარემოცვა - ფლობდეს ინფორმაციას ბავშვის ადგილსამყოფელის, მეგობრების და იმ ადამიანების შესახებ ვისთანაც ის ურთიერთობას;
🟣უზრუნველყოს სახლში პირადი სივრცის არსებობა - სახლში უნდა არსებობდეს სივრცე ბავშვისთვის, სადაც სხვების თანდასწრების გარეშე შეუძლია გამოცვლა, შხაპის მიღება;
უფრო კონკრეტულად:
🟣დაეხმარეთ ბავშვს გააცნობიეროს, რომ მისი სხეული მისი საკუთრებაა - ადრეული ასაკიდანვე (4-5 წელი) წაახალისეთ ბავშვის დამოუკიდებლობა ჰიგიენის დაცვისას - დაბანა, გამოცვლა და ტუალეტის მოხმარება. აუხსნით, რომ ადამიანებს აქვთ სხეულის ნაწილები, რომლებიც განსაკუთრებით ინტიმურია. ეს ის ნაწილებია, რომელსაც საცურაო კოსტუმი ფარავს. აუხსენით ბავშვს, რომ „ჩვენ არ ვთამაშობთ თამაშებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ინტიმურ სხეულის ნაწილებთან“. „ჩემი სხეული ჩემი საკუთრებაა. მე შემიძლია მოვთხოვო ნებისმიერ ადამიანს არ ჩამეხუტოს, არ მომეფეროს თუკი ეს არ მსურს ან მომწონს“.
🟣ასწავლეთ უარის თქმა - ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ უფროსებისადმი პატივისცემის გამოხატულება არ გულისხმობს მათი ნებისმიერი თხოვნის შესრულებას. მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი დამოკიდებულების მკაფიოდ გამოხატვა (არა! გაჩერდი! არ მომწონს! არ მინდა!).
🟣ესაუბრეთ საიდუმლოებების შესახებ - აუხსენით რა ტიპის საიდუმლო ითვლება მისაღებად და უსაფრთხოდ და რა შემთხვევაშია სიტუაცია არაჯანსაღი. „არავის აქვს უფლება მომთხოვოს საიდუმლოს შენახვა, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში თუ ეს მასევდიანებს და მაშინებს“.
🟣აუხსენით როგორია ჯანსაღი ურთიერთობები უფროსსა და ბავშვს შორის - ესაუბრეთ რას ნიშნავს ჯანსაღი და არაჯანსაღი მეგობრობა. მოძალადეები უმეტესად იყენებენ მეგობრობას ბავშვთან დაახლოებისა და მისი მანიპულაციისთვის.
🟣ასწავლეთ ბავშვს საკუთარი ემოციების ამოცნობა - ყოველდღიურ ურთიერთობებში გაუხმოვანეთ ბავშვს მისი ემოციები, რათა ის ყველა სიტუაციაში მიხვდეს თუ რას გრძნობს. „შენ ახლა გაბრაზებული ხარ“, „თავი უხერხულად იგრძენი“ და ა.შ.
🟣ესაუბრეთ და ერთად განსაზღვრეთ მისთვის სანდო ადამიანები - ბავშვმა უნდა იცოდეს მისი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიმართოს ნებისმიერ დროს, მცირე დისტრესის შემთხვევაშიც კი. ესენი შეიძლება იყვნენ, მაგალითად: დედა, მამა, უფროსი და-ძმა. ერთად განსაზღვრეთ ამ ადამიანების სია. მან უნდა იცოდეს, რომ „მე მყავს 3-5 ადამიანი, რომელსაც შემიძლია ვესაუბრო თუკი შეშინებული ვარ, განსაკუთრებით ჩემი სხეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“. „მე უნდა ვესაუბრო მათ იმ შემთხვევაშიც, კი თუკი მეშინია თქმა, თუნდაც სხვისი მუქარის გამო. უნდა ვიცოდე, რომ არასდროს არის გვიან და მე არ უნდა ვიყო საკუთარ დარდთან და სირთულეებთან მარტო“.
🟣აუხსენით ბავშვს, რომ აუცილებლად მოგმართოთ თქვენ, ან მისი ნდობით აღჭურვილ რომელიმე ადამიანს თუკი ვინმე დაარღვევს მის პერსონალურ სივრცეს. უთხარით, რომ პირადი სივრცის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შემდეგში: თუკი უფროსი -
🟣ადამიანი გამოთქვამს სურვილს შეეხოს ბავშვის ინტიმურ ადგილებს ან მოსთხოვს მის სხეულის ნაწილებზე შეხებას;
🟣გამოხატავს სურვილს შეხედოს ბავშვის სხეულის ნაწილებს;
🟣სთხოვს შიშველი ფოტოს გადაღებას;
🟣დაუწყებს სექსზე საუბარს ან ეტყვის სექსუალური შინაარსის ხუმრობებს;
🟣თავს აგრძნობინებს არაკომფორტულად, შეშინებულად და არაუსაფრთხოდ;
🟣სექსუალური ძალადობის ფაქტის ამოცნობის შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს და სპეციალისტებს;
მითი და რეალობა ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ
არსებობს რამდენიმე მითი, რომელიც არსებობს ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტის ირგვლივ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ნებისმიერი წევრი სწორად იყოს ინფორმირებული.
მითი 1: სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან ის ბავშვები, რომელთაც უყურადღებო მშობლები ჰყავთ.
სიმართლე: ბუნებრივია, რომ ბავშვის უსაფრთხოების დაცვა მშობლის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა, თუმცა მათი შესაძლებლობები შემოსაზღვრულია. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ოჯახი მიუხედავად რასისა, რელიგიური მრწამსისა, სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსია. ამ სიტუაციაში კი მოძალადე არის ის ვისაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ჩადენილ დანაშაულზე.
მითი 2: ბავშვზე სექსუალური ძალადობის განმხორციელებლები მხოლოდ უცნობები არიან;
სიმართლე: დადასტურებულია, რომ 70-90%-ის შემთხვევაში მოძალადეები ოჯახისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ადამიანები არიან, მათ შორის მეგობრები, მასწავლებლები და ოჯახის ახლო ნათესავები.
მითი 3: ადამიანი, რომელმაც იძალადა ერთ ბავშვზე საფრთხეს არ წარმოადგენს სხვა ბავშვებისთვის.
სიმართლე: ბავშვზე სექსუალური ძალადობა იშვითად გულისხმობს მხოლოდ ერთ ბავშვზე ძალადობას. უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანს სხვა ბავშვების მიმართაც ჰქონებია ან ექნება მსგავსი მცდელობა.
მითი 4: ბავშვების „გამომწვევი“ ქცევა უბიძგებს მოძალადეს ძალადობისკენ.
სიმართლე: არცერთ ბავშვს არ სურს იყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ნებისმიერ მოზრდილს აქვს უფრო მეტი ფიზიკური ძალა და შეუძლია ბავშვზე ფსიქოლოგიური მანიპულაცია.
მითი 5: ბავშვი არ ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, რათა შეჩერდეს მასზე სექსუალური ძალადობის ფაქტი ან ფაქტები;
სიმართლე: ბავშვის პირველი, ბუნებრივი რეაქციაა გაშეშება. ის ვერ ახერხებს მისი ძალის ფარგლებში წინააღმდეგობის გაწევას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოძალადე წინასწარ ზრუნავს ბავშვის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევაზე, მისი ფსიქოლოგიური მანიპულაციისა თუ დაშინების გზით.
მითი 6: ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვს მოსწონს უფროსების მხრიდან მისდამი გამოხატული სექსუალური ინტერესი;
სიმართლე: ბავშვის მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი სახის სექსუალური ინტერესი მისთვის დამაზიანებელია. ეს იწვევს შიშს, დაბნეულობას, სირცხვილის, დანაშაულის განცდას და აქვს ხანგძლივი, გამოუსწორებელი შედეგები.
მითი 7: ბავშვები ტყუიან, როდესაც საუბრობენ უფროსის მხრიდან მათდამი სექსუალური შინაარსის ქმედების შესახებ.
სიმართლე: შემთხვევათა 98% ბავშვები ამბობენ სიმართლეს.
მითი 8: ბავშვებს სწორად არ ესმით სიტუაცია და შესაძლოა უფროსის მათდამი ქმედება არასწორად შეაფასონ;
სიმართლე: ბავშვის მიმართ სექსუალური შინაარსის ქმედება იშვიათად იწყება გაუპატიურებით. ამ ფაქტს უმეტესად წინ ახლავს უფროსის მხრიდან თითქოს „შემთხვევითი შეხების“ მოვლენები. ბავშვები ყოველთვის სწორად გრძნობენ, რომ რაღაც მათ ირგვლივ სწორად არ ხდება. მშობლებმა ბავშვის მიერ ნათქვამ ნებისმიერ სიტყვა ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვონ.
აუცილებლად საგულისხმოა სახელმწიფოს როლიც, რომელიც უნდა ზრუნავდეს მშობლებისა და ბავშვების გაძლიერებაზე, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შემთხვევების პრევენციაზე.
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი:
ირინე დოღაძე
მშობელს დამატებით შეუძლია გაეცნოს:
Canadian Centre for Child Protection, Parent Guide: Prevent Child Sexual Abuse, 2012;
Bravehearts Foundation LTD, Personal Safety, Patent’s Guide, 2018;
Jay Sanders, My Body Safety Rules: Talking to Your Kids About Consent, 2015